საქართველოს სოფლის მეურნეობაში ნიტრატების ჭარბი გამოყენების გამო მოსახლეობის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება. იმისთვის, რომ მოსავლიანობა გაზარდონ, ფერმერულ მეურნეობებში გადაჭარბებული მოცულობით იყენებენ სასუქს, რაც სხვადასხვა დაავადების გავრცელებას უწყობს ხელს და ადამიანებს პირდაპირ წამლავს.
მეურნეობის ქიმიზაციის ინტენსიური ზრდის პირობებში, სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა გარემოს ნიტრატებით დაბინძურების საკითხს. ეს იმით აიხსნება, რომ ნიტრატები და მისი გარდაქმნის შედეგად მიღებული ნივთიერებები არასასურველ გავლენას ახდენენ როგორც ადამიანზე, ასევე სასოფლო-სამეურნეო ცხოველებსა თუ მცენარეებზე და საერთოდ გარემოზე.
როგორც სპეციალისტები განმარტავენ, მინერალური სასუქები გარკვეულ ზეგავლენას ახდენენ აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ხარისხზე. ბიოქიმიური ანალიზებით დადგენილია, რომ ცვლილებები ხდება ცილების, ცხიმების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების შემადგენლობაში. ბევრი სპეციალისტის მონაცემით არასასურველი ბიოქიმიური გარდაქმნები ხდება მხოლოდ მათი მაღალი და საშუალო კონცენტრაციების შემთხვევებში, მაგრამ მოიპოვება მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ბიოლოგიური მახასიათებლების გაუარესებაზე, მინერალური სასუქების უმნიშვნელო რაოდენობით გამოყენების დროსაც.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგე, აკადემიკოსი რამაზ გახოკიძე განმარტავს, სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაში სასუქების დიდი ოდენობით გამოყენება სხვადასხვა დაავადებების პროვოცირებას ახდენს. არღვევს ნახშირწყლოვან და ცილოვან ცვლას, მოქმედებს სისხლის წითელ ბურთულებზე და ხელს უშლის ჟანგბადის შეთვისებას, ასევე აქვეითებს ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას.
„მიწათმოქმედებმა ქიმიური სასუქების გამოყენება მე-19-ე საუკუნიდან დაიწყეს. სასუქების ორი ჯგუფია - მინერალური და ორგანული. მინერალური სასუქებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ფტორის, ფოსფორისა და აზოტის ნაერთები, რომელიც ყველაზე ტოქსიკურად მიიჩნევა. მინერალური სასუქების შემცველი მტვრის შესუნთქვა იწვევს ზედა სასუნთქი გზების კატარს, რინიტს, ლარინგიტს, ბრონქიტს, პნევმოკონიოზს. ხანგრძლივი კონტაქტისას კი შესაძლებელია ორგანიზმის ქრონიკული ინტოქსიკაცია. რაც შეეხება ამონიუმის ნიტრატს, არ შეიძლება და აკრძალულია კიდეც მისი გამოყენება საბაღჩე კულტურათა სასუქად, თუმცა მაინც ხდება მისი გამოყენება. ნიტრატები ნაწლავებში ფერმენტების მონაწილეობით გარდაიქმნება ნიტრიტებად, რომლებიც, თავის მხრივ, წარმოქმნის ნიტროზამინებს - ე.ი. ავთვისებიან სიმსივნეთა გამომწვევ ნივთიერებებს, მრავალი საფრთხეა, რაც სასუქების გამოყენების გამო შეიძლება დაემუქროს ადამიანს, ამიტომ სოფლის მეურნეობაში მისი გამოყენება მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს", - განაცხადა „ბიზნეს-რეზონანსთან" რამაზ გახოკიძემ.
სპეციალისტის განმარტებით, მინერალური სასუქების არარეგულირებადი გამოყენების ყოველმხრივი უარყოფითი შედეგების შეჯამება გვიჩვენებს, რომ ისინი წარმოადგენენ მრავალი პრობლემის მიზეზს, როგორც მიწათმოქმედებისათვის ასევე ეკოლოგიისათვის იქმნება წინაპირობები ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების გაუარესებისათვის, მატულობს ნიადაგის მჟავიანობა, იცვლება არასასურველი მიმართულებით ცალკეული ქიმიური ელემენტის შედგენილობა, აქტიურდება ორგანული ნივთიერებების დაშლა. ამ პროცესების ყველაზე დიდი საშიშროება იმაში გამოიხატება, რომ ისინი ფარული ხასიათის არიან და მათი აღმოჩენა მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგაა შესაძლებელი.
როგორც ცნობილია, სოფლის მეურნეობაში წარმატებით გამოიყენება რამაზ გახოკიძის მიერ შექმნილი უნიკალური პრეპარატი „ბიორაგი", რომელიც მარცვლეულ და ბოსტნეულ კულტურებში მოსავლიანობას 200%-მდე ზრდის. მოსავალი კი ხარისხობრივადაც და ვიზუალურადაც საუკეთესოა.
საფრთხეზე საუბრობენ გარემოს დამცველებიც, რომელთა ინფორმაციითაც, საქართველო სოფლის მეურნეობაში ქიმიური ნივთიერებების მოხმარებით პირველ ადგილზეა, რაც დაუშვებელია და აუცილებელია ამ სფეროს რეგულაცია.
როგორც „საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ განაცხადა, ამ სფეროს რეალური რეგულირება უნდა მოხდეს. შესაბამისი კანონპროექტი, მზად არის და დამატებითი განხილვები კიდევ იქნება.
ჩვენ არ გვაქვს ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული კანონი. თუმცა, კანონპროექტი უკვე არსებობს და მიმდინარეობს მუშაობა მონიტორინგის სისტემის შემუშავებისთვის, რომელიც ქიმიური ნივთიერებების შემნახველ საწყობებს შეამოწმებენ. ძალიან ბევრი ქიმიური ნივთიერება ფეთქებადია, მათ შორის გვარჯილაც, რომელსაც კიდევ ცალკე რეგულაციები სჭირდება.
საქართველო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტთან მიმართებით ქიმიური ნივთიერებების მოხმარების თვალსაზრისით პირველ ადგილზეა, რაც ყოვლად დაუშვებელია. არ გვაქვს შეზღუდვა მოხმარებაზე, რაც სხვა ქვეყნებს აქვთ და ეს გამოსასწორებელია. მოსახლეობა ნერგებს სასუქს თვითონ აყრის და იმაზე მეტს, ვიდრე საჭიროა. საბოლოო ჯამში ის ამით კლავს მცენარეს. ეს, რა თქმა უნდა, გადადის პროდუქტში და იწამლება ძალიან ბევრი ადამიანი. რეალურად, ეს არის მიზეზი მომნელებელი სისტემის დაავადებების.
ამიტომ, ამ სფეროს რეალური რეგულირება უნდა მოხდეს. კანონპროექტი, როგორც გითხარით, მზად არის და დამატებითი განხილვები, ალბათ, კიდევ იქნება. ვიმედოვნებ, რომ ის კანონად იქცევა", - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ რადიო „პალიტრას" გადაცემაში „თქვენი დრო".
ამდენად, პროდუქტები, რომლებსაც ყოველდღიურად მოვიხმართ, ბევრ სასარგებლოსთან ერთად, არაერთ მავნე და საშიშ ნივთიერებას შეიცავს. მათ შორის კი არის ნიტრატები, რომლის მავნებლობაზეც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბევრს საუბრობენ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ნიტრატების მიღების დღიური ნორმა ადამიანის წონის შესაბამისად იანგარიშება და ყოველ კილოგრამზე 5 მილიგრამია. მაგალითად, თუ ადამიანი 70 კგ-ს იწონის, მისთვის უსაფრთხო დღიური დოზა 350 მილიგრამია. ახალშობილებისა და მეძუძური დედებისთვის ეს რიცხვი გაცილებით დაბალია, 10 მილიგრამმაც კი შეიძლება ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე