თამთა ჩაჩანიძე
(25.07.2024)

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის საქმეზე სუს-ში გამოძიება აქტიურ ფაზაშია, ორი დღეა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვები მიდის, შესაბამისად, თემა პოლიტიკურ აქტუალობასაც არ კარგავს, ოპოზიცია დაწყებულ გამოძიებას კვლავ შეთქმულების თეორიას უწოდებს, ხელისუფლება კი ფიქრობს, რომ როცა „ადამიანის მოკვლას აპირებენ, საღლიცინო ამბავი არ არის".

„ხალხის ძალამ" ივანიშვილზე სუს-ში მიმდინარე გამოძიება, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე და აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმების სამქეებსაც კი შეადარა.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ექსმაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზნად, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას ისახავს. სუს-ში გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

„პირველ დღეებში, როცა ეს ამბავი გახმიანდა, საერთოდ მალავდნენ ტერორიზმის მუხლს. ერთი წამით დაუშვით, რომ არავინ არაფერი იცოდა მათი მხრიდან. როცა ორი მუხლია შენთვის ცნობილი, მოწმე ხარ, მისი ადვოკატი ხარ, „ნაცი" ხარ თუ მისი ტელევიზია ხარ, რატომ უნდა მოგაფიქრდეს, რომ შეთქმულების მუხლი გაამხილო და ტერორიზმის მუხლი დამალო?! შემდეგ როდესაც ინფორმაცია გახმოვანდება და სამი დღის თავზე ყველა გაიგებს, რომ ტერორიზმის მუხლიცაა, შემდეგ საგულდაგულოდ მალავდნენ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი ფიგურირებდა, როგორც სავარაუდო მსხვერპლი ამ სავარაუდო დანაშაულისა. რატომ უნდა დამალო ეს ყველაფერი თუ რაღაცაში არ არის საქმე?! ამის იქით, ალბათ, მსჯელობითაც ვერ წავალთ. თუ ისინი უბრალოდ ღლიცინებენ... ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის. ამასთან, იმ ფონზე, როცა მსოფლიოში ბევრი მსგავსი მოვლენა „ემთხვევა" ერთმანეთს, განსაკუთრებული ყურადღებაა მისაქცევი და ამას აკეთებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ხალხის ძალის" წევრის გურამ მაჭარაშვილის თქმით, როგორც ბიძინა ივანიშვილი, ისე დონალდ ტრამპი და რობერტ ფიცო „მშვიდობისთვის და ტრადიციული ცხოვრებისთვის" იბრძვიან.

„არაერთხელ გვინახავს უსაფრთხოების სამსახურის პრევენციული ხასიათის განცხადება, მათ შორის, მათი ქმედებები, რომლითაც, პრაქტიკულად, ქვეყანამ თავიდან აირიდა არაერთი რადიკალური პროცესი, რევოლუციური სცენარი და ტერორისტული აქტი. თან ეს, სხვათა შორის, პირდაპირ ეთერში ბევრჯერ დაუდასტურებია სემინარის ხელმძღვანელებს, რომლებიც ამ სემინარებს ახალგაზრდებისთვის და რევოლუციური სცენარების განვითარებისთვის ატარებდნენ საქართველოში. ამიტომ, ამ შემთხვევაშიც, ბუნებრივად ხდება დამაჯერებელი, რაც უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებასთან დაკავშირებით. თუ გადავავლებთ თვალს მსოფლიოს - ბოლო ორ თვეში სლოვაკეთის პრემიერი, შტატების ყოფილი პრეზიდენტი და კანდიდატი, ბიძინა ივანიშვილი. ეს სამი პოლიტიკური ფიგურა იბრძვის მშვიდობისთვის და ტრადიციული ცხოვრებისთვის. შესაბამისად, ბუნებრივად დამაჯერებელია ის, რაც სუს-მა თქვა",- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ოპოზიცია კი თემას არასერიოზულს უწოდებს. დეპუტატი თეონა აქუნარდია ამბობს, რომ სუს-ის სცენარი გადატრიალების შესახებ „უცვლელია" და ის, რაც ახლა „ქართული ოცნების" პროპაგანდას ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაზე მეტად სჭირდება, შიშის დანერგვაა.

„არც ერთი ამ გამოძიების დასრულება არავის ახსენდება, მით უფრო მაშინ, როცა სუს-ის მიერ გადატრიალების დაანონსების გამო „ოცნებამ" „შეკრების და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ანტიდემოკრატიული ცვლილებებიც კი შეიტანა, რაც პრეზიდენტის ვეტოთი შეჩერდა. ამიტომ სუს-ის მიერ ახალი გადატრიალების თუ შეთქმულების თეორიების ანონსი, სადაც მათი თქმით, საქართველოს ის მოქალაქეები ფიგურირებენ, რომლებიც დღეს უკრაინის სახელმწიფო სახელმწიფო სამსახურში არიან, ნიშნავს იმას, რომ სუს-ი გადატრიალების მოწყობაში უკრაინის კვალს ხედავს, მაშინ როცა დასავლეთის ქვეყნებს აგრესორი რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ ჰყავს გამოცხადებული. მთელმა მსოფლიომ იხილა 2-თვიანი მშვიდობიანი პროტესტი „რუსული კანონის" წინააღმდეგ, ისევე როგორც დღეს მიმდინარეობს მშვიდობიანი მზადება არჩევნების გზით რუსეთის ინტერესების გატარებაში მყოფი მმართველი პარტიის შეცვლისა.

„ასევე საგულისხმოა „ოცნების" პროპაგანდა ამ საქმესთან დაკავშირებით გლობალური ომის პარტიასთან დაკავშირებით, რითაც ისინი დასავლეთის მტრობაზე აკეთებენ მორიგად აქცენტს. პრემიერი დაჟინებული აგრძელებს პროპაგანდას ევროკომისრის მიერ მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის შესახებ, მიუხედავად სუს-ის უფროსის მიერ გაკეთებული განცხადებისა ამ საქმის უსაფუძვლობის შესახებ. ფაქტი ერთია: - მშვიდობა მოაქვს ევროპულ ოჯახში გაერთიანებას, სადაც ომები არ არის, ხოლო ნგრევა და უბედურება რუსეთს, რომელზეც აკეთებს ფსონს „ქართული ოცნება," - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე