ნატალია ჯვარიძე
(08.08.2024)

აფხაზეთში სერიოზული სკანდალი აგორდა, რომელსაც, შესაძლოა, პოლიტიკური შედეგებიც ჰქონდეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფხაზეთში ჩასულ ქართველ დევნილს მშობლიურ სახლში სტუმრობისას შელაპარაკება მოუვიდა იქ შესახლებულ ოჯახთან. ქართველმა დევნილმა აფხაზეთის ტერიტორია უკვე დატოვა, თუმცა სკანდალი ამით არ დასრულებულა, რადგან ამ ინციდენტის უკან დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი და მისი ოჯახი დგას.

საუბარია რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენ ერასტი ბუკიაზე, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია. დაახლოებით ერთი კვირის წინ ის აფხაზეთში დაკრძალვაზე იყო ჩასული და თავისი მშობლიური სახლიც მოინახულა. აფხაზეთში განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია მისმა განცხადებამ, რომ ის აუცილებლად დაბრუნდება საცხოვრებლად აფხაზეთში და „აფხაზეთი საქართველოა".

აფხაზური წყაროების ცნობით, ომის ვეტერანთან ჯგუფები მომხდარში მთავარ დამნაშავედ მიიჩნევენ იმ აფხაზს, რომელმაც შესაბამის დე ფაქტო ორგანოებს ბუკიას აფხაზეთში შეშვების თხოვნით მიმართა და მას, ასე ვთქვათ, თავდებში დაუდგა. ეს კი ახლახანს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნული სერგეი შამბას ვაჟი გახლავთ.

ექსპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ ეს იყო პროვოკაცია სწორედ სერგეი შამბას დისკრედიტაციის მიზნით. მისივე შეფასებით, ყველა ის განცხადება, რომელიც აფხაზეთში „პროვოკაციად" აღიქვეს, ერასტი ბუკიამ დაჟინებული კითხვების საპასუხოდ გააკეთა.

„ამ თემაზე მას არ წამოუწყია ლაპარაკი. ჩასაფრებული ადამიანის მიერ დასმული კითხვები იყო და ის იძულებული გახდა ეთქვა ის, რასაც ფიქრობდა, თუმცა ამის თქმის უფლებას აძლევდა ის, რომ გვერდზე საკმაოდ სერიოზული და გავლენიანი პიროვნება ედგა. ვინც ის შეკითხვები დასვა, როგორც ჩანს, ოპოზიციასთან არის აფილირებული და აწყობდა, რომ მომხარიყო არა ერასტის დისკრედიტაცია, არამედ იმ ხალხისა, შამბა იყო იქ და სხვები. ამიტომ მოხდა ეს ინციდენტი", - განაცხადა

ყოფილ სახელმწიფო მინისტრსა და კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილ კი მიაჩნია, რომ ამ ინციდენტის შემდეგ შესაძლოა აფხაზეთში ქართველების ჩასვლა მნიშნელოვნად გართულდეს:

„მან ყველაფერი სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა და აფხაზების გაგებით, რაღაც გამომწვევი ნაბიჯი გადადგა. ცოტა არ იყოს საფრთხის წინაშე დააყენა დანარჩენი ქართველები".

ინციდენტის დეტალები

პირველი ცნობები მომხდარის შესახებ აფხაზურ „ტელეგრამ" არხებში 5 აგვისტოს გაჩნდა. მათი ინფორმაციით, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ერასტი ბუკია, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია და ორმაგი - საქართველოს და რუსეთის მოქალაქეობა აქვს, აფხაზეთში იყო ჩასული. ყველა ქართველს, რომელიც აფხაზეთში ჩადის, ე.წ. საზღვარზე სჭირდება რომელიმე მეტნაკლებად გავლენიანი აფხაზის რეკომენდაცია. ბუკიას რეკომენდატორი იყო მოსკოვში აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო წარმომადგენლის ხელმძღვანელის მოადგილე ორხან შამბა.

აფხაზური წყაროების ცნობით, ბუკია უნდა ჩასულიყო სოხუმში დაკრძალვაზე და დაკრძალვის შემდეგ უკან რუსეთში უნდა დაბრუნებულიყო. დე ფაქტო უშიშროებამ გადაამოწმა ბუკიას ვინაობა, დაადგინეს, რომ იგი ომამდე აფხაზეთში ცხოვრობდა, თუმცა საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია და რუსეთში გადასახლდა. საბოლოოდ, მას აფხაზეთში ჩასვლის ნება დართეს.

თუმცა, დაკრძალვის შემდეგ ბუკია მაშინვე არ დაბრუნდა რუსეთში. იგი გაემგზავრა გაგრის რაიონის სოფელ ცანდრიპშში, სადაც ომამდე ცხოვრობდა და მივიდა თავის მშობლიურ სახლში, რომელიც ომის შემდეგ, როგორც საბრძოლო ნადავლი, სხვა ოჯახს აქვს დაკავებული.

აფხაზური წყაროების ცნობით, ოჯახის უფროს სომეხი ეროვნების მამაკაცსა და ბუკიას შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც ბუკიამ განაცხადა, რომ აუცილებლად დაბრუნდება საცხოვრებლად აფხაზეთში და „არ არსებობს არანაირი აფხაზეთი, არსებობს მხოლოდ საქართველო".

ეს ინციდენტი აფხაზეთში მალევე გახმაურდა და სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია. დე ფაქტო ძალოვნებმა ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს ბუკიას რეკომენდატორი ორხან შამბა. მან დაკითხვაზე თან მიიყვანა თავად ბუკია. მოკლე საუბრის შემდეგ, როგორც აფხაზური „ტელეგრამ" არხები წერენ, შამბა და ბუკია მანქანით გაემგზავრნენ რუსეთის საზღვრისკენ, როს შემდეგაც ბუკიამ აფხაზეთი დატოვა.

დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, განხორციელდა მისი დეპორტაცია რუსეთის ფედერაციაში. გარდა ამისა, სამშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბუკიასა და მისი ოჯახის წევრებს, სავარაუდოდ, აფხაზეთში შესვლა აეკრძალებათ.

გართულდება თუ არა აფხაზეთში ჩასვლა

მამუკა არეშიძის თქმით, დღეს აფხაზეთში საკმაოდ ხშირად ჩადიან ქართველი დევნილები, თუმცა მსგავსი ინციდენტების შესახებ უშალოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე მას არ სმენია.

„ძალიან ბევრია ისეთი შემთხვევა, როცა ქართველი დევინილები აფხაზეთში საკუთარ სახლებში ჩადიან. არის თუ არა კონფლიქტები აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველებსა და იმ მოქალაქეებს შორის, რომელთაც მათი სახლები მისაკუთრებული აქვთ, მე არ გამიგია, თუმცა შეიძლება ყოფილიყო. რუსეთში კი მსმენია, მოსკოვსა და სხვა ქალაქებში მომხდარა გარჩევა ქართველებსა და აფხაზებს შორის.

„ისე, იქ უამრავი ქართველი ჩადის. არა მარტო ადგილობრივი ქართველები, რომლებიც იქიდან არიან დევნილები, არამედ თბილისში დაბადებულებიც, ისეთები, რომლებიც თავიანთი წინაპრების საფლავებზე მიდიან და ზოგიერთ შემთხვევაში ნათესავებს ხვდებიან და ა.შ., იმიტომ, რომ იქ ჯერ კიდევ არის ნათესაური კავშირების სისტემა შემორჩენილი. თუმცა ეს უსაფრთხოების გარკვეული უზრუნველყოფის ფორმატში ხდება.

„ასევე აფხაზეთში ჩადიან ისეთებიც, აფხაზეთთან საერთოდ კავშირი რომ არ ჰქონიათ. ანუ აფხაზი ბიზნესმენები ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე შემოძვრნენ ქართულ ეკონომიკურ და ბიზნეს სტრუქტურებში და ამისთვის იმ ქართველებს იყენებენ, რომლებიც რუსეთში საქმიანობენ. რამდენად გამოსდით, ეს მეორე საკითხია, თუმცა ამის არაერთი მცდელობა იყო. ეს ქართველები, რომლებიც მე დავასახელე, ხშირ შემთხვევაში აფხაზეთიდან არ არიან, თბილისელები არიან, ან სხვა კუთხეებიდან, რომლებიც რუსეთში საქმიანობენ", - აღნიშნავს არეშიძე.

პაატა ზარეიშვილის აზრით, აქამდე თუ ბევრი ადამიანი ჩადიოდა აფხაზეთში, ამ ინციდენტის შემდეგ შესაძლოა ეს გართულდეს.

„სხვათა შორის ქართველები აფხაზეთის ტერიტორიაზე საკმაოდ ხშირად ჩადიან, მაგრამ ისე არ მოქმედებენ, როგორც ის (ერასტი ბუკია) მოიქცა. მან ყველაფერი სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა და აფხაზების გაგებით, რაღაც გამომწვევი ნაბიჯი გადადგა. ცოტა არ იყოს საფთხის წინაშე დააყენა დანარჩენი ქართველები, რადგან ვინც იქ ჩადის და ნათესავებს ნახულობს და შემდეგ ყოველგვარი ხმაურის გარეშე ბრუნდებიან, ახლა ამას რამდენად შეძლებენ, არავინ იცის.

„მან გამოაყვეყნა ფოტოები და პოლიტიკური განცხადება გააკეთა, რომ აფხაზეთი საქართველოა. ეს ყველას მოსწონს და ბუნებრივია, სასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ ამის შედეგი რა შეიძლება იყოს? ვიღაცებს მოეწონება, რომ მან თამამი ნაბიჯი გადადგა და ბევრი ქართველის გული მოიგო, თუმცა ბევრი ქართველი ფიქრობს, რომ ამით დაზიანდა მათი შესაძლო ჩასვლები იმიტომ, რომ ვინც იქ ჩადის და ჩუმად არიან, შესაძლოა ახლა მათზე ეჭვი გაუჩნდეთ, რომ ამათმაც არ გამოაქვეყნონ რამე. ამიტომ ამ მოქმედებას ორივე მხრიდან უნდა შევხედოთ.

„ამდენი ხანია ასე მოვდივართ და ჩვენსა და მათ შორის გაუცხოვება უფრო მეტია, ვიდრე შერიგების კონპონენტები. ყოველმა ქართველმა, ვინც ჩემს აზრს წაიკითხავს და არ მოეწონება, საკუთარ თავს კითხვა დაუსვას - ასეთი ქმედებები ხელს უწყობს შერიგებას თუ გაუცხოვებას? ჩემი აზრით გაუცხოვებას. ადრე უფრო მეტი ქართველი ჩადიოდა აფხაზეთში, როგორც რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთით, ისე ზუგდიდის მხრიდან და ეს ტენდენცია მზარდი იყო. შესაძლოა თუ არა ახლა ამან ეს მზარდი ტენდენცია გააჩეროს? თუ ასე მოხდება, მე ამ თამამ ნაბიჯს სწორად ვერ შევაფასებდი", - აღნიშნავს ზაქრეიშვილი.

შეექმნება თუ არა პრობლემები შამბას

აფხაზური წყაროების ცნობით, ის ფაქტი, რომ ერასტი ბუკიას რეკომენდატორი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის შვილია, შესაძლოა პოლიტიკური სპეკულაციებისა და სკანდალის საფუძველიც გახდეს, თუმცა, ქართველი ანალიტიკოსების აზრით, სერგეი შამბას და მის კარიერას საფრთხე ამის გამო ნაკლებად ემუქრება.

„ეს შამბას ნაკლებ პრობლემას შეუქმნის, ახლა დაინიშნა მინისტრად. იქ შეუძლებელია რეკომენდატორის გარეშე შესვლა, ამიტომ იქ შეშინდებიან არა შამბას ოჯახი და მისი შვილი, არამედ ბიუროკრატიის წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები, რომელთანაც მივა ვიღაც მეზობელი და სთხოვს ვიღაცის მოწვევას. შესაძლოა ესენი შეშინდნენ და იფიქრონ, რომ მე რა გარანტია მაქვს ერასტი ბუკიასავით არ მოიქცნენო", - თქვა ზაქარეიშვილმა.

მამუკა არეშიძეც ასევე ფიქრობს, რომ სერგეი შამბას, როგორც გამოცდილ და აფხაზეთში საკმაოდ ავტორიტეტულ პოლიტიკურ ფიგურას, ეს ინციდენტი პრობლემას ვერ შეუქმნის. მისივე აზრით, ამ თემაზე „ცოტა ხანს ილაპარაკებენ და გაჩერდებიან", რადგან აფხაზეთში ამაზე უფრო სერიოზული პრობლემებია, მაგალითად აპარტამენტების თემა.

„შამბას არანაირი პრობლემა არ შეექმნება აფხაზეთში. ის რაციონალური პოლიტიკის მომხრეა და ქართულ მხარესთან სხვა ტიპის ურთიერთობის მქადაგებელი იყო, თანამშრომლობის სურვილი ყოველთვის ჰქონდა და ეს ყველამ იცის.

„შამბა ძალიან ავტორიტეტულია ფიგურაა - კაცი, რომელიც არ ცდილობს, რომ პირველი პირი გახდეს. ის ვლადისლავ არძინბას მარჯვენა ხელად ითვლება და დღემდე ეს მდგომარეობა შენარჩუნებული აქვთ. იმდენად ავტორიტეტულია შამბა, რომ რთულია რამე მოუხერხო. გარდა იმისა, რომ მის გარშემო პოლიტიკური ჯგუფია, ასევე ძალიან სერიოზული კლანია. ასე რომ, ასე მარტივად მას ვერ მოერევიან.

„დღეს აფხაზეთში იმდენად დაძაბული სიტუაციაა აპარტამენტებთან დაკავშირებით, რომ საქართველოსთან აგრესიული მოქმედების საკითხი მეორე ფლანგზეა გადასული. ეს ბუკიასთან დაკავშირებული ეპიზოდი მოხდა და ჩაიარა. კი, ილაპარაკებენ ცოტა ხანს, მაგრამ მთავარი თემა აპარტემამენტებია, სადაც აფხაზი მოსახლეობის დიდი ნაწილი თავის მოწინააღმდეგედ რუსეთს მიიჩნევს და არა ქართველებს", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე