ელზა პაპოშვილი
(05.08.2024)

ისრაელი ირანის მხრიდან თავდასხმისთვის ემზადება -  ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელზე ირანის მხრიდან თავდასხმას მომდევნო 48 საათის განმავლობაში პროგნოზირებს. ამერიკელმა და ისრაელელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმას ორშაბათიდან  ელოდებიან, - ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ ფონზე, შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის გენერალი მაიკლ კურილა ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა. Axios-ი წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი ვიზიტი ისრაელს, ირანსა და „ჰეზბოლას“ შორის ბოლოდროინდელ ესკალაციამდე იყო დაგეგმილი, კურილა სავარაუდოდ, შეეცდება მოახდინოს იგივე საერთაშორისო და რეგიონული კოალიციის მობილიზება, რომელიც ისრაელის 13 აპრილს ირანის თავდასხმისგან თავდაცვაში დაეხმარა.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაძაბულობა ბეირუთში „ჰეზბოლას“ მეთაურის, ფუად შუკრისა და თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ გაიზარდა. ირანი და „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და „ჰეზბოლასთან“ ერთად შურისძიების პირობას დებენ.

Axios-ი წერს, რომ ისრაელზე ირანის შესაძლო თავდასხმის მზადყოფნისთვის, შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში თავის ძალებს ზრდის და რეგიონში დამატებით სამხედრო ხომალდებს და ავიაგამანადგურებლებს აგზავნის. აშშ-ის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ირანის ნებისმიერი ქმედება იგივე სქემის მიხედვით განხორციელდება, როგორც 13 აპრილს, მაგრამ შესაძლოა უფრო ფართო მასშტაბის იყოს და მასში ლიბანიდან „ჰეზბოლაც“ ჩაერთოს.   

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ირანის მხრიდან შესაძლო თავდასხმას, შესაბამისად უპასუხებს.

"ისრაელის სახელმწიფო მრავალ ასპარეზზე აწარმოებს ომს ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ. ჩვენ ძლიერად ვურტყამთ მის ნებისმიერ იარაღს, მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, როგორც თავდაცვითი, ისე შეტევითი. მე კიდევ ერთხელ ვეუბნები ჩვენს მტრებს: ჩვენ ვუპასუხებთ და მოვითხოვთ მძიმე ფასს ჩვენს მიმართ მტრული ქმედებისთვის, ნებისმიერი არენიდან," - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების განხილვის მიზნით, დღეს ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრას გამართავს - ინფორმაციას მედია საშუალებები თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებენ. ოფიციალური ცნობით, ჯო ბაიდენი აღნიშნულ საკითხზე, ასევე, ისაუბრებს იორდანიის მეფე აბდულასთან. შეერთებული შტატები ისრაელზე ირანის მხრიდან თავდასხმას მომდევნო 48 საათის განმავლობაში ელოდება.

"ჩვენ ჯერ კიდევ გვჯერა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საუკეთესო გზაა ამ ომის დასასრულებლად. როცა უზენაესი ლიდერი ამბობს, რომ შურისძიებას აპირებს, ჩვენ ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ახლა არ ვიცი რას ან როდის აპირებენ, მაგრამ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მზად ვართ და რომ გვაქვს შესაძლებლობები რეგიონში, რათა დავეხმაროთ ისრაელს თავის დაცვაში და, გულწრფელად რომ ვთქვათ, დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი საკუთარი ობიექტები, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები. 

„ჩვენ ასევე ძალიან თანმიმდევრულად დავამტკიცეთ - არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით, რომ ვაპირებთ ფეხზე წამოდგომას და ისრაელის დაცვას. ვგულისხმობ, 13 აპრილს, როდესაც ირანმა 300 რაკეტა და თვითმფრინავი გაუშვა, შეერთებულ შტატებს ჰაერში ჰყავდა მოიერიშე თვითმფრინავები მათი ჩამოგდების მიზნით. 

„ჩვენ ახლა დავამატეთ დამატებითი საზღვაო და საჰაერო ძალები რეგიონში, რათა კიდევ ერთხელ დავეხმაროთ ისრაელს. ვფიქრობ, ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვაპირებთ ისრაელის მხარდაჭერას," - განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ახლო აღმოსავლეთი დენთის კასრზე ზის, რომელიც ნებსიმიერ დროს შესაძლოა აფეთქდეს. მაისაია აცხადებს, რომ რთულია წინასწარ იმის პროგნოზირება, სადამდე შეიძლება ირანი წავიდეს და მოვლენები როგორ განვითარდება. 

„სიტუაცია ფეთქებადია და შესაძლაო ახლო აღმოსავლეთში სრულიად ახალი და ძალიან მასშტაბური ომი მივიღოთ. ისრაელიც და ირანიც, ბირთვული სახელმწიფოები არიან. აქედან გამომდინარე, ირანი დიდი ალბათობით ისრაელზე თავდასხმას განახორციელებს და ის უკან არ დაიხევს. 

„ახლა აქ უკვე ირანის პრესტიჟის საკითხიც დგას, რადგან მათ თავდასხმა ისრაელზე უკვე დაანონსეს, უკან დამხევები ნაკლებად არიან. ასევე, პირდაპირ ვთქვათ, რომ „ჰამასის“  ლიდერის ასეთი მკვლელობა ცინიკური იყო. ამიტომ ირანი, უნდა თუ არა, იძულებულია სათანადო პასუხი გასცეს. მათთვის  ისრაელზე მიწვდომა პრობლემას არ წარმოადგენს. სტრატეგიული არაბირთვული შეიარაღების ფონზე, ეს პრობლემა უკვე გეოპოლიტიკურ კონტექსტში მოხსნილია. ორივე ქვეყანას აქვს იმ დონის შეიარაღება, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ დარტყმები განახორციელონ. ისმაელ ჰანიას მკვლელობაც ამას ადასტურებს და ფაქტია, რომ შუაგულ ირანში მისი ლიკვიდაცია  მოსადს არ გასჭირვებია. აქედან გამომდინარე,  შესაძლოა რეგიონალური ომი ვიხილოთ“,-ამბობს მაისაია. 

მისივე თქმით,  ირანი გამოიყენებს შესაძლებლობას, ლიბანიდან, ღაზის სექტორიდან, მათ შორის იემენიდანაც  ისრაელზე თავდასხმა მოახდინოს. 

„ირანი იძულეულია ისრაელს პასუხი გასცეს. ძალიან რთული სიტუაციაა, მითუმეტეს ამერიკის არჩევნების ფონზე. ისრაელი მაინც და მაინც სახარბიელო სიტუაციაში არ აღმოჩნდება. დახმარების კუთხით, ამერიკა და ბაიდენის ადმინისტრაცია საკამოდ შეზღუდულები არიან და ხელფეხი აქვთ შეკრული. 

„მართალია მათი მხრიდან, როგორც მოკავშირის და სტრატეგიული პარტნიორის დახმარება გაწეული იქნება, მაგრამ ეს არ იქნება იმ მასშტაბის, რაც აქამდე იყო. ვიცით, რომ ჯერჯერობით ირანი ამერიკისთვის მთავარ გამოწვევად რჩება, ამიტომ ამერიკა ისრაელს დაეხმარება. იყო კრიტკა ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ამ მკვლელობის გამო, თუმცა მოკავშირეებად მაინც დარჩებიან“,-ამბობს მაისაია.    

რაც შეეხება იმას, ამ  დაპირისპირებაში რა სახის პოიზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ, მაისაია ამბობს, რომ ისარელი მუდმივად საქართველოს მოკავშირე ქვეყანა იყო. თუმცა ბოლო დროს, პრემიერ კობახიძის ირანში ვიზიტი, ბუნდოვანებას და გაურკვევლობას აჩენს. მისი აზრით, სიტუაცია ძალიან დაძაბულია და ჩვენს ქვეყანას მეტი სიფრთხილე მართებს. 

„ნებისმიერი ანალიტიკოსი, იქნება ეს ხელისუფლების მომხრე თუ მოწინააღმდეგე,  რომელიც  ობიექტურია, იტყვის იმას, რომ პრემიერის ინაუგურაციაზე ვიზიტი არ იყო სასურველი. კი ბატონო, გასვენებაში და სამძიმარზე წასვლა გასეგებია, მაგრამ ინაუგურაციაზე გამოცხადება პირველი პირის არ იყო სასურველი. 

„შეგვეძლო თუნდაც საგარეო საქმეთა მინისტრი გაგვეგზავნა. გასაგებია, ფაშინიანი იქ იყო იმიტომ, რომ მას ირანთან თავისი მიზნები აქვს და არც არავის გაკვირვებია. ჩვენ როცა ისრაელის სტრატეგიულ პარტნიორად და მოკავშირე ქვეყნად ვითვლებით, ეს არ არის მომგებიანი სვლა. 

„გასაგებია რომ ბორელის მოადგილე იყო ასეევე, მაგრამ ჩვენც ხომ შეგვეძლო მოადგილე და მეორე პირი გაგვეგზავნა. სიფრთხილე გვმართებს, რადგან სიტუაცია უმძიმესია და ვინმეს თვალში გაჩხერა ჩვენვე დაგვაზიანებს“, - ამბობს მაისაია.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე