
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის გამოსვლებში მკაფიოდ ამბობდა, რომ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილის შეწყალებას არ აპირებდა, თუმცა 5 აგვისტოს პრესკონფერენციაზე, სადაც მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, განაცხადა, რომ ჯერ „საქართველოა გადასარჩენი" და შემდეგ სააკაშვილის დროც მოვა.
რამდენად შესაძლებელია საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ან მის შემდეგ ეს საკითხი დღის წესრიგში დააყენოს და სააკაშვილი შეიწყალოს?
ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით ეს მის გეგმებში არ შედის. მეორე მხარის აზრით კი, ეს დღის წესრიგში არჩევნების შემდეგ დადგება, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია მის შედეგებზე.
„განცხადება, რომელიც პრეზიდენტმა გააკეთა, ღიად არა, მაგრამ გულისხმობდა იმას, რომ ეს საკითხი არჩევნების შემდეგ გადაიხედება. შეიძლება პრეზიდენტმა შეიწყალოს კიდეც, ოღონდ ეს ყველაფერი არჩევნების შემდეგ იქნებ", - განაცხადა ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სააკაშილის თემის აქტუალიზება მხოლოდ „ოცნებას" სჭირდება და ამზე მეტყველებს პირდაპირი ტრანსლაციები, სადაც ექსპრეზიდენტი პოლიტიკურ გზავნილებს აკეთებს.
„მე მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ სააკაშვილის აქტუალიზაცია მხოლოდ და მხოლოდ ოცნებას სჭირდება, ძალიან ნიშანდობლივია, რომ ყველა მისი სასამართლო ინიშნება ახლა და ასეთი რამ მე არსად არ მინახავს, აძლევენ შეუზღუდავ პირდაპირ ტრანსლაციას, რომ პოლიტიკური გზავნილები გააკეთოდ. ეს იმიტომ, რომ „ოცნების" ბოლო იმედი ამომრჩევლების სააკაშვილით შეშინებაა.
"დღეს აქტუალური არ არის სააკაშვილი, დღეს აქტუალურია რა მომავალი ექნება საქართველოს. ჯერ საქართველო უნდა გადავარჩინოთ და მერე სააკაშვილის ბედიც იქნება თავის ადგილას", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2 აგვისტოს საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნულით მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
როგორც სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ მედიას უთხრა, ის ახალ პალატაში გადაიყვანეს პარასკევს, სასამართლო სხდომის შემდეგ. ასევე, სააკაშვილის ოჯახი ეჭვობს რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ კლინიკაში მყოფ მესამე პრეზიდენტს საპატიმროში დააბრუნებს.
„სამუშაო საათები რომ ამოიწურა და უკვე წვდომა ჩემს შვილთან აღარავის ექნებოდა, მომდევნო დღეებიც შაბათ-კვირა იყო და აგრეთვე იქნებოდა სრულ იზოლაციაში, უცებ დაავლეს ხელი და გადაიყვანეს სხვა ფლიგელში. სასტუმროს უწოდებენ იმ ნაწილს, სადაც მერვე სართულზე მოათავსეს ადამიანი. აღმოჩნდა, რომ ამ ახალ პირობებში ტელევიზორიც არ აქვს, თუმცა დაპირება იყო, რომ ყველაფერი იგივე უნდა ჰქონოდა", - ამბობს ალასანია.
კლინიკა „ვივამედში", სადაც ორ წელზე მეტია სააკაშვილი მკურნალობის კურსს გადის, აცხადებენ, რომ პალატის შეცვლით მას პირობები არათუ გაუუარესდა, გაუუმჯობესდა კიდეც.
„აბსოლუტურად უსაფუძვლოა, თითქოს არ იცოდა და ისე გაუფრთხილებლად გადაიყვანეს. ერთ თვეზე მეტია, დედა-შვილი საქმის კურსშია გადაყვანასთან დაკავშირებით. გარკვეული ლაბორატორიული მაჩვენებლებიდან გამომდინარე, მას კლინიკაში ყოფნა ესაჭიროება. რას ამბობენ მისი მხარდამჭერები ამაზე, ვერაფერს გეტყვით და ეს მე ნაკლებად მაინტერესებს", - განაცხადა „ვივამედის" კლინიკური დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ.
აღნიშნულს სააკაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამის შესახებ აგორებული სკანდალით სინამდვილეში მთავარი უსამართლობის გადაფარვა სურთ.
„ტელევიზიით კამათობენ, სად გადამიყვანეს და რა პირობებში, სინამდვილეში ამით სურთ მთავარი უსამართლობის გადაფარვა - პარასკევს გამოტანილი ორმაგი პატიმრობის გადაწყვეტილებით", - წერს სააკაშვილი.
სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანასთან დაკავშირებით, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამგვარ გადაწყვეტილებებს შესაბამისი სტრუქტურები იღებენ და "ხან ასე იქნება და ხან ისე."
„არ ვიცი, ჩემთვის საინტერესო არ არის, შესაბამისი უწყებები იღებენ ხოლმე ასეთ გადაწყვეტილებებს, ხან ასე იქნება ხან ისე, ვნახოთ. იცით, რომ ძალიან დიდი ხანია, სააკაშვილი იმყოფება არა საპატიმროში, არამედ ერთ-ერთ კერძო კლინიკაში, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. ", - აღნიშნა მან.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ზურაბიშვილს დეკემბერში ვადა ეწურება და ეეჭვება დარჩენილ სამ თვეში ეს გააკეთოს.
„იქიდან გამომდინარე, რომ სალომე ზურაბიშვილს დეკემბერში ვადა ეწურება, ფაქტობრივად, ის უკვე აღარ იქნება პრეზიდენტი თუ მას შეწყალება აქვს განზრახული, დარჩენილ სამ თვეში უნდა გააკეთოს, მაგრამ მისი ის მიმართვა, რომ ჯერ ქვეყანაა გადასარჩენი და მერე სააკაშვილი, ჩემი აზრით, იმის მანიშნებელია, რომ ჯერჯერობით მის გეგმებში ეს არ შედის", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
ვახტანგ ძაბირაძის თქმით, თუ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს და თუ მოხდა ისე, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილი არ შეიწყალა, რაც ნაკლებად მოსალოდნელია, საპარლამენტო უმრავლესობა მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და ამნისტიით გამოუშვებს.
„არჩევნებში თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს შესაძლოა, ეს თემა მართლაც გადაიხედოს, ამ მხრივ დიდი პრობლემები არ იქნება, თუმცა როგორც ჩანს, მანამდე ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს. რა იქნება არჩევნებზე და როგორი შედეგები დაიდება, ალბათ ამის მიხედვით დადგება ეს საკითხი დღის წესრიგში და ისე გადაწყდება, როგორც საპარლამენტო უმრავლესობა იტყვის. თუ პრეზიდენტი არ შეიწყალებს და უმრავლესობა შეთანხმდება, მათ შეუძლიათ ამნისტია მიიღონ ამ მუხლებთან დაკავშირებით, ან უფრო ფართო ამნისტია, რომელიც სააკაშვილსაც შეეხება", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



