
„ლელოს" და გახარიას პარტიების თანამშრომლობა ვერ შედგა, თუმცა შესაძლოა ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები" ხაზარაძის გუნდს შეუერთდეს. გახარია კი სავარაუდოდ არჩევნებზე მარტო გავა, თუმცა პარტიაში ამბობენ, რომ გამორიცხული არაა ბოლო მომენტში ვინმესთან გაერთიანდნენ. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, რაღაც გაერთიანებებს კიდევ უნდა ველოდოთ, სხვები კი მიიჩნევენ, რომ მეტი ცვლილება საეჭვოა, გარდა დამოუკიდებელი დეპუტატების სხვადასხვა პარტიებში შესვლისა, რომლებიც აქტიურად ეძებენ თავშესაფარს.
„ახლა თუ რამე მოხდა, ის იქნება, რომ კონკრეტული პარტიები თავიანთ რიგებში შემოიმატებენ ცალკეულ ინდივიდებს, ეს შესაძლოა იყოს რომელიმე ცნობილი სახე და ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებიც ჩემი ინფორმაციით, ახლა აქტიურად ეძებენ რომელიმე პარტიაში თავშეფარს, სადაც მათ პარლამენტში მოხვედრის გარანტია ექნებათ", -აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან".
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი ფიქრობს, რომ გარკვეულ გაერთიანებებს კიდევ უნდა ველოდოთ.
„ვიდრე რეგისტრაციის თარიღი არ დასრულდება, რაღაც გაერთიანებებს კიდევ უნდა ველოდოთ. კიდევ ბევრი პარტია დარჩა, რომელებიც შესაძლოა რაღაც მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ამიტომ ახლა რთულია რამის თქმა".
ოპოზიციურ ველზე ჯამში სამი პოლიტიკური ცენტრი ჩამოყალიბდა: „ერთობა", სადაც გაერთიანებულია „ნაცმოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი" და რამდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატი; „ახალი", „გირჩი" და „დროა" ერთად დაჯგუფდნენ, მესამე ცენტრია „ლელო", „თავისუფლების მოედანი" და ანა დოლიძის „ხალხისთვის". ამასთან არჩევნებზე ერთად იქნებიან ალტ-ინფო და პატრიოტთა ალიანსი.
აღსანიშნავია ისიც, რომ „ლელოსა" და გახარიას პარტიის შეერთება მოსალოდნელი იყო, თუმცა მხარეებმა საბოლოოდ განაცხადეს, რომ მათი გაერთიანება არ მოხდება. „ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ „მოქალაქეებთან" ჯერჯერობით ოფიციალური შეთანხმება არ მომხდარა, თუმცა მის ლიდერთან, ალეკო ელისაშვილთან სავარაუდოდ წყენას დაივიწყებს.
„ალეკო ელისაშვილის შესახებ ჩვენ გადაწყვეტილება ოფიციალურად ჯერ არ მიგვიღია, ეს არის მსჯელობის საკითხი, არანაირი შეერთება ჯერ არ მომხდარა. ამაზე იმსჯელებს ჩვენი ახლადშექმნილი პლატფორმა და თუ მივაღწევთ შეთანხმებას, ამის შესახებ მოგახსენებთ. ის, რომ მე მას ხელი ჩამოვართვი, ნიშნავდა შემდეგს - ადამიანს რომ ელაპარაკო საქმეზე, ჯერ მას უნდა ჩამოართვა ხელი, დაივიწყო წარსული, თუ რამე წყენა იყო. თან წყენა დაივიწყო, თან შერიგდე და თან თქვა, რომ უკვე პარტნიორები ხართ, ასე არ ხდება. ჩამოვართვით ხელი, ვთქვით, რომ არის სერიოზული გამოწვევა და ყველა იმ ძალამ, რომელიც იბრძვის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, უნდა მოახერხოს, რომ პიროვნულ წყენებს დაუსვას წერტილი. იმის გახსენება, რა იყო ხუთი წლის წინ, როცა თავზე გვენგრევა მთელი სახელმწიფო, ამაზე საუბრის გაგრძელებას აზრი არ აქვს, ის კონფლიქტი ამოწურულია" , - განაცხადა ხაზარაძემ.
კითხვაზე, თუ კი მოხდა წყენის დავიწყება ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით, შესაძლებელია თუ არა იგივე მოხდეს გიორგი გახარიასთან მიმართებაში, მამუკა ხაზარაძემ უპასუხა, რომ ელისაშვილთან პიროვნული წყენა ჰქონდა და გახარიას შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა, რადგან ის კითხვები, რომლებიც მასთან დაკავშირებით გააჩნია, მთელ საზოგადოებას აწუხებს.
„მინდა, გახარიასა და ელისაშვილს შორის მკაფიო განსხვავებაზე ვისაუბრო - ალეკო ელისაშვილთან მე მქონდა პიროვნული კონფლიქტი და არანაირ სახელმწიფოებრივ საკითხზე არ მქონია მასთან დაპირისპირება. გახარიასთან კითხვები არა მარტო მე მაქვს, არამედ საზოგადოებას. აქ არანაირი პიროვნული ამბავი არ არსებობს. აქაც მე დავდექი ჩემს პრინციპებსა და ჩემს თავზე მაღლა. არანაირი პიროვნული საკითხი არ გამაჩნია გახარიასთან, გარდა იმ ოთხი კითხვისა, რომელიც მეც და საზოგადოებასაც გვაწუხებს. რაღაც ჩვენს გვეხება, რაღაც - ფართო საზოგადოებასაც. მაგალითად, ანაკლია ეხება მთელს ქვეყანას. ის პასუხები, რაც გაცემული აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, მე არ მაკმაყოფილებს, თუ ვინმეს აკმაყოფილებს, მაშინ იმათთან გაფორმდეს ალიანსი. „მოითმინოს კიდევ ხუთი წელი", - ასე არ ელაპარაკებიან იმ ადამიანებს, ვისთანაც გინდა რაღაცის გაკეთება.
პარტია „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ „ლელოს" საჭიროზე მეტი მოუთმინეს.
„ლელოსთან" მიმართებით ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, ბევრი ვისაუბრეთ, საჭიროზე მეტი მოვითმინეთ და მგონი, ეს საკითხი ამოვწურეთ. არ ვიცი, ეს რა ინტერპრეტაციაა, კითხვებზე პასუხმა დააკმაყოფილა თუ არ დააკმაყოფილა. ყურადღებით მოსმენა რომ შესძლებოდათ, თუნდაც „ქართულ ოცნებასთან" კოალიციაზე დაკავშირებით, ჩვენ არც ახლა არ დაგვიფიქსირებია პოზიცია, არც გუშინ და არც გუშინწინ, ჩვენ ეს პოზიცია დიდი ხნის წინ დავაფიქსირეთ. ისე, დიდი ინტერესით მოვისმენდი, როგორი პოზიცია აქვს მამუკა ხაზარაძეს „ნაცმოძრაობასთან" კოალიციაზე, თუ ის მომდევნო მოწვევის პარლამენტში მოხვდება. ჩვენ არა ერთგზის გვითქვამს, რომ არც „ნაციონალურ მოძრაობასთან" და არც „ოცნებასთან" კოალიცია არ გვექნება, ამას აბსოლუტურად გამოვრიცხავთ. ვითანამშრომლებთ ყველა პარტიასთან, რომელიც იზიარებს ჩვენს საარჩევნო ამოცანას, რომ ეს ქვეყანა დავიხსნათ „ნაცმოძრაობისა" და „ოცნების" ბრჭყალებიდან.
„ორი წლის წინაც ვთქვით, რომ ჩვენი პარტიული ნომრით, ჩვენი იდენტობით მარტო გავდივართ 2024 წლის არჩევნებზე, ეს პოზიცია არ შეცვლილა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ორგანიზაციის კარი დახურულია. ძალიან ბევრ ინდივიდუალურ პირთან გვაქვს კომუნიკაცია და ბევრი ჩვენს გუნდს უერთდება, მაგრამ ჩვენ არ ვჩქარობთ, ჩვენ არ ვაფორსირებთ პროცესებს ხელოვნურად იმისთვის, რომ გამოვიგონოთ ხელოვნური გრავიტაციის ცენტრები და მიზიდულობის ძალები", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
პაატა ზაქარეიშვილის აზრით, თუ გახარია მარტო გავა, ბარიერს გადალახავს. მისივე თქმით, ზოგიერთი 1%-იანი პარტიები მოლაპარაკებებზე არ ფიქრობენ, ან რაღაც მოლოდინები აქვთ.
„ლოგიკურად დასრულდა ყველაფერი - ვინც გაერთიანებისკენ ინტერესს ავლენდა, ისინი დაჯგუფდნენ. ვინც გარეთ დარჩა, როგორც ჩანს, იმედი აქვთ, რომ 1%-ს გადალახავენ და დაფინანსებას მიიღებენ. ძალიან მანკიერი პრაქტიკაა საქართველოში, რომ 1%-იან პარტიებს დაფინანსების საშუალება ეძლევათ. ეს პარტიების დაშლაზეა გათვლილი, რადგან მარტო ამის გამო ჰქონდეთ გარკვეული ინტერესი. მე რომ მკითხოს კაცმა, უმჯობესია 4%-ზე იყოს დაფინანსება. ასეა თუ ისე, ზოგიერთი 1%-იანი პარტიები მოოლაპარაკებებზე არ ფიქრობენ, ან რაღაც მოლოდინები აქვთ.
„რაც შეეხება გახარიას, ის ფაქტი, რომ არჩევნებზე მარტო გადის შესაძლოა ვიღაცას მოეწონოს. ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ, რადგან ე.წ. შუაშისტი ამომრჩევლები მხარს დაუჭრენ. მთავარი კი ისაა, თუ რას შესთავაზებენ ხალხს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით კი, ახალი გაერთიანების ჩამოყალიბების მოლოდინი ნაკლებად უნდა გვქონდეს და სავარაუდოდ, იმ პოლიტიკური სურათით მივალთ არჩევნებზე, რომელიც ახლა არის.
„მე ვფიქრობ, ეს აჟიოტაჟი პარტიების გადაჯგუფება-გამსხვილებასთან დაკავშირებით, ალბათ დროა, რომ დასრულდეს, რადგან ჩემი გათვლებით არჩევნებამდე დარჩენილ ერთ თვეში თვისობრივად ახალი გაერთიანების შექმნის მოლოდინი ნაკლებად უნდა გვქონდეს, რადგან ის მეინსტრიმული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში მეტ-ნაკლებად გარკვეულ კლიმატს ქმნიდნენ, ფაქტობრივად დაჯგუფდნენ. გახარიას და „ლელოს" ეს გაუგებარი პოლიტიკური ფლირტი ბოლო აკორდი იყო.
დიდი ალბათობით, ჩვენ არჩევნებზე იმ პოლიტიკური სურათით მივალთ, რომელიც ახლა გვაქვს. ეს 4 გაერთიანება იქნება, აქ შედის ალტ-ინფოსა და „პატრიოტთა ალიანსის" გაერთიანება, ამას პლუს „ოცნება" და გახარიას პარტია", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



