ელზა პაპოშვილი
(08.08.2024)

არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა - როგორ მოხდება საარჩევნო სიების დაკომპლექტება რამდენად შესაძლებელია ეს პროცესი ახალი პოლიტიკური სკანდალების საფუძველი გახდეს. ამის ნათელი მაგალითი კი „ევროპულ საქართველოში“ მომხდარი კონფლიქტია, როცა საარჩევნო სიის გამო, თამარ ჩერგოლეიშვილმა და გიგა ბოკერიამ საკუთარი პარტია დატოვეს.

ანალიტიკოსებს მოლოდინი აქვთ, რომ მსგავსი დაპირისპირება სხვა ოპოზიციურ ჯგუფებსა და პარტიებშიც დაიწყება და რაც უფრო  მოახლოვდება არჩევნები, სიტუაცია მით უფრო გართულდება. თუმცა, იგივე სირთულეს ნაკლებად ელიან „ოცნების“ საარჩევნო სიის გარშემო, რადგან მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდის სიას ძირითადად ბიძინა ივანიშვილი დააკომპლექტებს. ამიტომ სამთავრობო ჯგუფებს შორის დაპირისპირება ამის გამო ნაკლებად მოსალოდნელია. 

ოპოზიციურ კოალიციებში კი, მათი შეფასებით, განსხვავებული ვითარებაა. იქ სააღცევნო სიის პირველ ათეულში მოხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, რის გამოც დაპირისპირება პრაქტიკულად გარდაუვალია.

უკვე არსებობს იმის პირდაპირი და ირიბი ნიშნები, რომ საარჩევნო სიების შედგენის პროცესი უკვე დაწყებულია და ამ მხრივ ცალკეულ პარტიებსა თუ გაერთიანებებში გარკვეული აზრთა სხვადასხვაობაა. მაგალითად, პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ თავის ბოლო განცხადებაში მოითხოვა, რომ ენმ-ის სიის პირველი ნომერი მისი ნდობით აღჭურვილი პირი სოფო ჯაფარიძე იყოს, თუმცა პარტიის მენეჯმენტმა ეს მოწოდება საერთოდ უყურადღებოდ დატოვა.

ექსპერტთა აზრით, საარჩევნო სიის პირველი ათეულის შედგენა საკმაოდ პრობლემატური იქნება „ლელოს“ გარშემო შექმნილ გაერთიანებაშიც, სადაც მრავალი ლიდერია თავმოყრილი და ზოგიერთ მათგანს შორის გარკვეული პირადი კონფლიქტიც არსებობს. მაგალითად, ცნობილია, რომ ანა ნაცვლიშვილსა და სალომე სამადაშვილს შორის ურთიერთობა დაძაბულია. ეს შესამჩნევი არაერთხელ გახდა საჯაროდაც, როცა მათ მედიის თანადსწრებით ბრიფფინგის ჩატარებაზე კონფლიქტი  მოუვიდათ. 

ანალიტიკოსთა აზრით, სიის ფორმირება შეიძლება გართულდეს „ახალშიც“. პარტიის თანათავმჯდომარე ნიკა მელიას „ახალში“ ენმ-ის ლიდერთა ნაწილიც გაჰყვა, რომელთაც შესაძლოა გამსვლელ სიაში მოხვედრის ამბიცია ჰქონდეთ, თუმცა გაერთიანების სხვა ლიდერები სხვანაირად ფიქრობდნენ.

ანალიტიკოსთა შეფასებით, მსგავსი პრობლემა ნაკლებად მოსალოდნელია მმართველ პარტიაში, სადაც სიას, სავარაუდოდ, „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შეადგენს.

ოპოზიციის საარჩევნო სიები და მოსალოდნელი კონფლიქტები  

ანალიტიკოსი გია ბაშიძე დარწმუნებულია, რომ „ევროპული საქრათველოს“ მსგავსად სკანდალების  სერია, საარჩევნო სიების გამო, ოპოზიიცის ახლად შექმნილ კოალიციებშიც დაიწყება.  

„ჩვენს ოპოზიციაში ძალიან ეგოცენტრული პოლიტიკური ლიდერები არიან, რომლებიც უკვე ცნობილია, რომ ურეიტინგო ოპოზიციური პლატფორმებიდან გააგრძელებენ ბრძოლას. ეს ხალხი საკუთარ თავს უქმნიან ცრუ იმედებს და მოლოდინებს. ამიტომ, რასაკვირველია,  საკუთარ ამომრჩეველსაც ტოტალურად ატყუებენ. 

„ელემენტარულად რომ გადავხედოთ საარჩევნო მათემატიკას, სხვადასხვა კვლევებით ჩანს, რომ ეს მცირე პარტიები, „ნაცმოძრაობის“ გარდა, იქნება  „ლელო“, გვარამია-მელიას „ახალი“ თუ სხვა, ჯერჯერობით 5%-იანი ბარიერისგან შორს არიან. ამავე საარჩევნო არითმეტიკის მიხედვით, კი, 5%-იანი ბარიერის გადალახვა დაახლოებით 7-8 დეპუტატს ნიშნავს. 

ახლა როგორ გგონიათ, თუნდაც ეს რადიკალი ურეიტინგო პოლიტიკოსები როგორ მოხდებიან სიის ათეულში? მაგალითად, როგორ დაკომპლექტდება „ლელოს“ პარტიული სია? იქ ხომ 8-ზე მეტ ადამიანს აქვს ამბიცია რომ პარლამენტში მოხვდეს? ახლა მათ დაემატა ალეკო ელისაშვილი, ანა დოლიძე და „ენჯეოშნიკების“ გაერთიანება „თავისუფალი მოედანი“. ამ პარტიას ყველა კვლევებით 5%-ის გადალახვა უჭირს. 

„ახლა გადავხედოთ ხალხს ვინც მათ დაემატათ - ამბიციებთან შესაბამისი რეიტინგი აქვთ? რა უნდა შემატონ ამ პარტიას. ამიტომ ველი რომ „ლელოში“ იგივე მოხდება, რაც „ევროპულ საქართველოში“, - ამბობს აბაშიძე. 

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ახალს“, აქაც აბაშიძე ფიქრობს, რომ სიტუაცია დრამატულად განვითარდება. იქნება კარის მოჯახუნება და დაპირისპირება წინასაარჩევნოდ პიკს მიაღწევს.

„განვიხილოთ „ახალი“, რომელსაც შეუერთდა „დროა“ და ზურაბ ჯაფარიძე. თავად მელია, გვარამია და ეს ორი ლიდერი - ხოშტარია და ჯაფარიძე, უკვე 4 კაცია. ახლა ყველა მათგანს ხომ ჰყავთ თითო სანდო კაცი, რომელიც ასევე სიის ათეულში უნდა მოახვედრონ - ესეც 8 კაცი. ახლა შევხედოთ მელიას მიერ „ნაციონალებიდან“ წაყვანილ ხალხს, რომლებსაც მოლოდინი აქვთ, რომ სიაში მოხვდებიან. ამ ხალხს საარჩევნოდ ხმების მობილიზებისთვის და პარტიულ საქმიანობაზე დაარბენინებენ. აქაც გარდაუვალია დაპირისპირება. 

„ყველაზე მძიმე სიტუაცია კი „ნაციონალებშია“. აქ საკუთარი ინტერესები აქვთ როგორც მიხეილ სააკაშვილს, ასევე დავით კეზერაშვილს. ვიცით, რომ კეზერაშვილი სიის ათეულში უკვე ადგილებს მილიონერ ბიზნესმენებზე ჰყიდის. სააკაშვილს თავისი ამბიციები აქვს და აგერ სოფო ჯაფარიძე სიის პირველ ნომრად მოითხოვა. აქვე არიან ლევან ხაბეიშვილის ხალხი, რომლებიც გამოიყენეს და მერე ჩააჩოჩეს. ასევე ბოკუჩავა და მისი გუნდი. ასევე არ დაგვავიწყდეს ორთოდოქსი მისშისტები, რომლებიც ჯერ ჩუმად არიან. მოკლედ, აქაც ძალიან დიდი დაპირისპირებაა მოსალოდნელი. ამიტომ დაველოდოთ მოვლენები საინტერესოდ  განვითარდება“, - ამბობს აბაშიძე. 

როგორ შეიძლება საარჩევნო სიების ირგვლივ მოვლენები  „ქართული ოცნებაში“ განვითარდეს? 

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან“ ფიქრობს, რომ მმართველ პარტიაში სიტუცია რადიკალურად განსხვავებულია, რადგან საარჩევნო სიას ბიძინა ივანიშვილი შეადგენს. მისივე აზრით, ამ სიაში ძირითადად „ოცნების“ მოქმედი დეპუტატები შევლენ.

„ვფიქრობ, რადგან ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უკვე ღიად შემობრუნდა, საარჩევნო სიას ის შეადგენს. მგონია, რომ პარტიაში ბევრმა უკვე იცის, თუ ვინ მოხვდება ამ სიაში. ამის მიზეზი კი „გამჭვირვალობის კანონია“ - ივანიშვილმა სწორედ ეს პირობა მისცა „ოცნებას“ ყველა დეპუტატს, რომლებმაც ამ კანონს დაუჭირეს მხარი. ამიტომ სიის რადიკალურ ცვლილებებს არ ველი. 

„გვახსოვს 2016 წელს, როცა კვირიკაშვილმა დააკომპლექტა ძირითადად საარჩევნო სია და შემდეგ მისი გუნდის ბევრმა წევრმა დატოვა კიდევაც „ოცნება“. 2020 წელსაც ივანიშვილი ნაკლებად მგონია, რომ სიის დაკომპლექტებაში მონაწილეობდა. წელს უფრო ველი, რომ ჩაერევა. უფრო სწორად, დარწმუნებული ვარ, მთლიანად თავად შეადგენს ამ სიას.   

„რაც შეეხება სიის პირველ ნომრებს. მე მაინც ველი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იქნება სიის პირველი ნომერი. ირაკლი კობახიძე მაინც დროებითი ფიგურა მგონია მის (ივანიშვილის) პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე. ღარიბაშვილს ყველაზე მეტად ენდობა და ეს არაერთხელ გამოჩნდა. თანაც მას პარტიის შიგნით უფრო დიდი გვლენა აქვს ვიდრე კობახიძეს. მეორეც, ასევე მას ძველი ელქტორატის მოზიდვა შეუძლია. ამიტომ კობახიძეზე ფსონს ნაკლებად დავდებ. 

„ვიცით ასევე, რომ „ხალხის ძალიდან“ იქნებიან სიაში. ამიტომ „ოცნების“ სია ბევრად გარკვეული მგონია და არ ველი მის გარშემო რაიმე მწვავე დაპირისპირებას. რა თქმა უნდა, რაღაც წყენა ყოველთვის იქნება, მაგრამ არა სერიოზული, რომ ამან გუნდის შიგნით განხეთქილება შეიტანოს“, -ამბობს ჩიტაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე