
„ამ ოქტომბერში 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების სცენარები განმეორდება, ზუსტად იგივე სიტუაცია იქნება იგივე პერსონაჟებით. ისინი აქცენტს საარჩევნო პროცესის არალეგიტიმურობაზე და ვითომ რუსულ ჩარევაზე გააკეთებენ", - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ საუბრისას.
ამბობს, რომ დღეს ოპოზიციურ ფლანგზე ისეთი პოლიტიკოსების ალიანსებს ვხედავთ, რომლებიც ადრე დიდ კონფლიქტში იყვნენ, რაც ამ ალიანსებს არადამაჯერებელს ხდის.
„სამწუხარო რეალობაა, რომ, სხვა ქვეყნების ოპოზიციური ძალებისგან განსხვავებით, ქართულ რადიკალურ ოპოზიციას უკიდეგანო უნამუსობა, უპრინციპობა და არათანმიმდევრულობა ახასიათებს. შეუძლებელია ლოგიკურად დაუკავშირო თუ რა საერთო აქვთ მაგალითად მამუკა ხაზარაძეს და ალეკო ელისაშვილს. ასევე რა საერთო აქვს გიორგი გახარიას დემოკრატიასთან, ერთგულებასთან და პრინციპებთან. ქართულ საზოგადებას ამ რეალობაში უწევს არჩევანის გაკეთება. არაა სასურველი, რომ ქართულ ელექტორატის უდიდესი უმრავლესობა მმართველი პარტიის მხარეს იყოს, მაგრამ ობიექტური რეალობა გვიჩვენებს, რომ სხვა გზა არაა.
„აქვე საკითხავია, ემთხვევა კი მამუკა ხაზარაძისა და ალეკო ელისაშვილის საარჩევნო პროგრამები ერთმანეთს? რა თქმა უნდა არა და ეს გაერთიანება მათი ამომრჩევლისა და ქართული საზოგადოების ტოტალური დაცინვაა. ამას ქართველი ელექტორატი პასუხს როგორ გასცემს, 26 ოქტომბერს საღამოს რვა სააათის შემდეგ ვიხილავთ.
„მწარე რეალობა ისაა, რომ ქართულ საზოგადოებას 26 ოქტომბერს არჩევანის გაკეთება ძალიან გაუჭირდება, ერთ მხარეს საქმეზე ორიენტირებული „ქართული ოცნებაა", მაგრამ დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე, არ შეიძლება, რომ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა მას მხარს უჭერდეს. ყოველთვის ვაპროტესტებ იმას, რომ არ შეიძლება მმართველ პარტიას 60%-ზე მეტი რეიტინგი ჰქონდეს, ეს თავად პარტიისთვის კარგია, მაგრამ დემოკრატიისთვის კარგი არაა, თუმცაღა „ოცნების" ალტერნატივა განულებული და ჩამოძონძილი ოპოზიციაა, რომლებმაც ოღონდ პრივილეგიები და დაფინანსება მიიღონ და მეტი არაფერი არ აინტერესებთ.
„პროცესები ოპოზიციაში, დემოკრატიისთვის ძალიან დამანგრეველია, მაგრამ რამდენიმე წელში გამოსწორებადია. ეს ვაკუუმი უნდა შეივსოს, ქარულ დემოკრატიას კონსტრუქციული ოპოზიცია ნამდვილად სჭირდება, რომლებიც მმართველ გუნდს ფორმაში ჩააყენებენ. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ოპოზიცია კი ისევ სტანდარტულად გააპროტესტებს, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა.
„ლუზერი რადიკალებისგან ობსტრუქცია მოსალოდნელია, ისინი ძირითადად საარჩევნო პროცესს დაარტყამენ, რომ ვითომ ვიღაცა დააშინეს და არჩევნები წინასწარ გაყალბდა. წარმოუდგენელია, რომ ელექტრონულ არჩევნებზე თქვა - გაყალბდა, მაგრამ უტიფარი აქტორები ამას იტყვიან. შედეგი კი ის იქნება, რომ რადიკალები პარლამენტში მანდატების მიღებაზე მერე ერთმანეთს შეასწრებენ. ოქტომბერშიც 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების სცენარები განმეორდება, ზუსტად იგივე სიტუაცია იქნება იგივე პერსონაჟებით. ისინი აქცენტს საარჩევნო პროცესის არალეგიტიმურობაზე და ვითომ რუსულ ჩარევაზე გააკეთებენ. რადიკალებს ეს აქვთ გადაწყვეტილი და მათ სპონსორებს, რომლებსაც სურთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ვასალი იყოს, რაც არ მოხდება. ქართული საზოგადოება თავად გადაწყვეტს, ვინ, როგორ და როდის იყოს მმართველ გუნდში", - განაცხადა გია აბაშიძემ.
მან ისაუბრა გიორგი გახარიას პარტიის წევრის ანა ბუჩუკურის იმ განცხადებაზეც, სადაც „ოცნების" ყოფილი წევრი ამბობს, რომ „ქართული ოცნების" რეიტინგი „ისტორიულ მინიმუმზეა და მათივე შიდა კვლევით არის 30%-მდე" და არა 60%.
„ანა ბუჩუკური, თუნდაც ეკა ბესელია და გია ხუხაშვილი „ოცნებიდან" სამართლიანად გაგდებული პოლიტიკური კლოუნები არიან, რომელთა აზრს არანაირი ახსნა არ აქვს. გახარია და მისი პოლიტიკური პერსონაჟები ბუჩუკური, მეზვრიშვილი თუ სხვები, ქართული საზოგადოებისთვის არაფერს წარმოადგენენ, გინდ თბილისში და გინდ სხვა მუნიციპალიტეტებში", - განაცხადა აბაშიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



