თამთა ჩაჩანიძე
(25.07.2024)

საკითხი, რომელზეც ოპოზიცია და ხელისუფლება თანხმდება, არის ის, რომ ოქტომბრის არჩევნები ფაქტიურად რეფერენდუმია, თუმცა განსხვავებული სლოგანებით, „ოცნება" ფიქრობს, რომ ხალხმა არჩევანი უნდა გააკეთოს „მშვიდობასა და ომს" შორის, ოპოზიციურ ფლანგზე კი ფიქრობენ, რომ დღეს ქვეყანას საფრთხე უდგას საგარეო კურსთან დაკავშირებით და ელექტორატმა უნდა გადაწყვიტოს „რუსეთი თუ დასავლეთი". სლოგანებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსები აფასებენ.

როგორც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, 26 ოქტომბერი, „ომსა და მშვიდობას შორის, ერთგვარი რეფერენდუმი იქნება".

„ეს იქნება რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის, ლიბერალურ ფაშიზმსა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის, საქართველოს ბნელ წარსულსა და ქვეყნის ნათელ, ევროპულ მომავალს შორის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, კიდევ ერთხელ, უკვე მეცხრედ გაიმარჯვებს საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი, რომლის მიღწევა მხოლოდ ღირსეული პოლიტიკით, მშვიდობის შენარჩუნებითა და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებით არის შესაძლებელი", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამბობს, რომ არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის" მოსვლით, „დღეებში, საქართველო გახდება მეორე ფრონტი".

„თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის" მოსვლა ხელისუფლებაში, მაგალითად ნოემბრისთვის, არჩევნების შემდეგ, გარანტიას გაძლევთ, არა თუ ორ, სამ და ოთხ თვეში, პიარულადაც არ შეფუთავენ ამას, გარანტიას გაძლევთ, რომ დღეებში საქართველო გახდება მეორე ფრონტი. ამის გარანტიას ვიძლევი იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მე მაქვს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ 26 ოქტომბერს ევროპულმა მომავალმა უნდა გაიმარჯვოს რუსეთის მისწრაფებებზე.

„ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ბლოკი „ერთიანობა", რომელშიც არიან „ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი" და ძალიან საინტერესო ახალი ადამიანები. ჩვენი ამოცანაა, შევცვალოთ ხელისუფლება და 26 ოქტომბერს გაიმარჯვოს ევროკავშირმა რუსეთისკენ მისწრაფებებზე, გაიმარჯვოს ერთიანობამ დაპირისპირებაზე, გაიმარჯვოს ძლიერმა საქართველომ სუსტ, დაჩაჩანაკებულ საქართველოზე, გაიმარჯვოს ემიგრანტების დაბრუნებამ ქვეყნიდან ადამიანების წასვლაზე, გაიმარჯვოს დემოგრაფიულმა წინსვლამ დემოგრაფიულ კატასტროფაზე. რაც შეეხება სხვებს, ეს მათი საქმეა, ჩვენ ვერ ჩავერევით მათ საკითხებში, ყველასთვის გზა დაგვილოცნია, „ქართული ოცნების" გარდა, რომელსაც რუსეთისკენ მიჰყავს საქართველო. ჩვენ ხომ გვინდა, ევროკავშირის წევრები ვიყოთ, თქვენც გინდათ, რომ ორჯერ მეტი ხელფასი გქონდეთ, რომ თქვენი ოჯახის ყველა წევრი დასაქმებული იყოს, რომ სამუშაო ადგილი არავის უჭირდეს. ეს არის ევროკავშირი და ამას გვართმევს „ქართული ოცნება", - აღნიშნა ვაშაძემ.

რას ამბობენ მხარეები სლოგანებით

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციას სუსტი სლოგანი აქვს, რადგან მისი აზრით, დასავლეთის კრიტიკისა და „გავლენების კანონის" გარდა, სხვა „სერიოზული არგუმენტები" არაა იმისა, რომ „ოცნება" რუსეთისკენ მიდის.

„სლოგანებში ორივე მხარეს თავისი მხარდამჭერი ჰყავს, ისინი იმ შინაარსს ჩადებენ, რაც თავის პარტიას გაამართლებს - „ოცნების" მომხრეები ალბათ ომის საფრთხეს ხედავენ და მშვიდობის წინ წამოწევაა მნიშვნელოვანი. „ნაციონალური მოძრაობის" მომხრეები ალბათ ფიქრობენ, რომ „ოცნება" რუსეთისკენ მიდის და თავად ევროპისკენ უნდათ სვლა.

„ყველა არჩევანი მეტ-ნაკლებად რეფერენდუმია. თუკი ითვლება, რომ არჩევნებში ჩართული მხარეების პოზიციები განსხვავებულია, რა თქმა უნდა, ამას რეფერენდუმის წონა ექნება, რადგან ფაქტიურად პარტიას კი არ აძლევ ხმას, არამედ რაღაც მიმართულებით ქვეყნის განვითარებას.

„მაინც მგონია, რომ ოპოზიციის სლოგანი უფრო სუსტია, რადგან ის იდეა, რომ არიქა ქვეყანა რუსეთისკენ მიდისო, გარდა დასავლეთის კრიტიკისა და კანონის არსებობისა, სხვა სერიოზული არგუმენტები ცხოვრებისეული თუ პოლიტიკური, პრაქტიკულად არაა. ოპოზიცია იძახის „ოცნებას" რუსული ორიენტაცია აქვს და ჩვენ დასავლურიო, ამ დროს, ოპოზიციის ბირთვმა - „ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წლის ომის მერე, სტრატეგიული ობიექტები რუსეთს გადაულოცა. თვითონ ომიც, რომლის შედეგადაც 20% საქართველომ დაკარგა, აგრეთვე ამათი „დამსახურებაა". მთელი ამერიკული ირაღი, რაც საქართველოს გააჩნდა, რუსეთს ხელუხლებლად დაუტოვეს, რომელია რუსეთის მხარეს და რომელი დასავლეთის?

„თუ ადამიანს მეხსიერება არ უღალატებს კარგი იქნება და თან ტენდენციური არ იქნება - ვისაც ახლობლები და მეგობრები ეგულება „ნაცმოძრაობაში", ის ბუნებრივია იმედიანად იქნება, რომ ენმ-ს მოსვლა მისთვის უფრო ხელსაყრელია. ასეთი ხელსაყრელობის მოტივის გარეშე, ლაპარაკი იმაზე, რომ დასავლეთი, რუსეთის ალტერნატივად სწორედაა წამოყენებული და მაგ ალტერნატივის დასმაში ოპოზიციას ხინჯი არ აქვსო, ძნელი სათქმელია. ალბათ „ოცნებასაც" შეეძლო ასე წამოეყენებინა ალტერნატივა, რომ ენმ არის რუსეთი, თავად ევროპისკენ მიდის, რადგან ამისთვის ბევრი ნაბიჯი გადადგა. ეთქვა, რომ დღეს ევროპა-რუსეთის ალტერნატივა დგასო, ოპოზიციას იგულისხმებდა უკვე რუსეთის მხარეს მდგომად, თან ადრინდელი შემთხვევების გამო კი არა, ახლაც ვიცით, რომ ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობაში არიან, პასპორტიდან დაწყებული, ხელფასებით დამთავრებული", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" სლოგანი ხალხზე გარკვეულწილად ფსიქოლოგიური ზეწოლაცაა. ოპოზიციის სლოგანი კი, ჩიტაძის თქმით, მართლაც სარეფერენდუმო საკითხია.

„ქართულ ოცნებას" 2012 წელს ჯერ კიდევ სხვა მიზანი ჰქონდა, ცდილობდა მოსახლეობისთვის ეკონომიკური პროგრამები შეეთავაზებინა - ასი ქარხანა, ტარიფების შემცირება და ა.შ. იცოდნენ, რომ მოსახლეობის მტკივნეული თემები სწორედ ეს იყო. ხელისუფლებამ ეს დღემდე ვერ გადაჭრა, ყველაზე მთავარ გამოწვევად კვლავ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები რჩება. დღეს ხელისუფლება რომ ისევ ამას დაპირდეს, მოსახლეობა აღარ დაიჯერებს, ამიტომაც ახლა კამპანია ომსა და მშვიდობაზე ააგეს.

„ამით უნდათ თქვან, რომ წინა ხელისუფლებამ საქართველო ომს ვერ გადაარჩინა და ახლა რა გირჩევნიათ ომი თუ მშვიდობაო, ეს გარკვეულწილად ხალხზე ფსიქოლოგიური ზეწოლაცაა და ხალხის ნაწილსაც სჯერა, რომ კი, ეკონომიკური პრობლემები ვერ გადაჭრეს, მაგრამ სამაგიეროდ, თუ „ოცნებას" მივცემ ხმას, ომში ვერ ჩაგვითრევენ. თან ამით იმის თქმა უნდათ, რომ უკრაინამ ომი ვერ აიცილა, ქალაქებს ანგრევინებს და თავად როგორი „მაგრები" არიან ეს ქვეყანას ააცილეს.

„ოპოზიციის სლოგანს რაც შეეხება, ისინი თავისუფლებას და მონობას შორის არჩევანს გულისხმობენ. ფაქტიურად რეფერენდუმია, როცა რუსეთსა და დასავლეთს შორის აკეთებ არჩევანს და თან კონსტიტუციაშიც უკვე ჩაწერილია საგარეო კურსი. რომელ სლოგანს უფრო მეტი მხარდამჭერი ეყოლება, ეს წინასაარჩევნო კამპანიაზეა დამოკდიებული, წესით უმრავლესობამ დასავლეთს მხარი უნდა დაუჭიროს, ოპოზიციას კარგი კამპანია სჭირდება მოსახლეობას აუხსნას, თუ რას ნიშნავს ევროპა და რომ არანაირი ომი არ ემუქრება ქვეყანას", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე