
ოპოზიციაში გადაჯგუფების პროცესი თითქმის დასრულებულია და უკვე დაიწყო აქტიური წინასაარჩევნო კამპანია რეგიონებში - მათი მხრიდან არაერთგზის ითქვა, რომ ერთიანობა „ოცნებას" დაამარცხებს 26 ოქტომბერს, თუმცა მმართველი პარტია 60%-იან გამარჯვებას აანონსებს და იმ სცენარზეც კი საუბრობს, რა მოჰყვება ამ შედეგს უკვე 27 ოქტომბრიდან.
მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს, რის შემდეგაც ოპოზიცია შედეგების გამოცხადებისთანავე გამოსვლებს დაიწყებს. ანალიტიკოსთა ნაწილს მოლოდინი აქვს, რომ 2020 წლის სცენარი განმეორდება და ოპოზიცია ჯამში დამარცხდება. ნაწილი კი ფიქრობს, რომ „ოცნების" მხრიდან ანონსი თუ რა იქნება 26 ოქტომბრის შემდეგ, ფაქტობრივად აღიარებაა, რომ არჩევნებს გააყალბებენ.
„აქციები აუცილებლად იქნება მოგონილი, ყალბი ახალი აფერით, რომელსაც ერქმევა დაფინანსებული პროექტი სახელად - „არჩევნები გაყალბდა". მეორე მხრივ, რაც შეიძლება მეტმა პარტიამ უნდა გააპროტესტოს პარლამენტის შიგნიდან. მეტი მიზანი არ აქვთ. ხაზარაძეს ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს. დაიმატა ვიღაცები, მაგრამ ეს შანსი მაინც არ გამოუჩნდა. შესაბამისად, ახლა ზრუნვა იმაზე მიდის, მესამე ოპოზიციურმა აგენტურულმა პარტიამ იქნებ რამენაირად გადალახოს ბარიერი. მეორე გადალახავს თუ არა, ესეც არ იციან ზუსტად. მეტი ახალი ამბავი მათ კონფიგურაციებში არაფერი არ არის. უბრალოდ, ცდილობენ ბარიერის გადალახვას. ეს ხდება დავალების შესაბამისად", - განაცხადა უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ არჩევნები სულ რომ „დემოკრატიის მამებმა" ჩაატარონ, ოპოზიცია მაინც დამარცხდება და გამოსვლებს დაიწყებს.
„26 ოქტომბრის არჩევნები სულ რომ მსოფლიო დემოკრატიის მამებს ჩაატარებინო, ხაზარაძე, ბოკუჩავა-ხაბეიშვილი მაინც დაიწყებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, რადგან ეს მათი პატრონების დაკვეთაა. საქართველოში მშვენივრად იციან, რომ გამორიცხულია, „ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში 60%-ზე ნაკლები აიღოს, მაშასადამე ოპოზიცია მარცხდება.
„ამის შემდეგ, ისინი გამოსვლებს უსიკვდილოდ დაიწყებენ, მაგრამ ეს იქნება გამოსვლა გამოსვლისთვის და თუ კანონის იქით რაიმე გაბედეს, სახელმწიფომ ისე უნდა იმოქმედოს როგორც საჭიროა. „მეხუთე კოლონას" ის პასუხი უნდა გაეცეს, რომელსაც ქართველი ხალხი ითხოვს მათ მიმართ, რაც არჩევნებით იქნება გამოხატული.
„ველოდები აბსოლუტურად ყველაფერს - რევოლუციისა და მოლოტოვის კოქტეილებით პოლიციის ცოცხლად დაწვის მცდელობიდან დაწყებული, არეულობით დამთავრებული. მათი გაღმელ-გამოღმელი პატრონები მათ არ მოასვენებენ", - განაცხადა გვენეტაძემ.
„დასავლეთის გარკვეული ორგანიზაციები, რომლებიც ახლაც ვითომ სუპერკრიტიკულად არიან განწყობილები და სინამდვიულეში ესენი არიან მხარე, რომელსაც უნდა, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს, ისინი ყველა შემთხვევაში იმას დაუჭერენ მხარს, რასაც ხაზარაძეები, ჯაფარიზეები იტყვიან.
„ჩვენ მთელი მსოფლიოდან რაც შეიძლება ძალიან ბავერი დამკვირვებელი უნდა მოვიწვიოთ,რომლებმაც უნდა თქვან თუ სინამდვილეში რა იყო, თუმცა ელექტრონული არჩევნები ტარდება, სადაც გაყალბება გამორიცხულია.
„როგორ უნდა აიღოს ოპოზიციამ თუნდაც 51%, როცა თავიდან ბოლომდე მოწოდებული იყო და არის იმისთვის, რომ საქართველო ომში ჩაბმულიყო. ამის არაერთი გამონათქვამი არსებობს. პროფესიით ისტორიკოსი ვარ და მათ გამონათქვამებს ვაგროვებ, შემიძლია მათი სულელური გამონათქვამები მრავლად დავდო. როგორ შეძლება ამ ოპოზიციამ გაიმარჯვოს - უსახურ სახეთა გაერთიანებამ. ამათ თუ მაქსიმალურად 10-15% აიღეს, მადლობა თქვან", - თქვა ედიშერ გვენეტაძემ „მთელ კვირასთან".
კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი აცხადებს, რომ მდინარაძის მხრიდან ფაქტიურად აღიარებაა იმისა, რომ „ოცნება" არჩევნებს გააყალბებს.
„მდინარაძემ უკვე დაანონსა, რომ არჩევნებს გააყალბებენ, ფაქტიურად თქვა, რომ გავაყალბებთ და ხალხი გამოვა ამის წინააღმდეგო. თუ არ გააყალბებენ, რატომ გამოვა? ამიტომ ეს ძალიან სამარცხვინო აღიარებაა და თუ აქამდე მივა საქმე, იმედია სასამართლოში მდინარაძის ამ განცხადებას გამოიყენებენ, როგორც ანონსს და გაყალბებისთვის მომზადებას.
„მხოლოდ „ქართული ოცნების" გამარჯვება საკმარისი არ იქნება, იქ დოკუმენტები უნდა მოიტანონ და დაასაბუთონ, ამიტომაც საერთაშორისო მხარდაჭერაა საჭირო. სამოქალაქო საზოგადოებას იმიტომაც ებრძვიან, რომ დამკვირვებლები არ უნდათ, ან ამ დამკვირვებლებს სახელი ჰქონდეთ, როგორც უცხო ქვეყნის აგენტებს. ამიტომ ჩქარობდნენ ეს კანონი არჩევნებამდე მიეღოთ, რომ მოწმეები არ ჰყავდეთ და თუ ესენი დაადასტურებენ, რომ გაყალბდა, იტყვიან, რომ აგენტები არიან. „ოცნება" გაყალბებისთვის ემზადება და ბუნებრივია, ხალხის რისხვას სამართლიანად ელოდება. ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ დაიჯეროს, რომ გაყალბდა, ორი-სამი და ათი კაცის დაჯერებით, მთელი საზოგადოება ქუჩაში არ გამოვა",- განაცხადა კონფლიქტოლოგმა.
ზაქარეიშვილის პროგნოზით, რეალურად აბსოლუტურ გამარჯვებას ცალკ-ცალკე ვერც ოპოზიციური პარტიები და ვერც „ოცნება" ვერ მოიპოვებს.
„აბსოლუტური გამარჯვება ვერ მოხდება, პირველ ადგილზე მაინც „ოცნება" გავა - სადღაც 35-40%-ით მაქსიმუმ, მეორე და დანარჩენ ადგილებზე გასულმა პარტიებმა (დაახლოებით 4-მა) ერთობა უნდა შეკრან. არაა გამორიცხული მესამე ვარიანტი, რომ „ოცნებამ" მთავრობის ჩამოყალიბება მარტომ ვერ მოახერხოს და ვიღაცასთან შეკრას კოალიცია.
„პირველი ვარიანტი - „ქართული ოცნება" იმარჯვებს მკაფიოდ, მეორე - ოპოზიცია ერთობით იმარჯვებს მკაფიოდ, ამ დროს ზღაპარია, რომ ენმ ბრუნდება, არავინ არ ბრუნდება. მესამე ვარიანტია, რომ „ოცნება" საერთო ენას ვიღაცასთან პოულობს, მეოთხე და ყველაზე ცუდი ვარიანტი ვერანაირი კოალიცია ვერ შედგება, ვერც „ოცნების" და ვერც ოპოზიციის მხრიდან, მაშინ ვადამდელ არჩევნებამდე მივდივართ, სადაც „ქართული ოცნება" იტყვის, რომ ოპოზიცია უბედურ და შავ დღეშია და თუ საზოგადოებამ ეს დაუჯერა, ამით ეძლევა შანსი უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს. ან პირიქით მოხდეს, საზოგადოება დაიჯერებს, რომ არჩევნებზე „ოცნებამ" ბევრი იმაიმუნა, სანდო არაა და ოპოზიცია კიდევ მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს.
„თუ რომელიმე მხარემ დამაჯერებლად არ გაიმარჯვა, ძალიან არეული სიტუაცია გველოდება 27 ოქტომბრიდან. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ „ოცნება" გაყალბების გარეშე ვერ გაიმარჯვებს, ოპოზიციას კი გაყალბების ბერკეტი არ გააჩნია და თუ გაიმარჯვა, ეს იქნება დამაჯერებელი და სამართლიანი, შესაბამისად მთელი მსოფლიო მას აღიარებს. როგორც თავის დროზე შევარდნაძე და სააკაშვილი იძულებულები იყვნენ, რომ ოპოზიციის გამარჯვება ეღიარებინათ, ახლა „ქართული ოცნებასაც" და ივანიშვილსაც მოუწევს ოპოზიციის გამარჯვება აღიაროს. ასეთ შემთხვევაში, დაიწყება მოლაპარაკებები და არაა გამორიცხული, ოპოზიცია ივანიშვილს შეჰპირდეს, რომ შეირგოს რაც ჰქონდა, რომ სისხლი არ დაუღვრია და მოვდივართ მოლაპარაკებაზე, რომ შენ არ გეხებით, წადი სახლში და თუ ვინმეს რამე დანაშაული აქვს და როგორც თავის დროზე ენმ დასაჯა, სააკაშვილი, მერაბიშვილი, ახალაია და სხვები ციხეში ჩასვა, ვინც დამნაშავეა ჩავსვამ, შენ არ შეგეხები და ჩვენ მივხედავთ საქართველოსო - შეიძლება ასეთი ვარიანტი იყოს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



