ნატალია ჯვარიძე
(26.07.2024)

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარასკევის ბრიფინგზე 12-წლიანი მმართველობის პერიოდი შეაფასა და განაცხადა, რომ 26 ოქტომბერს მოქალაქეები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რადგან „არჩევანი დგას ომსა და მშვიდობას, ნგრევასა და წინსვლას, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის".

„ბოლო პერიოდში ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკას საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის სანქციების არდაწესების პოლიტიკის მიმართ. ადამიანები, რომლებიც ქსენოფობიის დონემდე მისულ ისტერიას თესდნენ, დღეს რუსეთთან ღვინით და ვაშლით ვაჭრობაზე და რუსი ტურისტებისგან მიღებულ სარგებელზე ალაპარაკდნენ. ცხვრის ქურქის მოსხმის ეს ტაქტიკა ოპოზიციის მხრიდან ახალი არაა, ეს მათი ნირი და წესია.

და განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ კახელები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ღვინის შეგინებისთვის? აჭარლები ტურისტებისთვის კვერცხების დაშენისთვის, ქართველები, ვისაც რუსეთში ოჯახის წევრები ჰყავთ, აეროპორტის პიკეტირებისთვის? და ბოლოს, რომელ ქალაქში, სოფელშიც და უბანშიც არ უნდა მივიდნენ, ხალხს ომისთვის, ნგრევისთვის და სიკვდილისთვის სწირავდნენ?

ამიტომ დარწმუნდა ყველა, რომ ერთი რამ გარანტირებულია, თუკი ოპოზიცია შეძლებს ერთი გრამი ძალაუფლების ხელში ჩაგდებასაც კი, საქართველო დაუბრუნდება კვლავ ომების და ნგრევის ქაოსს, რომლიდანაც, როგორც იქნა ეს ქვეყანა დავიხსენით, 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი შევქმენით, ხალხს ამოსუნთქვის და განვითარების შესაძლებლობა მივეცით", - აღნიშნავს პაპუაშვილი.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, ოპოზიციასა და ენჯეოებს ქვეყანა ომისკენ მიჰყავდათ, თუმცა „ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს თავიდან აეცილებინა.

„დღეს ოპოზიციას და მათ ენჯეოებს აღარ უნდათ გაიხსენონ, თუ სად მიაქანებდნენ ამ ქვეყანას უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში, თუმცა მათი ღალატის ისტორიას საჯარო არქივები ინახავს და არც ორი წელია ისე დიდი დრო, რომ ხალხს მივიწყებოდა. ყველას გვახსოვს რისგან შედგებოდა საქართველოს ნგრევის სანაცვლოდ უკრაინის დახმარების მათეული ხედვა, მათ მიერ ინიციირებული კანონების და რეზოლუციების პროექტებიც, რომლებიც დღესაც პარლამენტშია და არ გაუწვევიათ, ამის დასტურია.

გეტყვით ჩამონათვალს, თუ რა იყო მათი ხედვა. ეს იყო:

სამხედრო დახმარება, მოხალისე მებრძოლების გაგზავნა უკრაინაში და უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება და მეორე, სანქციების დაწესება, კერძოდ, საჰაერო სივრცის ჩაკეტვა რუსეთისთვის, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აკრძალვა, სავიზო რეჟიმის შემოღება , რუსეთის მოქალაქეებისთვის დასაქმების აკრძალვა, რუსული სანომრე ნიშნებით შემოსვლის აკრძალვა, საოკუპაციო მოსაკრებლის დაწესება.

თითოეულ ამ საკითხზე შეგახსენებთ თუ როგორი პოზიცია ჰქონდა მაშინ ოპოზიციას და რას ითხოვდნენ:

ომის პირველივე დღეებში ოპოზიცია უკრაინის ხელისუფლებასთან შეთანხმებით ითხოვდა საქართველოს მთავრობისგან ჩარტერულ რეისზე თანხმობის მიცემას, რაზეც მთავრობამ უარი განაცხადა. შეგახსენებთ ზოგიერთ განცხადებას:

გიგა ბოკერია: „ქართველი მოხალისეებისთვის უკრაინაში დასახმარებლად გამგზავრებაზე ხელის შეშლა პუტინის რუსეთის პირდაპირი მხარდაჭერაა. ამიტომ, ახლა ჩვენი მთელი ძალისხმევა უნდა იყოს სვლა ვადამდელ არჩევნებზე".

ნიკა გვარამია: „მაშინ, როცა ცივილიზებული სამყარო ცას უკეტავს რუსეთს, ჩვენ ცას ვუკეტავთ უკრაინას. ვიდრე ასეთი მუხანათების მძევლები ვართ, ჩვენი ადგილი არ არის თავისუფალ სამყაროში".

ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს შეეძლო დაეტოვებინა საქართველო რეგულარული ავიარეისით, ან თუნდაც სახმელეთო გზით, რატომღაც იყო დაჟინებული მოთხოვნა, როგორც რადიკალური ოპოზიციისგან ისე გარე აქტორებისგან, რომ სპეციალურად ამ მიზნით შესრულებულიყო ჩარტერული რეისი, რომელზეც იქნებოდა მთავრობის საგანგებო თანხმობა. რა თქმა უნდა, ეს აჩენს ეჭვს, რომ მიზანი იყო არა იმდენად რამდენიმე ათეული მოხალისის ომში ჩართვა, არამედ ის, რომ წარმოჩენილიყო სურათი, სადაც თბილისის აეროპორტიდან აფრინდებოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული რეისი, რომლითაც ქართველები უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მიემართებოდნენ. ყველასთვის გასაგებია, რომ საკუთარი მოქალაქეების ორგანიზებული გაგზავნა ბრძოლის ველზე, სხვა არაფერი იქნებოდა თუ არა ომში ოფიციალურად ჩაბმა.

მოხალისეების ორგანიზებულად გაგზავნასთან ერთად ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე მოგვიწოდებდნენ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებისკენ.

აქაც შეგახსენებთ, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს ერთ წელზე მეტი დასჭირდათ უკრაინისთვის ტანკები მიწოდების გადაწყვეტილების მისაღებად. მებრძოლების გაგზავნის შემდეგ საბრძოლო ტექნიკის და შეიარაღების უსასყიდლოდ მიწოდება ომში მხარედ ჩართვის კიდევ ერთი მაჩვენებელია. მთელი მსოფლიო აკვირდება, რამდენად ფრთხილად იქცევიან ნატოს წევრი ქვეყნებიც კი, რომ არ გადალახონ ის წითელი ზღვარი, სადაც რუსეთი მათ ომის მხარედ გამოაცხადებს. ამ დროს კი ქართული ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ომის პირველივე დღეებში საბრძოლო ტექნიკის და შეიარაღების გაგზავნის მოთხოვნით აქციებს მართავდნენ და ამით ომში გვითრევდნენ.

სანქციების დაწესების მოთხოვნის, არდაწესების გაპროტესტების და სანქციებისთვის ვითომდა გვერდის ავლის ყალბი კამპანია უკვე ორ წელზე მეტია სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობს. საზოგადოებას კარგად ახსოვს ყველა ის განცხადება, რომელსაც ოპოზიცია აჟღერებდა.

ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი: „ბომბებისგან მიღებული ცეცხლი შეიძლება სჯობდეს, იმ სირცხვილს და იმ წვას, რაც ამ სიტყვების (იგულისხმება, განცხადება, რომ საქართველო არ დაუწესებს რუსეთს სანქციებს) მოსმენის შემდეგ ვიგრძენით".

შემდეგი მოთხოვნა იყო პირდაპირი ფრენების აკრძალვა. სანქციების დაწესების დაჟინებულ მოთხოვნას, იმ პირობებში როდესაც საქართველომ თავიდანვე განაცხადა, რომ იღებდა ვალდებულებას არავისთვის მიეცა სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობა, რაიმე რაციონალური ახსნა არ ჰქონდა: ორმოც მილიონიან უკრაინაში რამდენიმე ათეული მოხალისის ჩასვლა, ოკუპაციის პირობებში მყოფი საქართველოს მიერ შეიარაღების მიწოდება, რუსეთის ეკონომიკაში 0,02% წილის მქონე ქვეყნის მიერ სანქციების დაწესება, არათუ გარდამტეხ, რაიმე საგრძნობ გავლენასაც კი ვერ მოახდენდა. ერთადერთი შედეგი რასაც ეს ნაბიჯი მოიტანდა იქნებოდა რუსეთთან ესკალაციაში შესვლა, რომლის ბოლოშიც გარანტირებულად იყო რუსეთთან როგორც ეკონომიკურ ისე ცხელ ომში საქართველოს ჩართვა.

რა იქნებოდა ამგვარი თავქარიანი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკის ეკონომიკური შედეგი, ეკონომისტების მიერ დეტალურად დათვლილია. 2022 წელს ნაცვლად 10%იანი ეკონომიკური ზრდისა, საქართველოს ექნებოდა 17%-მდე ეკონომიკური ვარდნა, რაც 18 მილიარდი ლარის ზარალს უდრის. შედეგად, ჩვენ სამჯერ უფრო დიდ ეკონომიკურ დარტყმას მივიღებდით, ვიდრე ეს პანდემიის დროს იყო, რაც ეკონომიკის ჩამოშლის ტოლფასია. თანაც, ეს იმ შემთხვევაში თუ ესკალაცია ეკონომიკურ ომს არ გაცდებოდა. რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ესკალაცია ცხელ ომამდე მიგვიყვანდა, ამას ვფიქრობ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე არა მხოლოდ უკრაინის მაგალითზე, არამედ ჩვენი ქვეყნის ახლო წარსულიდანაც კარგად ხვდება",- აცხადებს პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე