"ვაშინგტონის განცხადება უფრო თითის დაქნევას ჰგავს საქართველოსთვის, თორემ პროექტი რეალურად ძალიან ძნელად განხორციელებელია"
ქეთო გოგოხია
(05.08.2024)

შუა დერეფანში შეიძლება ახალი მარშრუტი შეიქმნას და საქართველოს როლი შესუსტდეს. აშშ უკვე განიხილავს შესაძლებლობას, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან მსოფლიო ბაზრებზე ტვირთის მისაწოდებლად ახალი სახმელეთო მარშრუტი შექმნას, რომელიც რუსეთსა და ჩინეთს გვერდს აუვლის. ასეთი გადათამაშება, ცხადია, შუა დერეფანში საქართველოს სარგებელს მნიშვნელოვნად შეზღუდავს, თუმცა თვითონ იდეას სკეპტიკურად უყურებენ ქართველი სპეციალისტები, რომელთა შეფასებითაც, დამატებითი დერეფნის ჩამოყალიბებას წინ ბევრი დაბრკოლება ახლავს, რაც მის განხორციელებას ხელს უშლის. 

ამდენად, აშშ-ს ჩანაფიქრი შეიძლება შორეულ პერსპექტივად ჩაითვალოს, თუმცა თუ მაინც აქამდე მივა საქმე, საქართველო შეიძლება თამაშგარე აღმოჩნდეს და ტვირთების დიდი ნაწილი დაკარგოს.

რაც შეეხება ამერიკული მხარის პოზიციას, როგორც ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო ბრაიენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე განაცხადა, მიწოდების ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი არხი სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე გამავალი მარშრუტი იქნება.

„ცენტრალური აზიის ქვეყნები წარმოუდგენლად მდიდარია და ამჟამად მათ მსოფლიო ბაზრებზე წვდომის ერთადერთი ვარიანტი, ძირითადად, რუსეთის ან ჩინეთის გავლით აქვთ. თუ ჩვენ შევძლებთ, გავხსნათ მარშრუტი, რომელიც აზერბაიჯანის ან სომხეთის ტერიტორიას გაივლის, ისინი მსოფლიო ბაზრებზე წვდომას მიიღებენ და რუსეთსა და ჩინეთზე ბევრად ნაკლებად იქნებიან დამოკიდებული,“ - განაცხადა ო ბრაიენმა.

გარდა ამისა, მიმდინარე თვეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის თანაშემწის მოადგილე ანჯალი კაურმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები 2025 წელს შესაძლოა, ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის რუსეთისა და ჩინეთის „სანდო ალტერნატივა“ გახდეს.

ამდენად, საუბარია საქართველოს ალტერნატიული დერეფნის  ჩამოყალიბებაზე, რომელიც გავა სომხეთი-აზერბაიჯანის გავლით, რაზეც დიდი ხანია საუბარი მიმდინარეობს, თუმცა პერსპექტივა ნაკლებად იკვეთება.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორის პაატა ცაგარეიშვილის შეფასებით, ამ ეტაპზე შუა დერეფანთან დაკავშირებით რისკები, ფაქტობრივად, არ არსებობს.

,,საუბარია, რომ აზერბაიჯანს უნდა სხვა მიმართულების განვითარება, სომხეთი ცალსახად ეუბნება, რომ გზების ყველანაირი დებლოკირება მოახდინონ და ახალი ფურცლიდან დაიწყონ. ეს საკითხი ჯერჯერობით ჰაერშია, ამიტომ იმის თქმა, რომ ხვალ და ზეგ რაიმე დაემუქრება ჩვენს დერეფანს, არ შეიძლება. თუმცა, თუ მაინცდამაინც ასე მოხდა, გარკვეულ ტვირთებს დავკარგავთ. ამ საკითხს სპეციალური კვლევა სჭირდება. თითოეული ტვირთი კონკრეტულად უნდა იქნას განხილული, რომლის საფუძველზეც დაჯამდება და გვეცოდინება რა დანაკარგთან შეიძლება გვქონდეს საქმე. 

ჩემი აზრით, დღევანდელ მოცემულობაში გეგმა, რომ ახალი დერეფანი ჩამოყალიბდეს, განუხორციელებელია. ყოველ შემთხვევაში, შორეული პერსპექტივაა. მიუხედავად ამისა, ჩვენი მთავრობა აქედანვე ფხიზლად უნდა იყოს, რომ მართლა თამაშგარე მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, ამიტომ გვჭირდება წინმსწრები ნაბიჯების გადადგმა", - განუცხადა ცაგარეიშვილმა"ბიზნეს-რეზონანსს".

რაც შეეხება აშშ-ს ჩანაფიქრის მიხედვით, ტვირთების მოძრაობის დინამიკას, საუბარია, რომ მაგალითად, ცენტრალური აზიიდან გადმოიზიდოს ლითონკონსტრუქციები ან  ქიმიური ტვირთები, რომელიც სასუქად შეიძლება გამოიყენონ. ამ ტიპის ტვირთებზე დიდი მოთხოვნაა და შეიძლება ახალი მარშრუტი ამ თვალსაზრისითაც იქნას გამოყენებული.

"ყოველ შემთხვევაში, რისკები არის და სახელმწიფომ თავისი როლი უნდა გააძლიეროს. არ უნდა ჩერდებოდნენ, ნებისმიერი ტვირთის მოძიება უნდა იყოს არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ სახელმწიფოს ფუნქცია. 25-30 წლის წინ, როცა ამ დერეფანს ეყრებოდა საფუძველი, ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, არავინ ფიქრობდა  კომერციულ მომგებიანობაზე. პრეზიდენტებმა მოილაპარაკეს, რომ დაეწყოთ ნულიდან, მერე უკვე კომერციული მომგებიანობის საკითხი დადგა დღის წესრიგში. 

უნდა ითვას ისიც, რომ გარკვეული ნაკადები ისევ რუსეთის მიმართულებით დაბრუნდა, ჩინეთი თავისებური მოთამაშე აღმოჩნდა. მისგან წამოსული ტვირთების დიდი ნაწილი კვლავ რუსეთის მიმართულებით გადაიზიდება, თუმცა სიტყვით სხვას ამბობს", - დასძინა ცაგარეიშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს" საუბრისას.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ჯერჯერობით საქართველოს გავლით გადაზიდვაზე გაზრდილი მოთხოვნას ინერციული ხასიათი აქვს. გლობალური პროცესებიდან გამომდინარე, ქვეყანა მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებების გამო აღმოჩნდა. როგორც ლოგისტიკის ექსპერტმა, ,,პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის" დამფუძნებელმა დათო გოჩავამ აღნიშნა, მთავარია ეს შანსი რამდენად სწორად იქნება გამოყენებული და როგორ განვითარდება სამომვლოდ შუა დერეფანი, რომლის ფუნქციობაში საქართველოს როლი ამ ეტაპზე საკმაოდ დიდია, თუმცა გაზვიადებული.

"ტვირთი ევროპასა და აზიას შორის იმდენად ბევრია გადასაზიდი, ყველაზე უარესი სცენარიც რომ ავიღოთ, ჩვენ  საკმარისი, რის გატარებასაც შევძლებთ, ყოველთვის იქნება. მთავარია, ჩვენს ინფრასტრუქტურას როგორ მოვაწყობთ. 

რაც შეეხება ალტერნატიული დერეფნის გახსნას, როგორ გამოუვა და როგორ მოახერხებენ, არ ვიცი. აშშ  ყველაფერს აკეთებს, რომ სომხეთის ტერიტორია გამოიყენონ, მათი სარკინიგზო ქსელი თურქეთის სარკინიგზო ქსელს დაუკავშირონ და შავი ზღვის პორტებს გვერდი აუარონ. აქედან გამომდინარე, საქართველოსაც! რამდენად და როგორ გამოუვათ, ვერ გეტყვით. 

ვაშინგტონის განცხადება უფრო თითის დაქნევას ჰგავს საქართველოსთვის, პროექტი რეალურად ძალიან ძნელად განხორციელებელია. სარკინიგზო გზა საბჭოთა კავშირის დროს იყო, მაგრამ ყარაბაღის ომის გამო მოიშალა, მისი აღდგენა აშშ-თვის დიდ ძალისხმევას არ წარმოადგენს, მაგრამ სომხეთისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა როგორ გამოუვათ, გაუგებარია. 

შუა დერეფანში საქართველოს როლი საერთოდ გაზვიადებული მგონია. იგი უფრო მაინც  რეგიონული დერეფანია, რომელსაც გვირჩევენ და რეკომენდაციას აძლევენ, რომ ეკონომიკურ დერეფნად მის გარდაქმნაზე ვიფიქროთ. ეს ნიშნავს, რომ  შუა დერეფნის გასწვრივ განლაგებულ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას  და განვითარებას მოემსახუროს ეს კორიდორი, ვიდრე ტრანსკონტინენტურ გადაზიდვებს", - აღნიშნა გოჩავამ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

ცნობისთვის, 2023 წლის სექტემბერში აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტებს პირველად შეხვდა. ლიდერებმა ეკონომიკური და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ტრანზიტის საკითხები განიხილეს და ახალი დერეფნის შესახებ პირველი ინფორმაციაც მას შემდეგ გაჩნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე