თამთა ჩაჩანიძე
(30.07.2024)

პრემიერ-მინისტრი უკვე მეორედ იძლევა გარანტიას, რომ არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ერთ კვირაში მეორე ფრონტი გაიხსნება. „თეორიულად რომ დავუშვათ „ნაცმოძრაობის" დაბრუნება, საერთოდ უკან მოგვრჩება ევროინტეგრაციაც და ყველაფერიც. გარანტიას ვიძლევი იმისა, რომ თუ ასეთი თეორიული სცენარი შეიძლება წარმოვიდგინოთ, ერთი კვირა არ დასჭირდებათ იმისთვის, რომ აქ გახსნან მეორე ფრონტი" - თქვა კობახიძემ „იმედის" ეთერში.

„პიარულადაც კი არ შეფუთავენ ამ ყველაფერს. პირდაპირ შეუდგებიან საქმეს. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების" არჩევა არის პირიქით აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს წინსვლა ყველა მიმართულებით, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე", - აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი შინაარსის განცხადება დაახლოებით ერთი კვირის წინ გააკეთა.

„თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის" მოსვლა ხელისუფლებაში, მაგალითად, ნოემბრისთვის, არჩევნების შემდეგ, გარანტიას გაძლევთ, არათუ ორ, სამ და ოთხ თვეში, პიარულადაც არ შეფუთავენ ამას, გარანტიას გაძლევთ, რომ დღეების განმავლობაში საქართველო გახდება მეორე ფრონტი. ამის გარანტიას ვიძლევი იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მე მაქვს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 24 ივლისს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ განცხადება შინაარსს მოკლებული და აბსურდულია და გათვლილია წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის დაშინებაზე. ძაბირაძე ამბობს, რომ „ოცნების" გზავნილები ომზე, უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის დასაწყისში კიდევ ჭრიდა, თუმცა ახლა როცა აშშ და დასავლეთი უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებაზე საუბრობენ, ყველა ხვდება, რომ ეს პიარია და სხვა არაფერი, რომელიც არჩევნებზეა გათვლილი.

„ვინც ამ პოლიტიკურ ვითარებაში მეტ-ნაკლებად, თუნდაც ჭორის დონეზეა ჩართული, ხვდება, რომ ამაზე უფრო აბსურდული განცხადება წარმოუდგენელია. როდესაც ლაპარაკი მიდის იმაზე, რომ უკრაინას იარაღის მიწოდება შეუზღუდონ, რომ იქნებ რამენაირად კონფლიქტი დასრულდეს, საკითხავია საქართველოში მეორე ფრონტი ვინ უნდა გახსნას? მაშინაც აფსურდი იყო, როცა მეორე ფრონტზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ საწყის პერიოდში მეტ-ნაკლებად უკრაინელი მაღალჩინოსნების გამოსვლებით და ა.შ. კიდევ შეიძლებოდა ასეთი ილუზია შექმნილიყო. დღეს, როცა ტრამპი ლაპარაკობს, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში ომს დაასრულებს, როცა ზელენსკი ამბობს, რომ წლის ბოლოსთვის შესაძლებელია რაღაც შეთანხმება მიიღწეს, აქ მეორე ფრონტი ვინ უნდა გახსნას? ან რის იმედზე უნდა გახსნას ძალიანაც რომ უნდოდეს?

„საქართველოსა და მსოფლიოში არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ამაზე უფრო აბსურდიული განცხადება არ მომისმენია. „ქართულ ოცნებას" სულ ორი თემა დარჩა, რითაც შეუძლია ამომრჩეველი ისევ შეაშინოს - ესაა ისევ ომზე ლაპარაკი და ის, რომ თუ ხელისუფლებაში „ნაცები" მოვიდნენ რეპრესიები დაიწყება, სხვა თემა „ოცნებას" არ აქვს, ამიტომაც ამაზე მუდმივად ამას ლაპარაკობენ. გებელსის პროპაგანდას გადააჭარბეს. ამ თემაზე დღეს როგორ შეიძლება მსჯელობაც კი. ეს არჩევნებზეა გათვლილი და პიარია, მეტი არაფერი.

„ოცნება" ისევ და ისევ ძველ თემებს ატრიალებს, მოსახლეობა ისევ შეაშინონ, რომ ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობა" არ დაბრუნდეს და ომი არ დაიწყოს, „გლობალური ომის პარტია" და ა.შ. რა თქმა უნდა, თავდაჯერებული უნდა იყოს და ამაზე ისე ილაპარაკოს, აბა თუ ვერავინ დაარწმუნა, რა აზრი აქვს ასეთ პიარს?!"- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი „რეზონანსთან" ამბობს, რომ კობახიძის განცხადება შესაძლოა რეალურ სცენარსაც უკავშირდებოდეს და საარჩევნო კამპანიასაც.

„ეს ორი ვარიანტი ერთმანეთს არ გამორიცხავს, გახმოვანება და პედალირება საარჩევნო კამპანიის გამო ხდება, მაგრამ შინაარსი შეიძლება რეალობას უკავშირდებოდეს. ჩვენ გვეხსოვს, რომ სააკაშვილმა ცხინვალში დაკარგული სოფლები ქვების გროვად მოიხსენია და ომზე ადვილად წავა. იქამდე, სანამ აღმოაჩენდნენ, რომ ეგ პოზიცია პოპულარული არაა, განუწყვეტლივ უსავმდნენ ხაზს - ღირსება გვკარნახობს, რომ ომში ჩავერთოთო. ამ ფონზე, ერთის მხრივ ამ გჯუფისთვის ომის დანაკარგები დიდად მნიშვნელოვანი არაა (რაც სააკაშვილის ამ ფრაზაშიც გამოჩნდა), მეორეს მხრივ, ის, რომ მათთვის უკრაინის პროცესებში მონაწილეობა მხარდასაჭერია, ეგ ისედაც ჩანს, რადგან უკრაინაში მყოფი მებრძოლების დიდი ნაწილი „ნაციონალური" სულისკვეთების ხალხია და ხანდახან იმუქრებიან კიდეც. (კობახიძის) სცენარი შეიძლება რეალობასთან ახლოს იყოს",- განაცხადა მან.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება, რომ რუსეთი იმუქრებოდეს ასეთ რამეს, საყვარელიძემ გვითხრა:

„ამ შემთხვევაში აქცენტი რუსეთზე არაა, ამ შემთხვევაში იგულისხმება დასავლეთის მხრიდან ომში ჩაბმა. დასავლეთი უკრაინასთან ომში სერიოზულადაა ჩაბმული თავის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალით და რესურსით და არ იქნება გასაკვირი და სამხედრო პირებმა თქვეს კიდეც, რომ დასავლეთისთვის დამატებითი ფრონტის გახსნა ხელსაყრელი იყოს, რათა რუსეთთან საომარი მოქმედებები უფრო შედეგიანი აღმოჩნდესო. ომის პარტია - რაზედაც ლაპარაკი იყო, ეს რუსული პარტია არაა და რუსეთს პარტია არ სჭირდება, ისედაც სულ ომზე უკავია თვალი, ეს უპირველეს ყოვლისა, დასავლეთის ჯგუფებია, რომლებისთვისაც საომარი მოქმედება მისაღები და ბუნებრივი მდგომარეობაა",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე