„ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, ეს არ არის რიგითი საკადრო გადაადგილება"
ნატალია ჯვარიძე
(09.08.2024)

14-წლიანი პაუზის შემდეგ სერგეი შამბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დაუბრუნდა. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამის მიზეზად რუსეთის სურვილს და აფხაზეთში საკადრო კრიზისს უკავშირებს. მიაჩნია, რომ შამბას ამ პოსტზე დანიშვნა კარგია, თუმცა არა ჩვენი არჩევნების წინ.

„მიმაჩნია, რომ კარგია შამბას დანიშვნა, რადგან გონივრული პოლიტიკა იქნება და მეტ-ნაკლებად ზომიერი, თუ ქართული მხარე გამოეხმაურება, მაგრამ არა არჩევნების წინ. თუ წინასაარჩევნოდ მან გააჟღერა განცხადებები, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებები სურს და ეს უახლოეს 1-2 კვირაში მოსალოდნელია მოხდეს, მაშინ ეს შემოგდებული თემა იქნება, რათა მიამიტი ქართველი ამომრჩევლები ანკესსზე წამოაგონ, რომ არიქა ხომ ხედავთ რაღაც მოლაპარაკებები დაიწყო. რა თქმა უნდა, ეს იქნება ყველაზე ცუდი ვარიანტი, უარესებს შორის. ამიტომ ერთი მხრივ, მე მივესალმებოდი მის ამ პოსტზე დანიშვნას, თუმცა არა არჩევნების წინ", - აღნიშნავს ზაქარეიშვილი.

დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ შამბას დანიშვნას 6 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო 7 აგვისტოს „მინისტრი" კოლექტივს ბჟანიას მოადგილემ, ბადრა გუნბამ წარუდგინა.

„ჩვენ ყველამ მშვენივრად ვიცით, რომ სერგეი მირონოვიჩმა - აფხაზი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილემ, ომის შემდგომ პერიოდში არსებითი წვლილი შეიტანა ჩვენი სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში", - თქვა გუნბამ და დაამატა, რომ შამბას "დიპლომატიურობა, პროფესიონალიზმი და გამოცდილება" ყოველთვის საჭირო და სასარგებლო იყო.

სერგეი შამბა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე მესამედ გახდა. 1997 წლიდან, ჯამში, ამ პოსტზე 13 წლის განმავლობაში მუშაობდა.

შამბას საქართველოსთან მოლაპარაკების სურვილი ყოველთვის ჰქონდა და ამისთვის აფხაზური საზოგადოება ხშირად კიცხავდა. 2023 წლის ნოემბერში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (დევნილობაში) დეპუტატს, ვახტანგ ყოლბაიას ვიდეოჩართვით ესაუბრა და ამისთვისაც გაკიცხეს. საუბარს ჟურნალისტი უძღვებოდა.

ამ შეხვედრაზე შამბამ თქვა, რომ „საჭიროა კავშირების სხვადასხვა არხების ამოქმედება" და, რომ „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი შვილებსა და შვილიშვილებს არ უნდა გადაეცეს":

„მე არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე და აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს არ მოსწონს ჩემი პოზიცია, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ არის პრობლემა, პირველ რიგში უნდა ისაუბრო. არ არსებობს მეზობელი, ახლობელი ან თუნდაც მონათესავე ხალხები, რომლებსაც ერთმანეთთან არ უომიათ. მთელი ევროპა ამის მაგალითია", - აცხადებდა შამბა.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, შამბას დანიშვნის პირველი მიზეზი რუსეთის სურვილი იყო, იგი აფხაზებისთვის არ იყო მისაღები, თორე რუსებს არ ავიწყდებოდათ. დარმუნებულია, რომ მოსკოვმა შესთავაზა ბჟანიას მისი დანიშვნა და არა პირიქით.

„სხვათაშორის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ეს არ არის რიგითი საკადრო გადაადგილება. მის ე.წ. მინისტრად დანიშნვას რამდენიმე მიზეზი აქვს, პირველი მაინც რუსული ფაქტორია, ეს ვერ მოხდებოდა არა რუსეთთან შეთანხმება, არამედ მათი სურვილი რომ არ ყოფილიყო. შამბა მაინც ითვლება ზომიერ, გონიერ პოლიტიკოსად. აფხაზეთში ორი ტიპის პოლიტიკოსები არიან: „პრორუსები" და „პროაფხაზები". მაგალითად იქამდე ვინც იყო, ინალ არძიმბა გამოკვეთილად არაზომიერი თავგამოდებული პრორუსი იყო, პრინციპში პრორუსია კი არა რუსი პოლიტიკოსი იყო, მარტო გვარი ჰქონდა აფხაზური. შამბა კი „პრორუსია", მას ძალიან უყვარს აფხაზეთი, დარდობს მასზე, მაგრამ მიაჩნია, რომ რუსეთის გარეშე აფხაზეთი დაიკარგება და არ შეიძლება საქართველოს ხელში ჩაუგდოს. ანუ, მისი აზრით, რუსეთი არის მთავარი მფარველი. ამიტომაც არის „პრორუსი".

ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში საკადრო კრიზისია და მეორე მიზეზი მისი „მინისტრად" დანიშვნის ეს იყო. რა კი დადგა აფხაზეთი ამ კრისიზის წინაშე, დარწმუნებული ვარ, რუსეთმა ე.წ პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შესთავაზა, რომ კარგი იქნება თუ შამბას დანიშნავთ და არა პირიქით, ბჟანიამ შესთავაზა მოსკოვს", - თქვა ზაქარეიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, შამბა ძალიან გამოცდილი და გონიერი პოლიტიკოსია, მან ქართულ-აფხაზური ურთიერთობები ბევრ ქართველ პოლიტიკოსზე კარგად იცის და რაც მთავარია, მას თბილისთან მოლაპარაკების სურვილი აქვს, თუმცა მან ისიც თქვა, რომ ამ პერიოდში (არჩევნების წინ) ცუდი ნაბიჯია.

„შამბა პოლიტიკიდან არასდროს არ იკარგებოდა, ახლა უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, მანამდე „პარლამენტის" დეპუტატი, ანუ ის მუდმივად პოლიტიკაშია და ეს რუსეთის დამსახურება უფროა, ვიდრე აფხაზური საზოგადოების იმისათვის, რომ ის არ დაკარგონ. შამბა ბევრ აფხაზს არ მოსწონს და დასცინიან, სულ რომ არ ყოფილიყო და პენსიაზე გასულიყო, არავის გაახსენდებოდა, სამაგიეროდ რუსეთს არ ავიწყდება. ის არის ძალიან გამოცდილი და გონიერი პოლიტიკოსი. მან როგორც იცის ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, საქართველოს ხელისუფლებაში არც ერთმა პოლიტიკოსმა ასე არ იცის, ის უნიკალურია, ნებისმიერ დღევანდელ პოლიტიკოსს ჯიბეში ჩაისვამს. დღეს პოლიტიკაში თავისი ცოდნით და გამოცდილებითაა და ყველას, ვინც ზედაპირულად იცის ხმას ჩააკმენდინებს, მან ყველაფერი დეტალებში იცის.

ასე რომ, რადგან არძინბას მოუწია წასვლა შამბა იდეალური და რეალური კადიდატი იყო. ვთავქთ, რომ ეს მოულოდნელი იყო არასწორია, რადგან 2-3 თვეა მასზე ლაპარაკაბობდნენ.

შამბა მოლაპარაკებების მომხრეა და მიმაჩნია, რომ ეს კარგია, მაგრამ დღეს ჩვენთან არჩევნების წინ მის მიერ გაჟღერებული ფრაზა, რომ ჩვენ თანახმა ვართ საქართველოს ველაპარაკოთ და თბილისმა დაუდასტუროს, ეს იქნება ცუდი ვარინტი, რადგან ამით არარსებული რეალობის ილუზია შეიქმნება, ვითომ რაღაც სერიოზული მოლაპარაკება იწყება. ღმერთმა ქნას, რომ დაიწყოს, თუმცა არა წინასაარჩევნო კამპანიის დროს და არჩევნების შემდეგ ყველა მიხვდება, რომ ეს ბლეფი იყო", - განაცხადა პაატა ზაქრეიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე