მსოფლიო ბაზარზე ნავთობი გაიაფებას განაგრძობს. ბოლო რამდენიმე კვირაა ასეთი ტენდენცია იკვეთება და დღეისათვის "ბრენტის" ტიპის საწვავის ღირებულება 76 დოლარის ფარგლებშია. მსოფლიოს დღის წესრიგს საქართველოზე, როგორც იმპორტდამოკიდებულ სახელმწიფოზე, ასახვა ყოველთვის აქვს, მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანაში რუსული ნავთობპროდუქტები ვეღარ შემოდის, შავი ოქროს გაიაფება მეტად მნიშვნელოვანია.
ბოლო სამი კვირაა საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასი მუდმივად კლებადია. 18 ივლისის შემდეგ, რა დროსაც "ბრენტის" ტიპის თხევადი საწვავი 85 დოლარი ღირდა, ნავთობი 9 დოლარით გაიაფდა და დღისათვის მისი ღირებულება 76 დოლარია. ამას თან ერთვის საფონდო ბირჟებზე დაწყებული გაურკვევლობა, რაც შავი ოქროს გაიაფების დამატებითი მიზეზია.
"რეზონანსთან" გლობალურ ტენდენციებზე ისაუბრა ფინანსისტმა, საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ და განაცხადა, რომ 75 დოლარის ქვევით ნავთობის ფასი, წესით, ვეღარ დაიწვს, თუმცა ჯერჯერობით პერსპექტივა ბუნდოვანია.
"ნავთობის გაიაფება უნდა მივაწეროთ ახლო აღმოსავლეთში შექმნილ საომარ ვითარებას. მოგეხსენებათ, დიდი დაძაბულობაა, გაძვირებულია ოქრო და დოლარი ზეწოლის ქვეშ არის. როდესაც დოლარი და ფასიანი ქაღალდები ეცემა და ოქრო ძვირდება. ასეთ დროს, როგორც წესი, ნავთობის ფასი იკლებს ხოლმე, თუმცა ვერ ვიტყვი იმას, რომ შავი ოქროს ღირებულება კოლოსალურად შემცირებულია.
მიმდინარე ეტაპზე ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება 76 დოლარია და არ არის გამორიცხული, რომ თუ საომარი ვითარება დაიწყება და ირანი ჩაერთვება ომში, ნავთობმა ისევ დაიწყოს მერყეობა და წავიდეს აღმავალი მიმართულებით.
ეს ყველაფერი დროებითია და ჩვენ ველოდებით რა მოხდება ფინანსურ ბაზრებზე და ასევე, დაანონსებულ ომთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თუ ირანი ჩაერთვება ომში, მაშინ ნავთობის ფასი, სავარაუდოდ, დაიწყებს ზრდას.
დაახლოებით სამი კვირაა შავი ოქროს ფასი იკლებს და 86 დოლარიდან 76 დოლარზე ჩამოვიდა, მაგრამ ტექნიკური ანალიზის მიხედვით, 75-დოლარიანი ზღვარი არის სწორედ ის ნიშნული, რომლის ქვევითაც, წესით, ვერ უნდა ჩამოვიდეს მისი ღირებულება”, - განუცხადა "რეზონანსს” შენგელიამ.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობა სტაბილურია და როგორც "სენტა პეტროლიუმის” დამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემ განაცხადა, საბითუმო ბაზარზე ბენიზინის და დიზელის ფასი 2.50 ლარის ფარგლებშია.
"საქართველოში ჯერჯერობით რაიმე ისეთი ცვლილება არ არის შესამჩნევი და სტაბილური მდგომარეობაა. უშუალოდ საბითუმო ბაზარზე 1 ლიტრი ბენზინის და დიზელის ღირებულება დაახლოებით 2.50 ლარის ფარგლებშია.
რაც შეეხება რუსეთს, რუსეთმა რამდენჯერმა დააწესა ნავთობპროდუქტების ექსპორტზე შეზღუდვა, შემდეგ გააუქმა, მერე ისევ დააწესა. ასეთი მოცემულობის გამო, რა თქმა უნდა, ჩრდილოეთის ბაზარი არასტაბილურია. როდესაც მუდმივად რაღაც იცვლება, ეს იმას ნიშნავს, რომ არასტაბილურობაა, მას ვერ დავეყრდნობით. ხან გაიხსნება, ხან დაიკეტება, ხან ჩაკეტვის მოლოდინია და ეს ძალიან არასასიამოვნო დინამიკაა და იმპორტიორებისთვის ცუდია”, - განუცხადა "რეზონანსს” ზაალ იაკობიძემ.
მოგეხსენებთა, რამდენიმე დღის წინ რუსეთიდან ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა ისევ ამოქმედდა. გადაწყვეტილება ძალაში ოქტომბრის ჩათვლით იქნება და მანამდე იმპორტიორებს კვლავ ალტერნატიული წყაროდან მოუწევთ ნავთობპროდუქტის შესყიდვა, რომელიც რუსულ საწვავზე ძვირი ღირს, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე მისი ღირებულება იკლებს.
რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროში ითქვა, რომ მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება ბაზრის სტაბილიზაციისთვის მიიღო. ქვეყანამ ბენზინის ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 1-ელ მარტს მიიღო, თუმცა ძალაში შესული დადგენილება მაისში დროებით შეაჩერა, რისი ვადაც კიდევ ერთი თვით ივნისშიც გახანგრძლივდა.
ამასთან, 2024 წლის 1-ლი მარტიდან 31 აგვისტოს ჩათვლით მთავრობამ კვლავ შემოიღო ბენზინის (მაგრამ არა დიზელის) ექსპორტის დროებითი აკრძალვა, თუმცა მაისის ბოლოდან ივლისის ჩათვლით შეჩერდა.
შეზღუდვის შემდეგ საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ბაზარი ამ კონკრეტული ტიპის საწვავის მიმართულებით სხვა ქვეყნებზე გადაეწყო და შემზღუდავი ნორმის მოხსნის მიუხედავად, ნაწილობრივ ასეც დარჩა, რადგან ბოლო ორი თვის ჭრილშიც რუსეთიდან იმპორტის კლება ფიქსირდება - 26.2%-ით.
აქედან გამომდინარე, მსოფლიიო ბაზარზე გაიაფების ტენდენცია ჩვენთვის სასარგებლოა, რადგან ადგილობრივ ბაზარზე საწვავის გაძვირებას დააზღვევს. რამდენადაც ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის უმაღლესი დონე ნარჩუნდება, ნედლი ნავთობის გაძვირების ნიშნები გაურკვეველი პერსპექტივის ფონზე არ იკვეთება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე