ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლი, გელათის მონასტერი საფრთხეშია. სიტუაციას უამინდობა და ძლიერი წვიმა ართულებს. ზოგიერთი სპეციალისტის შეფასებით, დროებითი გადახურვა საკმარისად არ იცავს და მცირე რხევებმაც კი შეიძლება დააზიანოს მნიშვნელოვანი ელემენტები, მათ შორის მოზაიკა.
გელათის კომიტეტში მოწვეული იტალიელი სპეციალისტი, რობერტო ნარდი საპატრიარქოს ტელევიზიასთან ამბობს, რომ ჭერი ძალიან დაზიანებულია და მიწისძვრასა და სხვა ნებისმიერ რხევას ვეღარ გაუძლებს.
„ჩვენ არ ვსაუბრობს იატაკსა და კედლებზე, ვსაუბრობთ მხოლოდ ჭერზე, გაკეთებულ მოზაიკაზე, რომლის 89% აღარ მდებარეობს იმ ადგილას, სადაც თავიდან იყო. ყველა გამოკვლევით დგინდება, რომ ამ მოზაიკას არ გააჩნია უნარი რაიმე სახის დამატებით გავლენას გაუძლოს, ეს იქნება მიწისძვრა, თუ ნებისმიერი რხევა, რომელიც გამოწვეული იქნება სხვადასხვა ქმედებით", - აღნიშნავს ნარდი.
ორგანიზაციის „ევროპა ჩემი სახლია" დამფუძნებლის თორნიკე ბარათაშვილის ინფორმაციით, მხოლოდ გუმბათის გარე სამუშაოების დასრულება 15-მდეა დაგეგმილი. როგორც იგი აღნიშნავს, 25 დღის განმავლობაში დროებითი გადახურვა მოხსნილი, ის ახლაც ასეა და მის ქვეშ არსებული მოზაიკა ძალიან რთულ მდგომარეობაშია.
„გაკეთებულია კემპი, რომელიც წყლისგან ნაწილობრივ დააზღვევს, რადგან იქამდე სანამ სრულად არ მოეწყობა კონსრუქცია შეუძლებელია ეს მოხდეს. როგორც ვიცით, მხოლოდ გუმბათის გარე სამუშაოების დასრულება 15-მდეა დაგეგმილი, გუმბათის სამუშაოები როდის გადაწყდება ჩვენ არ ვართ ინფორმირებულები. რა თქმა უნდა, ჩვენ 4 წლის განმავლობაში ვითხოვდით, რომ უკეთესი გადახურვა ყოფილიყო, მაგრამ როცა პროცესი შეცდომების ფონზე მიდის და ამას კომიტეტის წევრები არ აღიარებენ რასაკვირველია, მეტი ეჭვი ჩნდება. გამოსასწორებლად და ნდობის გასაზრდელად მეტი საჯაროობა საჭირო და ყველა კონკრეტულ საკითხზე პასუხის გაცემა. კონკრეტული საკითხი კი არის ის, თუ რატომ მოხსნეს 25 დღის მანძილზე დროებითი გადახურვა და ის ახლაც მოხსნილია, რომლის ქვეშ არსებული მოზაიკა უმძიმეს მდგომარეობაშია", - თქვა ბარათაშვილმა.
ისტორიკოსსა და პოლიტოლოგს, ედიშერ გვენეტაძეს ეეჭვება გელათი ამხელა საფრთხის წინაშე იდგეს, რადგან შესაბამისი კომიტეტი ამას არ დაუშვებდა და საპატრიაქროს კი რეაგირება ექნებოდა.
„მე ამაზე საკმარის ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ რაღაც მეეჭვება ასეთი მძმე მდგომარეობა იყოს. შესაბამისი კომიტეტი შექმნილია, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს და არა მგონია მათ ასეთი უდიდესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი განადგურების საფრთხის წინაშე დააყენებინათ. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ რაღა ქართველები ვიქნებით? რაღა სახელმწიფო გვექნება? და წინაპართა წინაშე რა პირით უნდა წარვსდგეთ? რაღაც მეეჭვება ეს ასე სავალალო მდგომარეობაში იყოს. კიდევ ვიმეორებ, ეს თუ რეალურად ასეა, მაშინ განგაშის ზარებია დასარეკი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამას საპატრიაქტს ვერავინ დაასწრებდა", - განაცხადა გვენეტაძემ „რეზონანსთან".
არქიტექტორ ვატო ზესაშვილის თქმით, ტაძარს სახურავი იცავს, თუმცა ცოტა წყალს მაინც აპარებს.
„გადახურვის გარეშე არ არის, ძველი კრამიტებით გადახურულია. კრამიტების ქვეშ გირგულაბია, მის ქვეშ დამცავი ფენა და ა.შ. კი, სადღაც რაღაცას აპარებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახურავის გარეშე დავტოვეთ. ერთი თვის განმავლობაში იმდენ წყალს ვერ გააპარებს, რომ სერიოზული საფრთხე შეუქმნას", - ამბობს ზესაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე