ნატალია ჯვარიძე
(06.08.2024)

ამ ეტაპზე და ამ სიტუაციის ფონზე ევროკავშირთან გაწერვიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა შეუძლებელია, თუმცა თუ არჩევნები „პოზიტიურ შედეგებს" აჩვენებს, მაშინ ეს შანსი არსებობს, ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „რეზონანსის" კითხვას, თუ რა მოლოდინი აქვს ოქტომბერში ევროკომისიის დასკვნაზე.

თუ ევროკავშირმა დაინახა, რომ ჩვენ ევროპულ გზას ვუბრუნდებით და ამ მიმართულებით მუშაობას დავიწყებთ, მაშინ გამორიცხული არაფერია, თქვა პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

„ევროკომისია ოქტომბერში რა დასკვნებსაც გამოაქვეყნებს, ეს დღევანდელ სიტუაციაზე მორგებული იქნება, რადგან დასკვნები უკვე იწერება და ორი აზრი არ არის იმის შესახებ, რომ აქ საქართველოსთან მოლაპარაკების გახსნაზე რეკომენდაცია არ იქნება. ის, რომ ამ პირობებში საქართველოსთან მოლაპარაკებები წლის ბოლომდე ვერ გაიხსნება, ფაქტია.

„თუმცაღა, თუ არჩევნები ისე ჩატარდება, რომ მათთვის შედეგი პოზიტიური იქნება იმისათვის, რომ ჩვენ ევროპული გზის დაბრუნებისკენ მივდივართ და შემდეგ ამ მიმართულებით მოქმედებას დავიწყებთ, მაშინ ასეთი შანსი არსებობს, ოღონდ მომავალ გაზაფხულზე. ეს არის ის ფანჯარა, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია არჩევნებზე და ახლა პარტნიორების მხრიდან ყველაფერი დროებით არის შეჩერებული და არა გაჩერებული.

„ყველაფერი არის შეჩერებული და არა გაჩერებული, არ არის სამუდამოდ გაყინული ან გადახედილი. ეს შეჩერება არის შეჩერება არჩევნებამდე, რომ ყველამ დაინახოს, სად არის საქართველოს მოსახლეობის ნება. ნების გამოხატვის შემდეგ, ყველაფრის აღდგენა შესაძლებელი იქნება, თუკი ეს ნება გამოიხატება იმ ქარტიაში, რომელსაც ხელი მოაწერა პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურმა პარტიამ. ეს პარტიები იღებენ ამ მხრივ ვალდებულებას, პარლამენტში ვინც შევა და როგორც შევა იმ ძალით, რომ შეასრულონ ქარტია, მიიღონ ეს კანონმდებლობა, გააუქმონ ის ანტიევროპული კანონმდებლობები, რაც ბოლო პერიოდში მიიღეს, სიმბოლურად, ყველაზე მნიშვნელოვანი „რუსული კანონი". ამით დაუდასტურონ ჩვენს პარტნიორებს, რომ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ნება, რომ დავუბრუნდეთ ევროპის გზას.

მე ვიძლევი პირობას, რომ ამ ქარტიის შესრულებისთანავე, როგორც კი დაიწყება ამ ქარტიის შესრულება, ვიქნები და ვივლი იმ ევროპაში, რასაც მიკრძალავდნენ. ვეღარ ამიკრძალავს ვერავინ იმას, რომ საქართველოს პოზიციები დავიცვა", - თქვა ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკის მხრიდან „მკაცრი და მკაფიო" განცხადებები გასაკვირი არაა, თუმცა ქართული ჯარისა და ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეჩერების გადაწყვეტილება არ ესმის. „ჯარისთვის ხელის ხლება არ შეიძლება", თქვა მან.

ამასთან, ჟურნალისტის შეკითხვას, რამდენად ეხება ეს თემა საქართველოს უსაფრთხოებას, მაშინ, როდესაც 100 წლის წინ, როდესაც ამერიკა საქართველოს მხარდამჭერი არ იყო, საქართველო „რუსეთის ხახაში აღმოჩნდა", ზურაბიშვილი ამბობს, რომ ასეთი ისტორიული პარალელები არ უყვარს, რადგან „ისტორია არასდროს მეორდება".

„არ მიკვირს ამერიკის რეაგირება. სხვანაირად როგორ უნდა იყოს, როდესაც 30 წლის და მეტი ხნის განმავლობაში ეხმარები ქვეყანას სახელმწიფოს მშენებლობაში, არა მხოლოდ მატერიალურად, არამედ ყველა ძალისხმევით, რომ დადგეს ფეხზე როგორც დამოუკიდებელი, ეკონომიკურად მდგრადი სახელმწიფო და უცებ, გაუგებრად და ახსნის გარეშე გეძახიან მტერს.

„არ ვიცი, ხელისუფლებას უკვირს თუ არა. ალბათ, არ უნდა უკვირდეს. ამერიკა ხომ არ არის შენი პატარა ბავშვი, რომელსაც აბურთავებ, ის არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მსოფლიოში, შენ ასე ექცევი და გგონია იმას რეაგირებაც არ ექნება.

„ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მე არ მესმის ჩვენი ჯარისთვის ბიუჯეტის შეზღუდვა და თუ ეს მართალია, არ მესმის ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეზღუდვა. ბევრი მიმართულებაა, სადაც შეიძლება, მთავრობა დაისაჯოს და უნდა დაისაჯოს, მაგრამ, არ შეიძლება დაისაჯოს ქართული ჯარი, რომელზეც ჩვენი სახელმწიფო და თავდაცვა დგას, ეს არ მესმის."

ორბელიანების სასახლეში ზურაბიშვილმა თქვა, რომ ის „ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. „რას ერჩის ამ ქვეყანას, ხომ უნდა გვითხრას არჩევნებამდე მაინც, ასე რომ, ერთი კაი დებატი მგონი, გველოდება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე