თამთა ჩაჩანიძე
(26.07.2024)

ოპოზიცია ძალადობის წახალისებასა და მუქარას უწოდებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ნათქვამს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სადაც არ უნდა მივიდნენ, „გასაკვირი არაა, რომ პასუხს მოსთხოვენ იმისთვის, რომ ხალხს ომისთვის, ნგრევისთვის და სიკვდილისთვის სწირავდნენ".

ენმ-სთან ალიანსში მყოფი „ერთიანობის" ლიდერი გია ჯაფარიძე აცხადებს, რომ 12 წლის მმართველობის თავზე, ერთადერთი, რისი შეთავაზებაც „ქართულ ოცნებას" შეუძლია მოქალაქეებისადმი არის „შიშის დათესვა, ძალადობა და ტყუილები".

„რა თქმა უნდა, ეს არის ძალადობის წახალისება, ეს არის მუქარა. გარდა ამ განცხადებისა, ალბათ წაახალისებენ ძალადობრივ ჯგუფებს. ეს ახალი არ არის.... „ქართული ოცნება" ასე მოვიდა ხელისუფლებაში, ამას აკეთებს 12 წლის განმავლობაში და უკანასკნელი თვეების განმავლობაში. 12 წლის მმართველობის თავზე, ერთადერთი, რისი შეთავაზებაც შეუძლიათ მოქალაქეებისადმი არის შიშის დათესვა, ძალადობა, ტყუილები, დაყოფა, დაპირისპირება, სიძულვილის ენა. სხვა, „ქართულ ოცნებას" საქართველოს მოქალაქეების მიმართ არ აქვს", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ხალხის რისხვის პირველი ტალღა ოპოზიციამ ამ დღეებში უკვე მიიღო.

„განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ აჭარლები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ტურისტებისთვის კვერცხების დაშენისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ ქართველები, ვისაც რუსეთში ოჯახის წევრები ჰყავთ, პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას აეროპორტის პიკეტირებისთვის? და ბოლოს, რომელ ქალაქშიც, რომელ სოფელშიც და რომელ უბანშიც არ უნდა მივიდნენ, განა გასაკვირია, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ იმისთვის, რომ ხალხს ომისთვის, ნგრევისთვის და სიკვდილისთვის სწირავდნენ?" - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ არჩევნების მოახლოების კვალდაკვალ, პოლიტიკური ტემპერატურა აიწევს და ეს შეეტყობა მათ შორის წინასაარჩევნო გარემოს, პარტიების მიერ დაანონსებულ კამპანიებს. ამბობს, რომ „ოცნებას" დღეს ძალადობის წახალისება არ აწყობს და ამის დასავლეთისთვის ჩვენება უფრო ოპოზიციის ინტერესებშია.

„ასე ხელაღებით და ნიშნისმოგებით ამაზე ლაპარაკი არ მგონია გამართლებული იყოს. უცხოელების მხრიდან იმის პედალირება, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს - კინზინგერის განცხადებაც გავრცელდა, რომ „ოცნება" უნდა მოიშოროთო, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ესეც ძალადობის წახალისებაა. მით უმეტეს, არის ეჭვი, რომ ამ მოშორებაში რევოლუციურ მოქმედებაზეა მითითება-მინიშნება და არა არჩევნებზე.

„ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, რომ სამწუხაროდ ასეთი ტიპის მოვლენები ხშირია, ახლა უკვე ამერიკაც ასეთ ძალიან ბევრ მაგალითს იძლევა, სადაც ყოველთვის შეიძლება მეორე მხარემ ბრალი დასდოს ძალადობის წახალისებაში. იმედი ვიქონიოთ, რომ ძალადობამდე საქმე არ მივა, მაგრამ მეორეს მხრივ, ოპოზიცია თუ დაფიქრდება, ურიგო არ იქნება, ის ხშირად ხალხის სახელით ლაპარაკობს და თუ ოპოზიცია იმას აბობს, რაც ხალხს უნდა, მაშინ ძალადობა რატომ უნდა იყოს?

„დავუშვათ ხელისუფლების გავლენით ხალხის რაღაც ნაწილმა ოპოზიციასთან ძალადობა დაიწყო, მაშინ იქვე ხომ გამოჩნდება მეორე ნაწილი, რომელიც მას დაიცავს? თუკი ოპოზიცია ასეთი კარგია, მისი დამცველი ხალხი სად არის? ოპოზიცია თავის თავს არ სთხოვს იმას, რომ ხალხისთვის მისაღები გახდეს და თითს იშვერს ხელისუფლებისკან ძალადობას ახალისებსო. შე კაი ადამიანო, ნუ შეაგინებ ამ ხალხს, ძალადობა ვის ეხალისება?! კახელს რომ მის ღვინოზე ცუდ სიტყვებს ეტყვი, მისთვის ამაზე დიდი გინება არაა. თუნდაც ერეკლე მეორეზე. ოპოზიცია ამ ნაბიჯებზე უარს არ ამბობს, მერე ჩივის ეს ხალხი მიპირისპირდებაო და ხელისუფლებას აბრალებს, ეს მომენტი ლოგიკურად ერთმანეთს არ ებმის.

„ტემპერატურა ალბათ აიწევს, მით უმეტეს, მთელი დასავლეთიც ფაქტიურად იგივეს იძახის. ძალადობის ჩვენება უფრო ოპოზიციას სჭურდება, ვიდრე ხელისუფლებას. ხელისუფლებას იმის ჩვენება სჭირდება, რომ ის ზედმეტ ძალას არსად არ გამოიყენებს. ძალადობაში დაინტერესებული მხარე არსებობს და ეს ოპოზიციაა, რახან დაინტერესება არსებობს, ძალადობა იქნება", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძეც პაპუაშვილის განცხადებაში მუქარას ხედავს. „რეზონანსთან" ამბობს, რომ „ოცნება" ახლა ხალხს ვერაფერს ვერ ჰპირდება და განცხადებებით ძალადობას ახალისებს. მისი თქმით, რეგიონებშიც ამოქმედებულია გარკვეული ჯგუფები, რომლებიც მთლიანი ხალხის სახელით მოქმედებენ და იმის წარმოჩენას ცდილობენ, თითქოს მოსახლეობა ოპოზიციისგან გამწარებულია.

„ოცნება" ამ მხრივ გააქტიურდა და ამას იმით ამართლებს, თითქოს ხალხი განრისხებულია და უნდ გავუგოთ. ესენი არიან მიგზვანილი ჯგუფები, რომელიც ხალხის სახელით მოქმედებენ, იმის წარმოჩენას ცდილობენ, თითქოს ხალხი გამწარებული და აღშფოთებულია. „ოცნება" ხალხს ახლა ვერაფერს ჰპირდება და ომისა და ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმის თემაზე და ოპოზიციის ძველ განგცხადებებზე აპელირებს.

„რეგიონში სპეციალური ჯგუფები ჰყავთ მობილიზებული, რომლებიც ხალხის სახელით მოქმედებენ. დასავლეთს საქართველოს ხელისუფლების მისამართით ჯერჯერობით მკაცრი სანქციები არ აუმოქმედებია და ასეთ ვითარებაში ალბათ არჩევნებამდეც გაამკაცრებენ. პოლიტიკური ტემპერატურა კიდევ უფრო აიწევს, განსაკუთრებით სექტემბერ-ოქტომბერში. ჯერ კიდევ პოლიტიკურად მკვდარი სეზონია, თუმცა უკვე დაძაბულია ვითარება - გუშინ „მთავარი არხის" ჯგუფს თავს დაესხნენ. შემოდგომიდან პროცესები კიდევ უფრო გააქტიურდება. ხელისუფლებამ რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ალბათ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა, მაგრამ ალბათ იმედი აქვს, რომ ჩინეთი და რუსეთი მოეხმარებიან და ამით დააღწევს ვითარებას თავს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე