რუსეთიდან ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა ისევ ამოქმედდა. გადაწყვეტილება ძალაში ოქტომბრის ჩათვლით იქნება და მანამდე იმპორტიორებს კვლავ ალტერნატიული წყაროდან მოუწევთ ნავთობპროდუქტის შესყიდვა, რომელიც რუსულ საწვავზე ძვირი ღირს.
რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება ბაზრის სტაბილიზაციისთვის მიიღო. ქვეყანამ ბენზინის ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 1-ელ მარტს მიიღო, თუმცა ძალაში შესული დადგენილება მაისში დროებით შეაჩერა, რისი ვადაც კიდევ ერთი თვით ივნისშიც გახანგრძლივდა.
ამასთან, 2024 წლის 1-ლი მარტიდან 31 აგვისტოს ჩათვლით მთავრობამ კვლავ შემოიღო ბენზინის (მაგრამ არა დიზელის) ექსპორტის დროებითი აკრძალვა, თუმცა მაისის ბოლოდან ივლისის ჩათვლით შეჩერდა.
შეზღუდვის შემდეგ საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ბაზარი ამ კონკრეტული ტიპის საწვავის მიმართულებით სხვა ქვეყნებზე გადაეწყო და შემზღუდავი ნორმის მოხსნის მიუხედავად, ნაწილობრივ ასეც დარჩა, რადგან ბოლო ორი თვის ჭრილშიც რუსეთიდან იმპორტის კლება ფიქსირდება - 26.2%-ით.
რუსეთში ბენზინის ექსპორტზე შეზღუდვა რამდენჯერმე დაწესდა და მოიხსნა, ამიტომ, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ბაზარი დღეისათვის არასტაბილურია.
„რუსეთმა თავისი ონკანი ისევ გადაკეტა. არა მხოლოდ სანავთობო ბაზარი, არამედ მთლიანად ეს ქვეყანა არის დღეისათვის არასტაბილური. ამას ყოველთვის ვამბობდი და მომავალშიც ვიტყვი, მაგრამ ჩვენ რუსეთიდან საწვავს იმიტომ ვყიდულობთ, რომ შედარებით იაფია.
საქართველოში საწვავის დეფიციტი და სხვა კატაკლიზმები გამორიცხულია. ჩვენ გეოგრაფიულად ისეთი მდებარეობა გვაქვს, რომ თუ ვერ შევისყიდით საწვავს ჩრდილოეთიდან, მაშინ ევროპიდან და შუა აზიიდან მოვახდენთ იმპორტს.
რუსეთმა სანავთობო ბაზარი რამდენჯერმე ჩაკეტა და შემდეგ ისევ გახხნა. ამით ჰგონია, რომ საქართველოს პრობლემას შეუქმნის და ჩვენ რაიმეს დაგვაკლებს. ასე არ მოხდება და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს გადაწყვეტილება არც ფასზე იმოქმედებს და არც რაოდენობრივ იმპორტზე. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი კომპანიები და მათ გზა აქვთ ხსნილი ყველა მიმართულებით.
დიდი სიხარულით გეტყვით იმასაც, რომ შესაძლოა, ამ კომენტარის ჩაწერის დროსაც კი, პირველი მატარებლის ვაგონები იტყვირთება ბაქოში. აზერბაიჯანი საქართველოში ბენზინის შემოტანას იწყებს. გადაიარაღება ფაქტობრივად დასრულებულია, ამიტომ რუსეთის ვერანაირი ქმედება ვერ შეგვიქმნის საფრთხეს, თუ რა თქმა უნდა, რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა“, - განუცხადა „რეზონანსს“ ვახტანგ იობაშვილმა.
მთავარი ბაზრიდან იმპორტის შემცირების მიუხედავად, 27.3%-ით არის გაზრდილი ზოგადი მაჩვენებელი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის 6 თვეში საქართველომ სულ 631.6 მლნ აშშ დოლარის ნავთობი და მისგან წარმოებული პროდუქტები შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 496.1 მლნ აშშ დოლარის.
რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი შარშან, 21 სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლითაც, აიკრძალა და მალევე შეზღუდვა გაუქმდა.
ფინანსისტი, საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს სახელმწიფო ორგანო, რომელიც სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანიზაციებთან დადებს ხელშეკრულებას საწვავის მოწოდების თაობაზე.
„რუსეთს საწვავის მიწოდება იმ ქვეყნებისთვის არ შეუწყვეტია, ვისთანაც აქვს სახელმწიფო კონტრაქტები დადებული. ქვეყანაში უნდა არსებობდეს სახელმწიფო ორგანო, რომელიც სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანიზაციებთან დადებს ხელშეკრულებას. თუნდაც სახელმწიფო ბენზინგადამამუშავებელ ქარხანასთან ან სხვა ორგანიზაციასთან და სამინიტროსთან საწვავის მოწოდების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში რუსეთი საწვავის მიწოდებას არავის უწყვეტს.
ჩვენ ასეთი უწყება არ გაგვაჩნია და სწორედ ამის გამო, ძალიან ხშირად გამოვდივარ და ვამბობ, რომ ასეთი ორგანზაციის არსებობს არა მხოლოდ სტაბილურ მოწოდებას შეუწყობს ხელს, არამედ ფასსაც დაარეგულირებს ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ მოსპობს მონოპოლიას და კარტელურ გარიგებებს. ასეთ პირობებში ხალხიც ამოისუნთქებს და ბენზინის ფასიც ჩამოვა 2 ლარამდე. ასეთი პროექტი შევთავაზეთ სახელმწიფოს, მაგრამ ამ ნაბიჯს არ დგამს.
სანამ რუსეთში აკრძალვაა დაწესებული, საქართველოში ბენზინი რუმინეთიდან შემოდის, ასევე, იტალიიდან და ბელორუსიდან. ფასთაშორის სხვაობას რაც შეეხება, რუსული საწვავი 20-25 თეთრით იაფია ყოველთვის, ვიდრე სხვა ქვეყნის ნავთობპროდუქტი“, - განუცხადა „რეზონანსს“ ნიკა შენგელიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე