ნატალია ჯვარიძე
(26.07.2024)

რესპუბლიკურმა პარტიამ „ახალთან", „დროასთან" და „გირჩთან" კონსულტაციები დაიწყო. მისი ლიდერი, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ეს პარტიები მისთვის თავიდანვე საინტერესო იყო. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ წვრილი პარტიების პოლიტიკურ ცენტრებთან დაჯგუფება კარგი იდეაა, რადგან სხვანაირად ბარიერს ვერ გადალახავენ. მეორე მხარე კი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ გაერთიანებას არანაირი შანსი არ აქვს.

„ჩემი დაკვირვებით ამათ გამარჯვების შანსი არა 0, არამედ მინუსებში ექნებათ, -1,-2 და ა.შ. ან ეს „რესპუბლიკური პარტია" რას წარმოადგენს, ან „დროა", „გირჩი" და „ახალი"... მახსენდება ქართული კლასიკური გამონათქვამი - „მკვდარი მკვდარს აეკიდა საფლავამდე მიმათრიეო". ზუსტად ამათზეა ნათქვამი. პოლიტიკურ საფლავში ჩაწოლილები არიან და დანარჩენები პოლიტიკურ მიწას მიაყრიან. ეს არის, მეტი არაფერი. საკუთარი თავის დაიმედებაა, რომ თითქოს არსებობენ", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის თქმით კი ჯერჯერობით 2-3 ცენტრია, რომელსაც ბარიერის დაძლევა შეუძლია და აუცილებელი იყო რესპუბლიკური პარტიის შესვლაც.

„რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილება სწორია, თუ ამის რეალიზებას მოახდენენ. რომელ ცენტრს შეუერთდებიან, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ აუცილებელია ამის გაკეთება. ჯერ-ჯერობით 2-3 ცენტრია, რომელთაც პრობლემა არ აქვს, ეს არის „ნაცმოძრაობა", „ახლები", „დროა" და „გირჩი", ასევე „ლელო". ვნახოთ შემდეგ როგორ გაგრძელდება პროცესი, შესაძლოა მეოთხეც შეიქმნას, თუმცა ეჭვი მაქვს, რომ მეოთხე ორგანიზაციამ ბარიერის დაძლევა შეძლოს".

ხათუნა სამნიძის თქმით, მხოლოდ პარტიების მოლაპარაკება საკმარისი არ არის, აუცილებელია, წინასაარჩევნო კამპანიაში დამოუკიდებელი დეპუტატებიც აქტიურად ჩაერთონ.

„ჯერ კიდევ მაშინ, როცა „ლელოს", „გირჩს", „დროასა" და „ახალს" შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, გამოვხატე ჩემი პოზიცია, რომ ეს ცენტრი იქნებოდა ჩემთვის საინტერესო, როგორც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლისთვის, სხვადასხვა მიზეზების გამო, გარდა იმისა, რომ „ალდეს" წევრები ვართ და მარტივია ჩვენთვის ურთიერთობა იდეების თვალსაზრისით. გული დამწყდა, რომ „ლელომ" და ამ ჯგუფმა ვერ მოახერხეს ბოლომდე მიეყვანათ ეს მოლაპარაკებები.

„ვისურვებდი, რომ მაინც ყოფილიყო სამი ძირითადი ცენტრი და არც ერთს ჰქონოდა ბარიერის გადალახვის პრობლემა. ეს მოლაპარაკებები არ შედგა და მე ისევ დავრჩი ჩემი პოზიციის ერთგული, რომ ჩემთვის საინტერესოა „ახალი", „გირჩი" და „დროა". ამ ალიანსთან საუბარი და ორმხრივი კონსულტაციები დაწყებულია. ვსაუბრობთ შესაძლებლობებზე, კამპანიაზე... რაღაც კონტურები უკვე გამოკვეთილია, თუმცა, როგორც კი ბოლომდე მივა ეს მოლაპარაკებები და თუ შევთანხმდებით, რა თქმა უნდა, ეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.

„პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესია, რომ ამ კრიტიკულ მომენტში ფრაგმენტირება აღარ ხდება პრობლემა, თუმცა, ჯერ კიდევ ფრაგმენტირებულია ოპოზიცია არ არის მხოლოდ საკმარისი, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მოილაპარაკონ, არიან ინდივიდები, მათ შორის, დამოუკიდებელი დეპუტატები. ვფიქრობ, რომ მათი აქტიურობა და ჩართვა წინასაარჩევნო კამპანიაში არის უმნიშვნელოვანესი, რადგან მათ თავიანთი სიტყვა ამ ხნის განმავლობაში უკვე ნათქვამი აქვთ.

„ამ ოთხი ოპოზიციური ცენტრიდან, რომელიც ახლა ამ მოვლენების გარშემო შეიქმნა, ვფიქრობ, რომ ბარიერის გადალახვის პრობლემა არც ერთს არ ექნება. ყველა ცენტრისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ კიდევ უფრო გამსხვილდნენ" , - განაცხადა სამნიძემ.

დეპუტატმა „ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიასა და მის გზავნილებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მიზანმიმართული ქმედებაა, რითაც საზოგადოების ემოციებზე თამაშობენ.

„მთავარი საკითხია, რომ სწორად დავინახოთ „ოცნების" პროპაგანდა. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ეს არის ბოდვა, გაგიჟდნენ და ა.შ. ეს ასე არ არის, ეს არის მიზანმიმართული, ძალიან კარგად დაგეგმილი კამპანია. რაც არ უნდა ჰგავდეს ეს რუსულ პროპაგანდასა და რუსულ გზას, არჩევნების წინ როგორ შეიძლება დააშინო შენი საზოგადოება, ისინი იყენებენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ სენტიმენტებს, ემოციებს და ამაზე თამაშობენ. ამას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ მაქსიმალური სიმართლე და რიგ მესიჯებში უნდა იყოს სერიოზული კოორდინაცია.

„როდესაც „ქართული ოცნება" ლაპარაკობს მშვიდობასა და ომზე, ეს არის მისი მთავარი გზავნილი და ვერაფერს სთავაზობს საზოგადოებას, მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ ვილაპარაკოთ, რა ელის ქვეყანას, თუ გაგრძელდა და დავკარგეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, რომელთანაც დაკავშირებულია უსაფრთხოება და კეთილდღეობა უკვე 30 წელზე მეტია. ეს იცის ქართულმა საზოგადოებამ, მაგრამ როდესაც მუდმივად ესმის პროპაგანდა და მუდმივად თამაშობენ მის შიშებსა და ემოციებზე... ჩვენთან ომი არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა, რომ არ გვახსოვდეს ეს ტკივილი" , - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

როგორც ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, პოლიტიკურ ცენტრებთან დაჯგუფების გარეშე ვერც რესპუბლიკური პარტია, ვერც „ევროპულ საქართველო" და ვერც იაგო ხვიჩიას „გირჩი" 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს და უმჯობესია სხვებთან გაერთიანება ამათმაც იფიქრონ.

„მე არა ერთხელ მითქვამს, რომ არის რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი და წვრილმა პარტიებმა აქ მოხხვედრაზე უნდა იფიქრონ . ერთ-ერთი ასეთი რეალური ცენტრი, რომელსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეუძლია არის „ახლების", „დროას" და „გირჩის" გაერთიანება. „რესპუბლიკური პარტია ბარიერს ვერ გადალახავს, შანსია არაა. ასევე, არც „ევროპულ საქართველოს" და არც იაგო ხვიჩიას „გირჩს" იმედი არ უნდა ჰქონდეთ, ასეთი ბევრი პარტიაა და არა მარტო „რესბუბლიკელები", სხვებიც უნდა ეცადონ, რომ მინიმალური მოთხოვნებით რომელიმე ძლიერ პოლიტიკურ ცენტრთან დაჯგუფდნენ, რადგან ხმები არ დაიკარგოს და პარლამენტში წარმომადგენელი ჰყავდეთ", -განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე