
დღევანდელი გლობალური ცვლილებების ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს და შესაძლებელია თუ არა ამის მიღწევა ნატოში გაწევრიანების გარეშე. ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, ხელისუფლებამ „გავლენების შესახებ" კანონი უნდა გაიწვიოს, 9 პირობა შეასრულოს და არჩევნები სამართლიანად ჩაატაროს. მეორე მხარის აზრით კი, „ოცნებამ" ფრთხილი და გათვლილი პოლიტიკა უნდა გააგრძელოს.
ყოფილ სახელმწიფო მინისტრისა და კონფლიქტოლოგის პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების" პირობებში ამ ყველაფერის შესრულება შეუძლებელია. როგორც მან აღნიშნა, პირველ რიგში , „რუსული კანონის" გატანაა საჭირო, რომელიც კლიტესავით დაედო და შიგნით საქართველო მოექცა.
„ოცნებისგან" მე კარგს არაფერს ველოდები. პირველ რიგში, რაც მათ უნდა გააკეთონ არის ის, რომ „რუსული კანონი" გაიწვიონ, რომელიც ამერიკას, დასავლეთს, ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს მტრებად აღიარებს.
"შემდეგი ეტაპი 9 პირობის შესრულებაა, ასევე მნიშვნელოვანია არჩევნები სამართლიანად ჩაატარონ და ყველა დარწმუნდეს, რომ შედეგები არის ობიექტური და ალბათ ამის შემდეგ ევროკავშირი თავის პოზიციებს გადახედავს და ჩვენთან მოლაპარაკებების პროცესს დაიწყებს.
"ამ ნაბიჯების გადადგმას „ოცნება" არ აპირებს, თუ :გავლენების შესახებ" კანონი იქნება წინ ვერაფერი წავა. ეს კანონი არის კლიტე, რომელმაც საქართველო შიგნიდან ჩაკეტა, ამიტომ საიდანაც არ უნდა დავიწყოთ ლაპარაკი, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ, პირველ რიგში ეს არის გამოსატანი, დანარჩენი მერე", - აღნიშნავს ზაქარეიშვილი.
ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით კი, ხელისუფლებას აქვს ძალიან ფრთხილი პოლიტიკა, რომელსაც შედეგი აუცილებლად ექნება და ეს პოზიცია უნდა შეინარჩუნოს.
„რასაკვირველია, „ქართულმა „ოცნებამ" უნდა გააგრძელოს საგარეო ურთიერთობაში ის ძალიან ფრთხილი პოლიტიკა, რასაც ჰქვია ბალანსი, მრავალვექტორულობა და საკუთარი ქვეყნის ინტრესების დაცვა.
"რა თქმა უნდა, მეგობარი არის ყველა, ვინც საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტს აღიარებს და ჩვენს ინტერესებს ითვალისწინებს, გარდა რუსეთისა. ამ ადიდებულ ზღვაში, რისი მოწმენიც მთელი კაცობრიობაა, საქართველო უნიკალური მშვიდობის კუნძულია ფართო რეგიონში და ეს ზუსტად ამ მშვიდობიანი და უკიდურესი ფრთხილი პოლიტიკის შედეგია.
„ამას კი, განვითარება და პერსპექტივები მოაქვს, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ფართო რეგიონისთვის და რასაკვირველია, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის", - თქვა აბაშიძემ.
პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ნატო და ევროკავშირი ჩვენი უსაფრთხოების გარანტიას წარმოადგენენ, ამიტომ ნატოში გაწევრიანების გარეშე შეუძლებელია ეს მოხდეს.
„მე ეჭვი მეპარება ნატოში გაწევრიანების გარეშე საქართველომ საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს, ამის გარეშე ჩვენთან რუსეთის გავლენების გაძლიერებას ნიშნავს. ამიტომ ჩაიწერა კონსტიტუციაში ნატო და ევროკავშირი, რომ უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი საქართველოს იქ ყოფნაა.
„ასეთი გაუგონარი ღალატი ქვეყნის წინაშე, რასაც ხელისუფლება აკეთებს და ხელს უშლის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს, მე არ გამიგია. ეს ორივე (ნატო და ევროკავშირი) ჩვენთვის დამცავი მექანიზმია, რათა მთავრობამ ნებისმიერ სიტუაციაში ქვეყნის ინტერესების დაცვა შეძლოს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
აბაშიძე კი ამბობს, რომ ცილისწამების მიუხედავად, რომ თითქოს ხელისუფლებამ ნატოს გადაუხვია, სიცრუეა და მათი კარი ჩვენთვის ყოველთვის ღიაა. მისივე თქმით, საქართველოს მრავალვექტორული პოლიტიკური გეზი აქვს აღებული ყველასთან, გარდა რუსეთისა. თუმცა, ის იმასაც ამბობს, რომ აგრესორ რუსეთთან ომში ჩაბმა დაუშვებელია, რადგან ეს ქვეყნის ჩამოშლას გამოიწვევს.
„რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებას, აქ პრაგმატული მიდგომაა არის ის, რომ მოქმედ ხელისუფლებას არსად არ გადაუხვევია იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბინძური, ცილისწამებლური და დეზინფორმაციული კამპანია არსებობს, რომ თითქოს საქართველო არ ისწრაფვის ნატოსკენ. ნატოს კარი საქართველოსთვის დიდი ხანია ღიაა და სულ მახსენდება ედუარდ შევარდნაძის სიტყვები, რომ აი ამ ღია კარში ორპირი ქარია და არ უნდა გააწბილონ ერთგული მოკავშირე, საქართველო ცრუ დაპირებებით ნატოში გაწევრიანებისა და ა.შ. თუმცა ჩვენ ასეთი ცრუ დაპირებები გვესმის ომით გავერანებულ უკრაინის შემთხვევაში.
„რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში ნატოზე უარი არ უნდა ითქვას, მაგრამ სხვა ალტერნატივებია გასათვალისწინებელი იმიტომ, რომ ნებისმიერი ქვეყნის პასუხისმგებლიანი ხელისუფლება საკუთარი უსაფრთხოების დაცვასა და ინტერესების შენარჩუნებაზე ფიქრობს, რაც გულისხმობს მრავალვექტორულ ურთიერთობას ნებისმიერ რეალურ პარტნიორთან, გარდა რუსეთისა.
„თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ აგრესორთან დაპირისპირება უნდა მოხდეს და ხელახალი ომი გაჩაღდეს, რომელიც აუცილებლად ჩვენი სახელმწიფოს ჩამოშლას გამოიწვევს. ძალიან ხანგრძლივი მოთმინებით ხდება საკუთარი სანუკვარი მშვიდობიანი შედეგის მიღწევა, ამას გვაჩვენებს საერთაშორისო კონფლიქტები და ისტორია.
„საქართველო ამას მიჰყვება - ერთი მხრივ რუსეთი არ გავაღიზიანოთ, ეს გასაგებია, მაგრამ მეორე მხრივ, არანაირი დიპლომატიური კავშირი იმ ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორებზე დამატებითი ფსევდო საელჩოები აქვს", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



