2024 წლის პირველი ნახევარი 9%-იანი ეკონომიკური ზრდით ჩაიხურა. მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა ორჯერ იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე წლის დასაწყისში იყო ნავარაუდევი როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ინსტიტუტების მიერ. ითქვა, რომ მშპ-ს ზრდა დარჩენილ თვეებშიც გაგრძელება. ეკონომისტთა ერთი ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ 2024 წლის ბოლოს ორნიშნა ან მასთან მიახლოებული მაჩვენებელი ჰქონდეს ქვეყანას.
2024 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა. ხოლო 6 თვეში ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა. როგორც საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, ივნისში ეკონომიკის ზრდაში წვლილი საფინანსო, სადაზღვევო, სამშენებლო, საკომუნიკაციო, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებმა შეიტანეს
"საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში ზრდა ძირითადად განპირობებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლის ზრდით.
მშენებლობის სექტორში ზრდა განაპირობა როგორც საცხოვრებელი, ასევე არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობამ, ასევე გაზრდილია სპეციალიზებული სამშენებლო საქმიანობის მაჩვენებლები. აქვე მოვიშველიებ საგარეო ვაჭრობის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი ცემენტის და კლინკერის იმპორტის მაჩვენებელი.
ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორში მატება დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან, ასევე აღნიშნულ სექტორში საკონსულტაციო საქმიანობის მოცულობის გაფართოებასთან;
ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყოს საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, თუმცა გაზრდილი სახმელეთო ტრანსპორტის მაჩვენებელი, ძირითადად სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების მიმართულებით.
კლების ტენდენცია გამოვლინდა დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში, ეს ძირითადად დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან - გარკვეულწილად შემცირებულია თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების მაჩვენებელი. თუმცა აღსანიშნავია, რომ ივნისში ფეროსილიკონმანგანუმი ექსპორტის მონაცემებით დაახლოებით 70%-ით არის გაზრდილი. ასევე წარმოების შემცირების ტენდენცია შეინიშნებოდა ტანსაცმლის მრეწველობაში", - აღნიშნა თოდრაძემ.
საქართველოს მთავრობა წლის მეორე ნახევარში მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, დადებითი ტენდენციის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რათა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდეს.
"ეკონომიკური ზრდა ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მოხარულები ვართ, რომ ამ წლის პირველი ნახევარი 9%-იანი ეკონომიკური ზრდით დავხურეთ. თქვენ იცით, რომ გასული 3 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 9.7%, ეს კარგი ტენდენცია წელსაც გრძელდება, წლევანდელი მაჩვენებელი 9%-ია. ჩვენთვის მთავარია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. ვფიქრობ, ივლის-აგვისტოში მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება და წლის ბოლომდე ასე უნდა გავაგრძელოთ. ეს არის მთავარი იმისთვის, რომ თანდათანობით ჩვენი ქვეყნის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
წლის დასაწყისში ადგილობრივი თუ საერთაშორი ინსტიტუტები საქართველოს 5%-მდე ეკონომიკურ ზრდას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა არსებული შედეგი თითქმის ორჯერ მეტია.
სწორედ მოსალოდნელზე მეტად გაზრდილ ეკონომიკაზე გააკეთა აქცენტი "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა” ასოციასიის პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ. როგორც მან აღნიშნა, კვლევით ორგანიზაციებს არ ჰქონდათ მოლოდინი, რომ ეკონომიკა ორნიშნასთან მიახლოებული მაჩვენებლით გაიზრდებოდა.
"9%-იანი ეკონომიკური ზრდა, რომელიც მიმდინარე წლის ორ კვარტალში დაფიქსირდა, არის ძალიან კარგი და ცალსახად, დადებითად უნდა მივიჩნიოთ, თუნდაც, გამომდინარე იქიდან, რომ, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციები პირველ ეტაპზე დაახლოებით 4-5%-იან ზრდას ვარაუდობდნენ. შემდეგ თავიანთი პროგნოზი გაზარდეს, დაახლოებით, 6%-მდე, მაგრამ არც ერთ მათგანს არ ჰქონდა მოლოდინი, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა იქნებოდა ორნიშნასთან ახლოს, ანუ 9%. ეს ყველაფერი კი მეტყველებს იმაზე, რომ არსებულმა რეალობამ გადააჭარბა მონაცემებს, რაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ბუნებრივია, რომ მხოლოდ და მხოლოდ დადებითად უნდა შეფასდეს.
აქვე უნდა გავითვალისწნოთ ისიც, რომ წინ გველოდება აქტიური ზაფხული და ტურისტული სეზონი. ამის შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ამ პერიოდში, უახლოესი ორი თვის განმავლობაში, შენარჩუნდება მაღალი ეკონომიკური მაჩვენებელი”, - განუცხადა "რეზონანსს” გიორგი კაპანაძემ.
2024 წლის პირველი ნახევარი მართლაც კარგად გამოიყურება. მიმდინარე წლის სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, გამოჩნდება, რომ იანვარში მშპ - 5.8%-ით გაიზარდა, თებერვალში - 9.5%-ით, მარტში - 8.2%-ით, აპრილში - 11.8%-ით, მაისში - 9.2%-ით, ხოლო ივნისში - 7.5%
მზარდი ტენდენციის გაგრძელებაა მოსალოდნელი მესამე კავრტალშიც, რასაც ხელს ტურისტული სეზონი შეუწყობს. უკვე წლის ბოლოს კი არჩევნებია და როგორც გიორგი კაპანაძემ განაცხადა, თუ არჩევნების შემდგომ სტაბილური სიტუაცია შენარჩუნდება, კვლავ მაღალი ეკონომიკური ტემპი ექნება საქართველოს.
"რაც შეეხება არჩევნების შესაძლო გავლენას, ბუნებრივია, რომ პოლიტიკურ პროცესს გავლენა აქვს ხოლმე ეკონომიკაზე, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნებია და ამის გამო მნიშვნელოვნად შეგვიმცირდება ეკონომიკური ზრდა, ამის მოლოდინი არ მაქვს. ბუნებრივია, იმ პერიოდში შესაძლოა, არ იყოს ისეთი მაღალი ეკონომიკური აქტივობა, როგორც ზაფხულის პერიოდში და შემოდგომის დასაწყისში იქნება, თუმცა თუკი არჩევნების შემდგომ სტაბილური სიტუაცია შენარჩუნდება, დარწმუნებული ვარ, კვლავ მაღალი ეკონომიკური ტემპი გვექნება და ამის შესაბამისად შევძლებთ, რომ არსებულ მოლოდინზე უფრო მაღალი შედეგი დაფიქსირდეს”, - დასძინა "რეზონანსთან” გიორგი კაპანაძემ.
დადებითი შედეგი რომ აშკარაა, ამაზე მიუთითებს სტატისტიკოსი და ეკონომისტი გივი მომცელიძეც და როგორც მან აღნიშნა, არჩევნების პერიოდში ნორმალური ეკონომიკური ზრდა შეინიშნება ხოლმე და ახლაც იგივე სიტუაცია იქნება.
"სტატისტიკური მონაცემები, რომელიც გუშინ "საქსტატმა" გამოაქვეყნა კარგ ეკონომიკურ ზრდაზე მიუთითებს, რომელიც მოსალოდნელზე მაღალია. ამიტომ ამ კუთხით შეფასება მხოლოდ დადებითი იქნება.
რთულია პროგნოზის გაკეთება, რადგან მომავალი ბევრ რამეზეა დამოკიდებულია, თუმცა რასაც ვაკვირდები, არჩევნების პერიოდში არ არის ხოლმე ეკონომიკის შემცირება და ნორმალური მაჩვენებლები ფიქსირდება. ალბათ, ახლაც დაახლოებით არ იქნება, რადგან ეკონომიკური აქტივობა არჩევნების პერიოდშიც არის. სექტემბერ-ოქტომბერშიც არა მგონია, ცუდი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს. არჩევნების შემდეგ კი რა იქნება ძნელი საპროგნოზოა”, - განუცხადა მომცელიძემ "რეზონანსს”.
საქართველოს ეკონომიკა აგრძელებდა დინამიკურ განვითარებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთლიანი ეროვნული პროდუქტი 2024 წლის ივნისში გაიზარდა 7.5%-ით და პანდემიამდელი, ანუ 2019 წლის ივნისის, მაჩვენებელს 36%-ით გადააჭარბა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე