თამთა ჩაჩანიძე
(29.07.2024)

აქტიური წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო - ოპოზიცია რეგიონებში მოსახლეობას ხვდება და ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას და ქვეყნის საგარეო კურსს უსვამს ხაზს, ამასთან საზოგადოებას აცნობს პროგრამებს. წინასაარჩევნო კამპანიაშია ჩაბმული მმართველი პარტიაც, 60%-იან მხარდაჭერაზე აკეთებენ აქცენტს, თუმცა დასძენენ, რომ ეს მათ „მოდუნების საშუალებას არ აძლევთ".

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ქართული ოცნება" ამომრჩეველს პირველ რიგში იმ პოლიტიკის გაგრძელებას სთავაზობს, რომელიც 2022 წლიდან ხორციელდება - „ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას და რამენაირად არჩაბმა ომში". ამასთან ანალიტიკოსის თქმით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება. ოპოზიციას კი მისი აზრით, არაფერი აქვს შესათავაზებელი ხალხისთვის.

ნალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი ამბობს, რომ „ოცნება" დღეს მოსახლეობას ვერაფერს ვერ ჰპირდება და ამიტომაც აქცენტი ომსა და მშვიდობასა და შავ პიარზე აქვს აგებული. მისი თქმით, ოპოზიცია რეგიონული ტურნეს ფარგლებში მნიშვნელოვან ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის საგარეო კურსის საფრთხესა და ეკონომიკურ პრობლემებზე.

ამასთან, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, რომელიც 3 სექტემბრიდან ამოქმედდება, ხელს შეუშლის ქვეყნის განვითარებას და საარჩევნო პროცესს. ამიტომაც 29 ივლისს 29 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოში კანონის გასაუქმებლად კიდევ ერთი სარჩელი შევიდა. სარჩელს პარლამენტის 38 ოპოზიციონერი დეპუტატი აწერს ხელს.

ამავე კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოში დამატებით კიდევ ორი სარჩელია შესული - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის და იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების, რომლებსაც ეს ეხებათ.

ხელისუფლება კი მშვიდობის შენარჩუნებაზე აკეთებს აქცენტს და ფიქრობს, რომ ოპოზიცია ემზადება არა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, არამედ მომდევნო დღეებისთვის და რევოლუციისთვის ემზადება.

პოლიტიკური შეფასებები

როგორც სასამართლოში სარჩელის შეტანამდე ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა თამარ კორძაიამ განუცხადა, არჩევნებამდე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი უნდა შეჩერდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შეიძლება „ამ ქვეყანას შეუქცევადი ზიანი მიადგეს".

„საპარლამენტო ოპოზიცია ერთიანია სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან და საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან ერთად. ჩვენ ვთვლით, რომ „რუსული კანონი" საქართველოს კონსტიტუციას არღვევს, საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრის და ვთვლით, რომ ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა ამაზე საკონსტიტუციო სასამართლოში ვიდავოთ. საპარლამენტო ოპოზიცია ერთიანია აბსოლუტურად, 38 დეპუტატი ხელს ვაწერთ სარჩელს.

„ზოგიერთი მათგანი ფიზიკურად არ იყო, თუმცა ისინი უერთდებიან ამ სარჩელს. მთელი საქართველო „ქართული ოცნების" წინააღმდეგ ვდავობთ „რუსული კანონის" გამო. დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარ ვალდებულებას 78 მუხლის შესრულების კუთხით გაითვალისწინებს და დროებით ღონისძიებას ამ კანონის მოქმედების შეჩერების თაობაზე მიიღებს.

მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მთელ კანონს ვასაჩივრებთ კონსტიტუციის 78 მუხლთან მიმართებაში, მაგრამ პირველი ეტაპი არის ის, რომ ჩვენ შეჩერებას ვითხოვთ. არჩევნებამდე ეს კანონი უნდა შეჩერდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ამ ქვეყანას შეუქცევადი ზიანი მიადგეს. სანქციების ამოქმედება 3 სექტემბრიდან იწყება, ამიტომ ვფიქრობთ, რომ იქამდე აუცილებლად უნდა ჩატარდეს სხდომა, რომელზეც შეჩერების საკითხი განხილული იქნება", - განაცხადა კორძაიამ.

26 ოქტომბერი არის, სწორედ ის არჩევნები, რომ ანაკლია, განმუხური და მთელი საქართველო ტურისტებით დატვირთული და განვითარებული იყოს,- ამის შესახებ პლატფორმა "ერთიანობის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ანაკლიაში ვიზიტისას განაცხადა. ვაშაძის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლებაში მყოფი ძალა, ქვეყანას ჯინში არ უნდა უდგებოდეს. მისივე თქმით, ქვეყნის სათავეში ხალხის სამსახურში მყოფი ხალხი უნდა იყვნენ.

„ახლა ვართ ანაკლიაში, დაცლილია აქაურობა, აი ეს არის "ქართული ოცნების" სახე. ყველაფერი, რაც გაკეთდა მიშას დროს, ყველაფერს გადაუსვეს ხაზი და იბრძოლეს ბოლომდე. ამბობენ, ბათუმი სავსეა ტურისტებით, ანაკლია ბოლომდე დაცალეს. ერთ სასტუმროში შიგნით ხეებია ამოსული და მიგდებულია მშენებლობა, მეორე სასტუმრო დაიკეტა, იქითა მხარეს თვითონ ბიძინაც ვითომ რომ აშენებდა, იმის მშენებლობაც შეწყდა.

„ხიდზე პრობლემებია, პლაჟი ცარიელია, ხალხი არ არის. მე გეკითხებით, როგორ უნდა იარსებოს ამ პირობებში ხალხმა? აი, ეს უსამართლობა უნდა შევცვალოთ! საქართველო უნდა განვავითაროთ! 26 ოქტომბერი არის, სწორედ არჩევნები, რომ ანაკლია, განმუხური, მთელი საქართველო იყოს დატვირთული ტურისტებით და იყოს განვითარებული.

„არ შეიძლება ადამიანები, რომლებიც ჯინში უდგებიან თავის ქვეყანას, ის ადამიანები იყვნენ ხელისუფლებაში. ხელისუფლებაში უნდა იყოს ხალხის სამსახურში მყოფი ადამიანები. ასე, რომ წინ გამარჯვებისკენ, წინ ერთიანობისკენ. მხოლოდ ერთიანობა გადაარჩენს საქართველოს", - განაცხადა ვაშაძემ.

„ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კამპანია 17 ივლისს ახალი ოფისის გახსნით დაიწყო, როგორც პრემიერ-მინისტრი და პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შიდა კვლევებით მათი მხარდაჭერა 60%-ია, თუმცა ეს არ აძლევს პარტიას მოდუნების საშუალებას და აგრძელებს კამპანიას.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი საარჩევნო პოზიციები - დღევანდელი მოცემულობით, „ქართული ოცნების" მხარდაჭერა არის დაახლოებით 60%, თუმცა ეს გარემოება არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას",- განაცხადა კობახიძემ.

„ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ „ოცნება" გამარჯვებისთვის ემზადება.

„ჩვენ მოვემზადებით 26 ოქტომბრისთვის და გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს ქართული სახელმწიფო და 27 ოქტომბერს ეგენი სად შეიკრიბებიან, არ ვიცი, შეიძლება „ვივამედში" შეკრიბოს პატიმარმა სააკაშვილმა და იქ მიუსამძიმრონ ერთმანეთს მერე წაგება.

„ეს ხალხი ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ რადიკალური სცენარებისთვის, მაგრამ ეს აქედანვე გაშიფრულია. ამიტომაც არის, რომ არაფერი გამოუვათ, არც რევოლუცია, არც რადიკალური სცენარები. საზოგადოება მიხვდა, რომ 26 ოქტომბერს დგას რეალობა, არჩევანია ომი თუ მშვიდობა, მონობა თუ სუვერენიტეტი, ლგბტ პროპაგანდა თუ ტრადიციული ცხოვრება. შესაბამისად, არავინ არავის აქ რადიკალურ პროცესებს არ ჩაატარებინებს. კი ბატონო, წინასაარჩევნოდ იარონ ლგბტ დროშით და 27-შიც დაიკავონ ლგბტ დროშა, როგორ გააპროტესტებს ხალხი, ამასაც ვნახავთ",- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვინ რას სთავაზობს ამომრჩეველს

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიცია ყურადღებას ამახვილებს იმ პრობლემებზე, რომელის წინაშეც ქვეყანა დგას - საგარეო კურსის ცვლილების საფრთხე იქნება ეს თუ ეკონომიკური პრობლემები. „ოცნებას" კი მისი თქმით საარჩევნო კამპანია აგებული აქვს შავ პიარსა და ომზე.

„ოპოზიცია მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში, მნიშვნელოვან ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, თუ ევროინტეგრაციამ ქვეყნისთვის რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს. ამავე დროს, არჩვენოს ხალხს თუ რამდენად ცუდია „ქართული ოცნება", რომლის პოლიტიკა დემოკრატიულ ნორმებს ეწინააღმდეგება. ამასთან, ეკონომიკური პრობლემების აღმოფხვრაზეც აკეთებენ აქცენტს, თუ ქვეყანა დემოკრატიული იქნება, ეკონომიკური განვითარების წინაპირობა შეიქმნება.

„ოპოზიცია დიდ ყურადღებას საგარეო კურსზე გაამახვილებს, რამდენად დიდი საფრთხეა რუსეთი და რომ „ოცნება" თავისი პოლიტიკით რუსეთს აახლოებს. ამავე დროს, ოპოზიციას აქვს პროგრამები, რომელიც ეკონომიკის წინსვლას უკავშირდება. ასევე არის საუბარი უმუშევრობაზე, დაბალ ანაზრაურებაზე და ა.შ.

„წინასაარჩევნო კამპანიას ხელს რუსული კანონი უშლის, რადგან თუ ამოქმედდება, არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა გაიზრდება, რომელიც „ქართულ ოცნების" კორუფციულ საქმიანობას ამხელენ. მათ შორის, დამკვირვებლებსაც შეექმნებთ პრობლემები, იტყვიან, რომ თითქოს ისინი გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები არიან.

„რაც შეეხება „ქართულ ოცნებას", სტრატეგია ექნება პირველ რიგში ის, რომ მოსახლეობას დაამადლოს - ომი თავიდან ააცილა. უკვე ვერაფერს ვერ ჰპირდება იმისთვის, რომ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები გამოასწოროს. ისევ რომ ეკონომიკურ საკითხებზე გამახვილდეს ყურადღება, მოსახლეობამ შესაძლოა არ დაუჯეროს.

„ოცნების" წევრები 2012 წლისგან განახვავებით, არანაირ ეკონომიკურ პროგრამას არ ჰპირდებიან, დღეს მშვიდობაზეა გამახვილებული ყურადღება და ასევე შავ პიარს ეწევიან - ოპოზიცია რამდენად საშიშია და თუ ის მოვა ხელისუფლებაში, ომში ჩაითრევს, ეს მხოლოდ ფსიქოლოგიური ზეწოლაა. ბილბორდებიც გამოფინეს - მშვიდობით წინსვლა ევროპაში. ამასთან, ბოლოს ის შავი პიარკამპანია დაიწყეს, რომ თითქოს ოპოზიცია აქეთ პრორუსია",-განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ქართული ოცნება" ამომრჩეველს პირველ რიგში მშვიდობას სთავაზობს და მერე ეკონომიკურ სტაბილურობას. ომოზიცია კი მისი თქმით, მძიმე დღეშია.

„ქართული ოცნება" ამომრჩეველს პირველ რიგში სთავაზობს იმას, რომ გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდეა, ანუ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას და რამენაირად არჩაბმა ომში, რადგან ომში ჩაბმა, ჩვენი ქვეყნის, როგორც ფიზიკურ ისე სახელმწიფოებრივ განადგურებას ნიშნავს, ეს ნომერ პირველია. ამასთან, გამახვილებული იქნება ყურადღება, რომ თითოეულ ჩვენთაგანს სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის წინ წაწევა გვინდა. შემდგომი საკითხი ესაა აუცილებლად მომზადება იმისთვის, რომ საქართველომ ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს, ოღონდ ეს რა თქმა უნდა მშვიდობიანად უნდა მოხდეს.

„ოპოზიცია ახლა ასეთ რაღაცას სთავაზობს, რომ რუსეთთან ჩვენ ურთიერთობები და ვაჭრობა გვინდაო და აბსტრაქტულად ლაპარაკობენ იმაზე, რომ მათ ევროპისა და დასავლეთისკენ სურთ. საქართველო დასავლეთისკენ აგერ უკვე 30 წელია მიდის, მაგრამ ერთი მეტად საინეტერსო სიტუაციაა, ჩვენ დასავლეთი ძალიან გვინდა. მაგრამ დასავლეთს პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, არ სურს, რომ საქართველოს ინტეგრაცია მოხდეს მათ რიგებში, არა სიტყვიერად, არამედ საქმით.

„ოპოზიცია უმძიმეს დღეშია, მათ ისეთი რაღაცეები აქვთ ომთან დაკავშირებით, კერძოდ ის, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდებოდა და ომში მოხალისეებს არ აგზავნიდა, რაც საქართველოს მაშინვე ომში ჩაბმას ნიშნავდა. ასევე საუბარი იყო, რომ საქართველოდან შავი ხვრელი რუსეთზე გადისო, რომ თითქოს ჩვენი ტერიტორიის გავლით იბომბებოდა უკრაინის ტერიტორია. უნდათ, რომ ამ არჩევნების პერიოდში ეს რამენაირად შემოატრიალონ, მაგრამ ეს არ მოხდება. ოპოზიცია კი არა, ეს წმინდა წყლის მეხუთე კოლონაა, რომელსაც მხოლოდ არჩევნების მოგება და საქართველოს ომში ჩაბმა უნდა, თუმცა ეს არ გამოუვა",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე