თამთა ჩაჩანიძე
(30.07.2024)

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს, აცხადებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე. ამბობს, რომ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" სარჩელზე დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება კანონიერად შეწყვიტა. ფაქტს თავად ხაზარაძე ეხმაურება და სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „გულდასაწყვეტს" უწოდებს „იმდენად, რამდენადაც ქართველებისთვის ათიათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგა".

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. ხაზარაძეს პროექტს არ უწუნებს, თუმცა ამბობს, რომ მისი განხორციელება ისეთ დათქმებთან იყო დაკავშირებული, რაც სახელმწიფოს დააზარალებდა და წამგებიანი იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის დასაწყისში, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" წყვეტდა საინვესტიციო ხელშეკრულებას, რადგან კონსორციუმმა ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და მთავარმა უცხოელმა ინვესტორმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი 2020 წლის 29 ივლისს შეიტანეს. კონსორციუმმა და ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბობ მეიერმა დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით შეიტანეს. ამ ორი სარჩელით ისინი დარღვეული უფლებების აღდგენას ითხოვდნენ და ასევე, კონსორციუმისა და მეიერის დანაკარგის ფინანსურ ანაზღაურებას, რომელიც მათი მოთხოვნით, 1 მილიარდ აშშ დოლარს სცილდებოდა.

რატი ბრეგაძის ინფორმაციით, არბიტრაჟმა მოსარჩელეს მილიარდ ნახევარი დოლარის ანაზღაურებაზეც უარი უთხრა და მას საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის მშენებლობას თავად შეუშალა ხელი და სახელმწიფოს ფაქტობრივად, 4 წელი დააკარგვინა.

„ბატონმა ხაზარაძემ განაცხადა, რომ სამწუხაროა ეს გადაწყვეტილება. ვეთანხმები, რა თქმა უნდა. მათთვის სამართალი, ზოგადად, არის სამწუხარო მოვლენა. მე მგონი, ყველა დარწმუნდა მრავალ საერთაშორისო დავაში, იმის შესახებ, რომ სიმართლე არის ქართული სახელმწიფოს მხარეს. სახელმწიფო ყველანაირად უწყობდა ხელს [ხაზარაძეს] ვალდებულებების შესრულებაში, თუმცა თავად არ ასრულებდა ამ ვალდებულებებს. შესაბამისად, თუკი მას პრეტენზია აქვს ვინმესთან, პორტის არ ან ვერ აშენებასთან დაკავშირებით, ეს რა თქმა უნდა, პირველ რიგში საკუთარ თავს და პარტნიორებს უნდა მოჰკითხოს," - განაცხადა მინისტრმა.

რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ „წარსულს ჩაბარდა ისეთი სახელმწიფო, რომელიც ხალხის გაღატაკების, ეკონომიკის გაცამტვერების და ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების ხარჯზე ვინმეს უსამართლოდ გამდიდრებას დაუშვებს".

2024 წლის 29 მაისს საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 49%-იან წილს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ჩაიბარებს, რომელსაც ორი კონტრაქტორი კომპანია ჰყავს.

ექსპერტი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის ოფიციალური დეკლარირებული პირობაა, რომ აუქციონში გამარჯვებულმა კონსორციუმმა პორტის მშენებლობა უნდა დაიწყოს, თუმცა ზუსტი დრო ექსპერტისთვის უცნობია,

„რაც შეეხება წინა პროექტს, რომელიც ხაზარაძეს ჰქონდა, თავისთავად ცუდი არ იყო, მაგრამ მისი განხორციელება ისეთ დათქმებთან იყო დაკავშირებული, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ნამდვილად არ აწყობდა. ეს იყო კერძო ფირმისთვის სახელმწიფო გარანტიების მიცემა იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული რაოდენობის ტვირთები არ იქნებოდა, ჯარიმა სახელმწიფოს უნდა გადაეხადა, რაც იდეაში ქვეყნისთვის აბსოლუტურად წამგებიანი იყო - შესაძლოა, ვიღაცას ტვირთები სპეციალურად შეემცირებინა და ამაზე ხელი მოეთბო. ხაზარაძის მხარემ ეს გაასაღა, როგორც სახელმწიფოს მხრიდან დასავლეთის ინიციატივების საბოტაჟი. ეს ასე არ იყო, მაგრამ ასე მოინდომეს. სასამართლო ამიტომაც წააგეს, რომ სახელმწიფოს მხრიდან რაიმე იდეოლოგიური ფონი კი არა, არამედ ეკონომიკური გათვლები იყო. ეს პროგნოზირებადიც იყო," - განაცხადა არეშიძემ.

მისივე თქმით, თავისთავად ის ფაქტი, რომ ახალ კონსორციუმთან პროექტში 51% სახელმწიფოს ეკუთვნის, უკვე კარგია.

„ძალიან მინდა, რომ ეს წილი სახელმწიფოს საკუთრებაში მუდმივად შენარჩუნდეს და არ მოხდეს მისი გასხვისება, როგორც სხვა შემთხვევებში ხდებოდა - გვახსოვს რკინიგზა ძლივს გადაარჩინეს, თორემ სააკაშვილის დროს გაყიდვას აპირებდნენ. რაც შეეხება თავად კონსორციუმში გამარჯვებულ კომპანიას, რასაკვირველია, მას გარკვეული ხარვეზები აქვს, მაგრამ დადებითიც ბევრი აქვს და კარგი პროექტებიც აქვს განხორციელებული. ჩემი აზრით, ყურადღება აქვს მისაქცევი შედარებით მომცრო ორგანიზაციაზე, რომელიც ასევე მონაწილეობს ამ პროცესში და ჩვენთვის სინგაპურის ფირმით არის ცნობილი. სადაც სინგაპურია, იქ აუცილებლად ჩინეთიცაა, მაგრამ აუცილებლად ბრიტანეთიცაა. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ გარკვეულწილად შეგნებულად გადადგმული ნაბიჯია. ამ სინგაპურული ფირმის მონაწილეობა გარკვეული კონტაქტების შენარჩუნების მცდელობაა დასავლეთთან და ამ თვალსაზრისით სწორი ნაბიჯია გადადგმული.

„როდესაც ვლაპარაკობთ, რომ დასავლეთის საწინააღმდეგო ნაბიჯია გადადგმული იმიტომ რომ ჩინელებმა გაიმარჯვეს, ჯერ ერთი, აუქციონი ღია იყო და ყველას შეეძლო მონაწილოება მიეღო, დასავლური კონსორციუმი მონაწილოებდა, მაგრამ ბოლო მომენტში თვითონ თქვა უარი. ესეც რომ არ იყოს, თუკი ვინმეს შავი ზღვის სანაპიროზე ჩინეთის მონაწილეობა არ მოსწონს, ეს პირველ რიგში რუსეთია, რადგან ანაკლიის პორტის აშენებით, პრაქტიკულად რუსული ნოვოროსიისკის პორტის ფუნქციები მკვეთრად შეიზღუდება. ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს კი ამის თქმა არ უნდა. რა საკვირველია, ეს დასავლეთისთვის განსაკუთრებული საჩუქარი არაა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ დასავლური და ჩინური მხარეები ყოველთვის მოილაპარაკებენ, რადგან მათ გარკვეული ტიპის ეკონომიკური ურთიერთობა აქვთ, რომელსაც ორივე მხარე მტკიცედ ინარჩუნებს. არ დაგვავიწყდეს, რომ დაახლოებით 70 მილიარდამდე ტვირთბრუნვაა ჩინეთსა და ევროკავშირს შორის და დაახლოებით 800 მილიარდამდე აშშ-ჩინეთს შორის. დასავლეთს ორი მხარე აქვს და ანალიზისთვის ორივე მხარეს უნდა შეხედო", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".

რაც შეეხება ხაზარაძის გამოხმაურებას, „ლელოს" თავმჯდომარე გულდასაწყვეტს უწოდებს სასამართლოს გადაწყვეტილებს.

„არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია იმდენად, რამდენადაც ქართველებისთვის ათიათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგა. თანამედროვე, დასავლეთის მიერ დაფინანსებული ანაკლიის პორტი, რომელიც დღეს დიდი ხნის აშენებული და ამუშავებული იქნებოდა, საქართველოს მოსახლეობას უზარმაზარ შესაძლებლობებს შეუქმნიდა. პორტი, თუ სწორად განვითარდებოდა, ათიათასობით ღირსეული სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ", რუსეთის დაკვეთით, წლების განმავლობაში ჯერ შეაფერხა ჩვენი მუშაობა ამ პროექტზე, შემდეგ კი სრულად დაბლოკა მისი განხორციელება. ხელისუფლება მრავალი წელია აცხადებს, რომ პორტის მშენებლობაზე მუშაობას იწყებენ. ამასობაში კი, ოთხი წელი გავიდა, პორტი ისევ არ არსებობს და ათიათასობით ქართველმა დაკარგა ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა და ქვეყანამ - რეგიონული განვითარების უპრეცედენტო შანსი.

„ოქტომბერში ქართველმა ხალხმა პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს მთავრობას ამ წარუმატებლობისთვის. „ქართული ოცნება" აცხადებს, რომ პროექტს განაგრძობენ საეჭვო რეპუტაციის და დასავლეთში სანქცირებულ ჩინურ კომპანიასთან ერთად, რომელსაც აკონტროლებს კომუნისტური პარტია, რომელიც მხილებულია კორუფციაში, გარემოსთვის ზიანის მიყენებაში, დაუმთავრებელ პროექტებსა და შრომით ექსპლუატაციში.რაც მთავარია, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილის მაგალითზე ვნახეთ, რამდენი პრობლემა ჩნდება, როდესაც ეს მთავრობა დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ჩინელ კონტრაქტორებს აბარებს. ჩინურ კომპანიებს დაქირავებული მუშახელი უცხოეთიდან ჩამოჰყავთ და შექმნილ სამუშაო ადგილებს ქართველების ნაცვლად უცხოელები იკავებენ.

„ჩვენ გვაქვს ანაკლიის სწორ გზაზე დაბრუნების მარტივი გამოსავალი: ეს მთავრობა, რომელიც რუსეთის ინტერესებს ემსახურება, შევცვალოთ პროევროპული კოალიციური მთავრობით, რომელიც საქართველოს ინტერესებს ემსახურება. ჩვენ დავაბრუნებთ კეთილსინდისიერ დასავლელ ინვესტორებს, დავასრულებთ პროექტს მაღალი დასავლური სტანდარტების შესაბამისად და ანაკლიაში შევქმნით ათიათასობით სამუშაო ადგილს, "მარშალის გეგმის" ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს 200 000 სამუშაო ადგილის შექმნას ქართველებისთვის. ჩვენ ავაშენებთ ანაკლიას!"- წერს მამუკა ხაზარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე