ნატალია ჯვარიძე
(05.08.2024)

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო საინტერესო ხდება რა დაკვეთა აქვს საზოგადოებას პარტიების მიმართ და რა კრიტერიუმებით გააკეთებენ არჩევანს ოქტომბერში. ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ძირითადად, მოსახლეობას უკეთესი ცხოვრება და მშვიდობა უნდა, რომელსაც მმართველი პარტია ჰპირდება. ნაწილის აზრით კი, „ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიას შავ პიარზე აგებს, რომ, თუ ხელისუფლებაში ოპოზიცია მოვა ომი დაიწყება, ის კი მშვიდობის გარანტია.

„საქართველოში და ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ამომრჩეველთა დაკვეთა არის უკეთესი ცხოვრება და მშვიდობიანი განვითარება, ეს არის ძირითადი, რაც ნებისმიერ ამომრჩეველს, იქნება ის ამერიკაში, ევროპაში თუ სხვაგან, სურს", - აცხადებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან".

ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის თქმით კი, ოპოციზიამ „ოცნების" მიერ გავრცელებული დეზინფორმაციები უნდა გაფანტოს და მოსახლეობას უკეთესი ალტერნატივა შესთავაზოს.

„ოპოზიციამ მოსახლეობის მთავარი საჭიროებები უნდა გაითვალისწინოს და უნდა იმუშაოს იმაზე, რომ „ოცნების" მიერ გავრცელებული დეზინფორმაციები ომთან დაკავშირებით და ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში ხალხის წამება დაიწყება უნდა გაფანტოს. მათ ამომრჩეველს უნდა შესთავაზონ რაღაც ალტერნატივა, რითიც მიიზიდავს ხალხს" - ამბობს ჩიტაძე.

გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ სხვადასხვა სოცილოგოგიური კვლევები და არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ მმართველ პარტიას უპირატესობა აქვს. როგორც იგი აღნიშნავს, ოპოზოციას ზერელე საარჩევნო პროგრამები აქვს და მუქარა გასამართლებლის შეძახილებით ყოველთვის დამანგრეველი იქნება ნებისმიერი პარტიისთვის. მისივე შეფასებით, „ოცნებას" თავისი მყარი ამომრჩეველი ჰყავს, თუმცა გადაუწყვეტელებზეც მუშაობს.

„პარტიები ისე უნდა პოზიციონირებდნენ, რომ ამ საარჩევნო რბოლაში რეალური პროგრამების მიხედვით, ცხოვრების გაუმჯობესების გზები შესთავაზონ. რეალური იმიტომ ვახსენე, რომ სამწუხაროდ, ქართული რეალობისთვის ხშირად ადგილობრივი საარჩევნო პროგრამები პოპულიზმს, ცრუ დაპირებებს, რაღაც ასტრონომიულ ხელფასებსა და პენსიებს ეფუძვნება.

„კეტეგორიულად უნდა გამოირიცხოს ძალადობრივ-რევანშისტული მეთოდები იმაში, რომ მოქმედი ხელისუფლების თუ მის მხარდამჭერებს ელოდებათ გარკვეული დევნა, გასამართლება და ა.შ. რისი მოწმეც ბოლო 12 წელიწადია კოლექტიური „ნაცმოძრაობის" მხრიდან ვართ. ეს დაუშვებელია და შედეგებიც ჩანს, როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივ არჩევნებში.

„არ შეიძლება ნებისმიერ თანამემამულეს დაემუქრო იმის გამო, რომ მას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება აქვს. ეს პირველ რიგში რადიკალურ ოპოზიციას ეხება, მაგრამ ამ რადიკალურ ოპოზიციაში არის უდიდესი პრობლემა, რასაც დაქსაქსულობა ჰქვია. ამდენი ოპოზიციური ფლანგი და ნეგატიური მესიჯებია, რაღაც უაზრო პოლიტიკური ცენტრებისა და ალიანსების შექმნაზე იმ დროს, როცა 5%-იანი ბარიერია და არანაირი პოლიტიკური ალიანსების სიაში მოხვედრა არ იქნება.

„აქედან გამომდინარე, ამომრჩეველი, როგორც არჩევნების შედეგები და სოციოლოგიური კვლევები გვიჩვენებს, გაყოფილია ძირითადად მმართველი პარტიის მხარეს. რასაკვირველია, უკმაყოფილონიც არიან, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას ან სხვებს უჭერენ მხარს.

„ასევე, არ დაგვავიწყდეს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლებიც არიან და ესენი საზოგადოების მნიშვნელოვანი სეგმენტია. შესაბამისად, პრაგმატულად მოაზროვნე პოლიტიკური პარტია უნდა ნადირობდეს ამათზე და ისინი დაარწმუნონ, რომ მე უკეთესი ვარ, ვიდრე არსებული ხელისუფლება ან ოპოზციური პარტია. ეს არის უმარტივესი პოლიტექნოლოგიური მეთოდიკა.

„სამწუხაროდ, „ნაც. ოპოზიციის" დიდ ნაწილში ამას არ ითვალისწინებენ და ჰგონიათ, რომ თუ მათ გარკვეული ე.წ. ლაიქები აქვთ სოციალურ ქსელში, ის ტრანსფორმირდება საარჩევნო ხმებში. ეს ასე არ არის, ამომრჩეველთან საჭიროა მუდმივი მუშაობა.

„რასაკვირველია, „ოცნებას" თავისი ძალიან დიდი ელექორატი ჰყავს, თუმცა, ისინიც მუშაობენ იმ გადაუწყვეტელ და განაწყენებულ ამომრჩეველზე, რომლებიც ადრე მმართველ პარტიის მხარეს იყვნენ, ახლა გაურკვეველნი არიან ვის მისცენ ხმა. ეს ერთი შეხედვით ადვილი პროცესია, მაგრამ გარკვეულწილად რთულია, თუმცა პოლიტიკოსები არჩევნებიდან არჩევნებამდე ამაზე მუშაობენ.

„ეს რაღაც ზერელე პოლიტიკური პროგრამები, რომლებიც ძირითადად სადღეგრძელოებს ჰგავს, ოპოზიციას ვგულისხმობ და მუქარა გასამართლებლის შეძახილებით, ყოველთვის დამანგრეველი იქნება ნებისმიერი პარტიისთის.

„თუ არ იქნება შემრიგებლური ტონი, რეალისტური პროგრამები, რომ მე ვჯობივარ „ოცნებას" , რადიკალურ ოპოზიციას არანაირი გამარჯვების შანსი არ აქვს, თუმცა ამის მიუხედავად, 12 წელია არა მხოლოდ პოლიტიკური ანალიტიკოსები, არამედ თავიანთი ამომრჩევლები მაინც არ იცვლიან ზნეს და ფერს და მაინც აგრძელებენ იმ თვითდამანგრეველ გზას, რასაც რადიკალური ოპოზიციონირება ჰქვია", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ნიკა ჩიტაძის შეფასებით, მოსახლეობისთვის მთავარი საკითხია სოციალურ-ეკონომიკურია. მისივე თქმით, ჯანსაღი კონკურენტული საარჩევნო ბრძოლა არ არის და ეს „ოცნების დამსახურებაა", რადგან საზოგადოების პოლარიზაციას ახდებს.

„შესაძლებელია ამომრჩეველი დავყოთ ჯგუფებად და სხვადასხვა ადამიანის პრიორიტეტი განხვავდება, მაგრამ, მაინც თანხვედრა არის ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის საკითხს აქცევს ყურადღებას. აღნიშნულზე მეტყველებს თუნდაც სოციოლოგიური გამოკითხვები. იქ პრიორიტეტი უმუშევრობის დაძლევაა, ასევე პენსიენის საკითხი. სამწუხაროდ, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემამ შედარებით უკანა პლანზე გადაინაცვლა.

„რაც შეეხება წინასაარჩევნო რბოლას, ჩვენ ვხედავთ, რომ ჯანსაღკონკურენციაზე დაფუძნებული ბრძოლა არაა. პირველ რიგში, ეს „ოცნების დამსახურებაა", რომელიც საზოგადოების პოლარიზაციას ახდებს, მათ თავისიანებად და სხვისებად ყოფს, სხვისებში სხვადასხვა ოპოზციური პარტიებია, რომლებიც „კოლექტიურ ნაცებს" ეძახის.

„აქედან გამომდინარე, წინასაარჩევნოდ ეს პრობლემებია, ხელისუფლება წინასაარჩევნო კამპანიას შავ პიარზე აგებს, რომ თითქოს, თუ ოპოზიცია მოვა, ომი იქნება და ჩვენ მშვიდობის გარანტი ვართ", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე