"მომავალ ინვესტორს კიდევ უფრო მეტად გაუჩნდება პორტის აშენების ინტერესი"
გვანცა წულაია
(30.07.2024)

საარბიტრაჟო სასამართლომ „ანაკლიის კონსორციუმს“ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება დააკისრა. შესაბამის სარჩელზე განხილვა უკვე დასრულდა და დაადგინა, რომ მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება კანონიერად შეწყვიტა. საუბარია, 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებაზე და იმ პერიოდზე, როდესაც ანაკლიის პორტის აშენების უფლება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მიენიჭა, თუმცა ინვესტორის მიერ საინვესტიციო ვალდებულებების მრავალჯერადი დარღვევის გამო, მთავრობა იძულებული გახდა საინვესტიციო ხელშეკრულება შეეწყვიტა. 

არბიტრაჟმა მოსარჩელეს მილიარდ ნახევარი დოლარის ანაზღაურებაზეც უარი უთხრა და პიქირით, მას საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

„პარიზის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ გადაწყვეტილება გაუზიარა, რომლის მიხედვითაც დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. აღნიშნული დავის საფუძველს წარმოადგენდა ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ოპერირებისა და გადაცემის შესახებ საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება. კერძოდ, ინვესტორის მიერ საინვესტიციო ვალდებულებების მრავალჯერადი დარღვევის გამო, საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა საინვესტიციო ხელშეკრულება შეეწყვიტა. 

საარბიტრაჟო მოსარჩელე სადავოდ ხდიდა საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერებასა და ითხოვდა დაახლოებით 1.5 მლრდ დოლარის ოდენობის კომპენსაციას. არბიტრაჟმა სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი სამართლებრივი არგუმენტები და მტკიცებულებები და დაადგინა, რომ მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად დადგენილი ვადების მრავალჯერ გადავადებისა, ინვესტორმა მთლიანად საკუთარი ბრალეულობით ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება.

ასევე, პროექტის დაფინანსების ვალდებულება სრულად ეკისრებოდა ინვესტორს, რომელმაც, საკუთარი მიზეზით, ვერ მოიძია საკუთარი სახსრები. პროექტის კომერციული რისკის მატარებელი იყო ასევე მხოლოდ ინვესტორი. მთავრობას არც პირდაპირ და არც ირიბად ინვესტორისთვის ხელი არ შეუშლია პროექტის განხორციელებაში. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება შეწყვიტა კანონიერად და მოსარჩელის მოთხოვნა, მილიარდ ნახევარი დოლარის ანაზღაურებაზე სრულად უარყოფილ იქნა, პირიქით, მოსარჩელეს საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ დაეკისრა 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ.

არბიტრაჟის გადაწყვეტილების მიუხედავად, მამუკა ხაზარაძე მაინც იმ აზრზეა, რომ ანაკლიის პორტის აშენებას ხელი "ქართულმა ოცნებამ” შეუშალა. 

"თანამედროვე, დასავლეთის მიერ დაფინანსებული ანაკლიის პორტი, რომელიც დღეს დიდი ხნის აშენებული და ამუშავებული იქნებოდა, საქართველოს მოსახლეობას უზარმაზარ შესაძლებლობებს შეუქმნიდა. პორტი, თუ სწორად განვითარდებოდა, ათიათასობით ღირსეულ სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა საქართველოს მოქალაქეებისთვის. სამწუხაროდ, `ქართულმა ოცნებამ", წლების განმავლობაში ჯერ შეაფერხა ჩვენი მუშაობა ამ პროექტზე, შემდეგ კი სრულად დაბლოკა მისი განხორციელება”, - დაწერა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განცხადებები გაკეთდა მმართველ პარტიაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილებით თავიდან ბოლომდე ხაზარაძე-ჯაფარიძის მხარე გამტყუნდა.

"გაიმარჯვა სახელმწიფომ, რომელიც სამართლიანი წესებით მოქმედებს. ანაკლიის საქმე იყო თავისი შინაარსით ძალიან მარტივი, რადგან სახელმწიფომ ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმს ყველა პირობა შეუქმნა, იმისთვის რომ ინვესტორები მოეზიდათ და პროექტი განეხორციელებინათ.

კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი ანაკლიასთან დაკავშირებით, რომ კონსორციუმს ინვესტორების მოზიდვა გაადვილებოდა. საერთაშორისო არბიტრაჟმა სიმართლე დაადგინა, სადაც თავიდან ბოლომდე გამტყუნდა ხაზარაძე-ჯაფარიძის მხარე.

სტრატეგიული კუთხით ჩვენი ინტერესები ბოლომდე იქნება გათვალისწინებული, რაც ვერ გააკეთეს ხაზარაძე-ჯაფარიძემ, იმას აუცილებლად გააკეთებს ქართული სახელმწიფო", - განაცხადა კობახიძემ.

ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კი ხაზი გაუსვა, რომ  საქართველოს მთავრობა ანაკლიის პროექტთან მიმართებით აბსოლუტურად მართალი იყო.

„პარიზის საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის პროექტის განვითარების საკითხში. საბოლოოდ, არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობა პროექტთან მიმართებაში აბსოლუტურად მართალი იყო და დასრულდა წლების სპეკულაცია მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც რამდენჯერმე გადაუვადა ინვესტორს ვალდებულება და ამის მიუხედავად, პროექტი ვერ შესრულდა“, - განაცხადა დავითაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კი აღნიშნა, რომ ხაზარაძემ, ჯაფარიძემ და მათმა კომპანიამ ფაქტობრივად რვა წელი დააკარგვინეს სახელმწიფოს ანაკლიასთან დაკავშირებით.

პროექტის განვითარებაში არბიტრაჟის გადაწყვეტილება საკმაოდ მნიშვნელოვანია. დადასტურდა, რომ ხელისუფლება არაფერ შუაშია. მომავალ ინვესტორს კი მეტად გაუჩნდება პორტის აშენების ინტერესი.

სწორედ ამაზე ისაუბრა ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ და ხაზი გაუსვა, რომ ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია, ხედავადეს სახელმწიფოს დამოკიდებულებას ბიზნესისა და კერძო სექტორისადმი.

"მიღებული გადაწყვეტილება სახელმწიფოს პრესტიჟისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირიქით რომ მომხდარიყო, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება უარყოფითად იმოქმედებდა ბიზნესგარემოზე, ინვესტორებზე და საქართველოსადმი მიმართებაში დამოკიდებულებაზე. დადსტურდა, რომ სახელმწიფო კერძო კომპანიასთან იყო მართალი და ეს ჰქმნის იმის ძალიან კარგ გარანტიას პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. ნებისმიერი ინვესტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხედავადეს სახელწმიფოს დამოკიდებულებას ბიზნესისა და კერძო სექტორისადმი, რაც ამ გადაწყვეტიელბამ დაადასტურა. სახელმწიფო 100%-ით გამართლდა. 

თავის დროზე, კარგად ჩავიხედე თუ რასთან გვქონდა საქმე. წარმოიდგინეთ, ნებისმერ სფეროში. თუნდაც გზის გაყვანაზე ცხადდება ტენდერი. ტენდერში მონაწილეობას იღებს რამდენიმე კომპანია და იგებს ერთ-ერთი, რომელსაც უკეთესი პირობები აქვს. ტენდერის მოგების შემდეგ კი, იმის ნაცვლად, რომ მოგებულმა კომპანიამ დაიწყოს საქმიანობა, იწყებს ტენდერის პირობების გაუმჯობესებაზე ფიქრს მის სასარგებლოდ. წლების განმავლობაში, ხაზარაძის სასარგებლოდ უამრავჯერ გაუმჯობესდა ხელშეკრულების პირობები. გაგრძელდა ვადები, შევიდა სხვადასხვა ცვლილებები, რაც არის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება სხვა მონაწილეების მიმართ. სახელწიფომ რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, ყველაფერი გააკეთა. ხაზარაძის მხარეს ამას აღიარება და დანახვა კი დღეს არ სურს. 

ანაკლიის კონსრუციუმი, მამუკა ხაზარაძის კომპანია ითხოვდა სახელწმიფოსთვის მიუღებელ პირობას. კერძოდ, ეს ეხებოდა დაზღვევას სახელწმიფოს მხრიდან; ანუ როგორც არ უნდა ემუშავა ანაკლიის კონსრუციუმს, მოიზიდავდა თუ არა ტვირთებს, წაგებაზე იმუშავებდა თუ მოგებაზე, სახელმწიფოს მოგება მაინც უნდა დაეზღვია, რაც არის წარმოუდგენელი. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ წავიდოდა იმაზე, რომ წინასწარ ჩაედო ხელშეკრულებაში მსგავსი რამ ჩვენი გადამხდელების, ხარჯზე. 

სახელმწიფომ ბოლოს შეუწყვიტა ხელშეკრულება და დაიკარგა მრავალი წელი. ამის შემდეგ ხაზარაძე და ჯაფარიძე ჩივიან საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში, რამაც კიდევ ერთი ზიანი მიაყენა ამ პროექტს და დროში გაწელა. სანამ რაღაც ეტაპზე არ გავიდოდა საარბიტრაჟო პროცესი, შეუძლებელი იქნებოდა პროექტის განახლება. რომელი ინვესტორი ჩადებს ფულს იმ პროექტში, რომელზეც სასამართლო მიმდინარეობს?!

სახელმწიფოს წლები დასჭირდა იმისათვის, რომ ამ პროექტის განხორციელება ხელახლა დაეწყო. როცა თანხმობა არავინ გამოთქვა, გარდა ჩინური კომპანიისა, აქაც კი ჩაერთვნენ დამაზიანებელ პროცესში, პოლიტიკური განცხადებებით, რომ თურმე ჩინელებისთვის არ შეიძლება პროექტის მიცემა. ამაზე საუბრობენ მაშინ, როცა ხაზარაძის შემთხვევაში სახელწმიფოს წილი იქნებოდა ნული პროცენტი, დღეს კი სახელმწიფო ანკლიის პორტის პროექტში ფლობს საკონტროლო პაკეტს - 51%-ს”, - განაცხადა "რეზონანსთან” ამირან სალუქვაძემ. 

კიდევ ერთი ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე მიიჩენევს, რომ მამუკა ხაზარაძე საზოგადოებას ბოდიშს უნდა უხდიდეს ამ ყველაფერზე.

"პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით საბოლოოდ დადგინდა, რომ სრული სიცრუე იყო, რომ პროექტი შეჩერდა სახელმწიფოს მხრიდან ხელისშეშლის გამო, რასაც ამ წლების მანძილზე ბატონი ხაზარაძე გვიმტკიცებდა. მიმდინარე წლის 29 ივლისს პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, მიუხედავად საქართველოს მთავრობის მხრიდან 2016-2020 წლებში დადგენილი ვადების არაერთგზის გადავადებისა (პროექტი 6-ჯერ გადავადდა), პროექტის დაფინანსების ვალდებულება მთლიანად ეკისრებოდა ინვესტორს, რაც მან ვერ შეძლო, ხოლო მთავრობას ხელი არ შეუშლია, არც პირდაპირ და არც ირიბად პროექტის განხორციელებისთვის! 

შესაბამისად, მოთხოვნა 1.5 მიულიარდი აშშ დოლარის ანაზღაურებაზე უარყოფილი იქნა და აქეთ დაეკისრა კონსორციუმს საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება.

წლების მანძილზე საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და ამ მეტად მნიშვნელოვანი პროექტის ჩაგდების გამო, ბატონი ხაზარაძე წუხილს კი არ უნდა გამოხატავდეს არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამო, პირიქით, საზოგადოებას ბოდიშს უნდა უხდიდეს ამ ყველაფერზე, ხოლო პოლიტიკაში ამის მწარე შედეგს 26 ოქტომბერს თავად იხილავს!” - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე