ნატალია ჯვარიძე
(07.08.2024)

აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა, რომელსაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქე შეეწირა. რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ისევ ოკუპირებული აქვს და ჩვენი რეგიონების ოკუპაციასა და მილიტარიზაციას ისევ აგრძელებს. რამ შეიძლება შეაცვლევინოს მას ჩვენს მიმართ პოლიტიკა და რა გზითაა შესაძლებელი ტერიტორიების დაბრუნება - ამაზე სამხედრო ანალიტიკოსი და საგარეო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ ამ მოცემულობით ძალიან რთულია ამის განსაზღვრა.

„ტერიტორიების დაბრუნება მოკლე პერიოდში და სავარაუდო ვარიანტში, სამწუხაროდ გამორიცხულია, თუმცა, ამაზე ფიქრი და მუშაობა, რომ აუცილებელია, ამაში ორი აზრი არ არსებობს.", - აღნიშნავს მაიასაია.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქარველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი შეადგენს, მათ შორის, 1045 სამხედრო პირია.

დღეს, საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ისინი ისევ განაგრძობენ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამარაგებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას.

ვახტანგ მაისაიას შეფასებით, რუსეთს ახლა რთული მდგომარეობა აქვს, უკრაინის ძალებმა კურსკის ოლქი თითქმის აიღეს. როგორც მან აღნიშნა, გამორიცხული არაა, რუსეთი ჩვენს საპარლამენტო არჩევნებში ჩაერიოს და სასურველი კანდიდატის გასვლის მცდელობა ჰქონდეს.

„რაც შეეხება იმას, თუ რამ შეიძლება შეაცვლევინოს რუსეთს პოლიტიკა ჩვენს მიმართ, ვერ გეტყვით, რადგან რუსეთს უკვე რთული სიტუაცია აქვს, უკრაინელები მათ ტერიტორიაზე გადავიდნენ, დაიკავეს ადგილები და ევაკუაციაა გამოცხადებული, ლამის კურსკის ოლქი აიღონ და მგონი კურსკის ბირთვული სადგური. ეს რუსეთისთვის რეპუტაციული დარტყმაა და ასეთ პირობებში ძალიან რთულია რამის დასკვნა.

„შესაძლოა რუსეთი ჩვენს საპარალამენტო არჩევნებში ჩაერიოს და მათთვის სასურველი პოლიტიკური ძალა მოიყვანონ, როგორი მცელობაც იყო მოლდოვაში, სერბეთში და სხვა ბევრ ქვეყანაში. გამორიცხული არაა სერბული და მოლდოვური სცენარები ჩვენთანაც გამოიყენოს, რადგან ამის შემდეგ ერთგვარი მანიპულაცია მოახდინონ და ზეწოლა მათი სასურველი სცენარების განვითარების მიმართულებით. ამრიგად, ასეთ პირობებში რთულია იმის თქმა, თუ როგორ შეიძლება ტერიტორიების დაბრუნება", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად რჩება.

„16 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და დაუსჯელი დარჩა, დაუსჯელობამ და დაშოშმინების პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ რუსეთის იმპერიალისტური აგრესია კიდევ უფრო სასტიკი გახდა", - ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერი, ინგრიდა შიმონიტე ტვიტერზე წერს და მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ლიეტუვის მხადაჭერა ურყებია, ისევე როგორც ჩვენი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ, რომელმაც თავისი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი აირჩია. რუსეთი აგრესორია და არა მისაბაძი მაგალითი", - წერს შიმონიტე.

რუსეთის აგრესიას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნაც გმობს.

„დღეს, 16 წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო, რომლის შედეგები დღესაც იგრძნობა. ესტონეთი გმობს და არ დაივიწყებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მიმდინარე ოკუპაციას და ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარადაჭერას გავაგრძელებთ", - წერს ცაჰკნა.

„დღეს, 16 წლის თავზე, ვიხსენებთ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთის სასტიკი და უკანონო ქმედებების შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებს და დევნილებს.

გაერთიანებული სამეფო მტკიცედ განარძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამერიკის საელჩოში განმარტავენ, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ჩვენ გვახსოვს 2008 ელის აგვისტოს მოვლენები და მათი მტკივნეული გავლენა, რომელიც ქართველ ხალხზე დღემდე მოქმედებს.

რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მიმდინარე ბრძოლას უსვამს ხაზს", - ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.

„2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარები საქართველოში შეიჭრნენ. 16 წლის შემდეგ ოკუპაცია გრძელდება. საქართველოშ, ისევე, როგორც უკრაინაში, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა შეწყვიტოს და მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცეს", - წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე