
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ პრესკონფერენციას, სადაც მან „ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია, ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და ამ შეტავაზებას „არასერიოზული" უწოდეს, ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი „ამდენს არ უნდა ბედავდეს". ოპოზიციამ კი პრეზიდენტის ინიციატივას „ქართული ქარტიის" შესახებ მხარდაჭერა ისევ გამუცხადა.
ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ დებატების შეთავაზება შეცდომაა. „ასეთი შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, რომ საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა და ასე შემდეგ, მტკნარი ტყუილია. ვფიქრობ, ინიციატივა ბიძინა ივანიშვილთან დებატის გამართვასთან დაკავშირებით ცოტა არასერიოზულად გამოიყურება. ალბათ, ამას თვითონაც ხვდება. თუ გაუმეორებთ კითხვას, კვლავაც არის მზად თუ არა, რომ დებატები მოითხოვოს, შესაძლოა შეცვალოს გადაწყვეტილება. როდესაც ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, რომელსაც ფიცი აქვს დადებული, რომ პოლიტიკურ პროცესებზე მაღლა უნდა იდგეს, გამოდის ინიციატივით, დებატებში დაუპირისპირდეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ეს მისი მხრიდან დაშვებული დიდი შეცდომა იყო", - აღნიშნა სარჯველაძემ.
„სალომე ზურაბიშვილს ჟარგონულად, „ნაცმოძრაობის" ენაზე ვუპასუხებ: ტოლი ნახოს! რაის სალომე ზურაბიშვილი და რაის დებატები! ლევან ხაბეიშვილმაც კი გაუსწრო მას რეიტინგითა და ავტორიტეტით", - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ივანიშვილთან დებატებს.
მისი შეფასებით, „ზურაბიშვილის სახით ტრიბუნასთან „ნაცმოძრაობის" დაბალი რანგის, უხარისხო პროპაგანდისტი იდგა". იმასაც ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ათეულობით მილიონი ლარის გაფლანგვაზე წარმოებულ გამოძიებას „პიჯაკების საქმე" უწოდა.
„თურმე სააკაშვილისა და გიგი უგულავას ტანისა და სხვადასხვა ადგილების კორექციისთვის დახარჯული და ჰაერში გასროლილი ჩვენი თანამოქალაქეების ათეულობით მილიონი ლარი „პიჯაკების საქმე" ყოფილა. ვინ მისცა ზურაბიშვილის იმის უფლება, ისეთ შეფასებას აკეთებდეს, თითქოს ეს არაფერი არ არის და თითქოს ეს პიჯაკების საქმეა. ეს არის აღმაშფოთებელი - ამით ყველაფერი ნათქვამია!
„დღეს ეს ადამიანი ცდილობს „ნაცმოძრაობას" საკუთარი საჭიროება დაანახოს. თურმე ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ინტერესები დაუზიანებია და საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება და ზურაბიშვილი, სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა" ემსახურებიან. როგორ შეიძლება ადამიანი ასე დეგრადირდეს, რომ ოღონდაც რადიკალებმა შეიფაროს და კალთა გადააფაროს, ისეთ აბსურდებს ამბობს, რაც ჩვენ მოვისმინეთ. აბსოლუტურად უმორალო საუბარი იყო!" - განაცხადა ღუდუშაურმა.
უმრავლესობის წევრის, ბექა ოდიუშარიასთვის გაუგებარია რაზე შეიძლება ესაუბროს სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს, „რომელიც არის ქვეყანაში მშვიდობის გარანტი და რომელსაც ზურაბიშვილისგან განსხვავებით საზოგადოებაში უდიდესი ნდობა აქვს".
„როგორ ბედავს ზურაბიშვილი როცა ამბობს: - მე ხალხს იმისთვის არ ავურჩევივარ... ვეტყვი, რომ ის ხალხს საერთოდ არ აურჩევია! სალომე ზურაბიშვილმა უნდა გაიგოს, რომ ის ქართველ ხალხს არ აურჩევია!
„იმის გათვალისწინებით, რომ ზურაბიშვილი პოლიტიკაში ნაკლებად ერკვევა, მოვუწოდებდი, კარგად დააკვირდეს ოლიმპიადას - დაბალი წონის სპორტსმენები ზემაღალ წონის სპორტსმენებს არასდროს ერკინებიან - ოლიმპიადის წესებით, ეს აკრძალულიც არის! ანალოგიურად ხდება პოლიტიკაშიც - ზედაბალი წონის მქონე პოლიტიკოსი ვერ გამოიწვევს ისეთ გავლენიან, ავტორიტეტულ პოლიტიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს, როგორიც ბიძინა ივანიშვილია! ასეთი დებატები არ შედგება!
„ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კარიერა ისეთი განცხადებებით დაიწყო, რომლის მიხედვით, ომი რუსეთთან საქართველომ დაიწყო, იყო გაუგებარი განცხადებები რელიგიური მიმართულებით და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს აბსოლუტურად ბეჩავი სანახაობა იქნებოდა", - განაცხადა ოდიშარიამ.
კოალიციის „ახალი, გირჩი, დროა" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ბრიფინგზე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ პრინციპულ და უპირობა მხარდაჭერას უცხადებს „ქართულ ქარტიას". მისი თქმით, ქარტიის შინაარსი ძალიან მკაფიოდ პასუხობს იმ ისტორიულ გამოწვევას, რომლის წინაშეც ქართული საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი იმყოფება, რასაც ისინი ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უყურებენ.
„პირველი: ქარტია ჩვენ ევროპაში შეგვიყვანს. დაგვაბრუნებს ევროპის გზაზე და გაგვხდის იმ მშვიდობის და განვითარების სივრცის ნაწილად, რომელსაც საქართველო იმსახურებს.
„მეორე: ჩვენ სრულიად ვიმსახურებთ ქარტიაში აღნიშნული ხელისუფლების ფორმირების პრინციპს. ეს არის არაპარტიული პრემიერ-მინისტრი, დროებითი კონკრეტული მანდატით და ამოცანებით, ევროპასთან შეთანხმებული, შეზღუდული დროებითი მმართველობა და ეს არის ძალაუფლების კონტროლი, მათ შორის ძლიერი სასამართლოს მხრიდან.
„შემდეგი ეს არის: სამართლიანი არჩევნები, რომლის მომზადებაც ჩვენი კოალიციური მმართველობის მთავარი ამოცანა იქნება. ის დაუბრუნებს ჩვენს საზოგადოებას ფუნდამენტურ უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი.
„და ბოლოს, ეს არის „რუსული კანონის" და ყველა იმ რუსული რეპრესიული ინსტიტუტების გაუქმება, რომელიც „ოცნებამ" ჩამოაყალიბა. სწორედ ამ პრინციპული პოზიციებისა და შინაარსის გამო ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა გამოვეხმაუროთ, რომ არათუ ვაპირებთ დავემორჩილოთ, არამედ ეს არის ჩვენ განმსაზღვრელი პოლიტიკური გზა და ჩვენ ამაზე სრულიად კამპანიის განმავლობაში გვექნება ბევრი კონკრეტული ინიციატივა", - აღნიშნა ხოშტარიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



