ნატალია ჯვარიძე
(23.07.2024)

სამხრეთ სამეზობლოში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა გახდება. იგი პოლიტიკურ და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეა და ამ დრომდე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში თანამდებობას იკავებდა.

„ვაშინგტონის სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც გაზრდის ნატოს ჩართულობას ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და საჰეილის რეგიონებში. ეს რეგიონები ჩვენი ალიანსისთვის მნიშვნელოვანია. სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა ამ გეგმის ნაწილია.

„ხავიერ კოლომინას ნატოს პარტნიორებთან ურთიერთობის უდიდესი გამოცდილება აქვს. მისი დანიშვნა სამხრეთში ნატოს მნიშვნელოვან მუშაობას კიდევ უფრო გააძლიერებს, ის პასუხისმგებელი იქნება ნატოს კოორდინაციასა და ხილვადობის გზარდაზე და გაზრდის პარტნიორებთან ჩართულობას", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

„პატივია დავინიშნო ნატოს გენერალური მდივანი, სამხრეთ სამეზობლოში პირველ სპეციალურ წარმომადგენლად. მოუთმენლად ველით სამხრეთში ნატოს ძალისხმევით კოორდინაციასა და ხილვადობას, ასევე რეგიონებთან ნატოს პარტნიორობის გაძლიერებას", - წერს ხავიერ კოლომინა „ტვიტერზე".

რონდელის ფონდის მკვლევარის კახა გოგოლაშვილის შეფასებით, ნატოს თავის დოქტრინაში არავითარი ცვლილებები არ შეუტანია. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე უკრაინის გაწევრიანების საკითხი არ განიხილება, რადგან ომში მყოფი ქვეყანა ნატოში ვერ გაწევრიანდება. რაც შეეხება საქართველოს, მისივე თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებულია.

„ახლა, სანამ უკრაინაში ომი მიმდინარეობს, ნატო ვერ გაფართოვდება, ეს შეუძლებელია მოხდეს. ალიანსს თავის დოქტრინაში არავითარი ცვლილებები არ გაუკეთებია და არც ახალი სტრატეგიით გაფართოების შეჩერებაზე არ არის საუბარი. ასევე, მერამდენეჯერ არის საუბარი იმაზე, რომ ისინი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას ელოდებიან, ომში მყოფი ქვეყანა ალიანსში ვერ გაწევრიანდება.

„რაც შეეხება, გაფართოებას საქართველოს მიმართულებით, უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და ეს დამოკიდებული იქნება იმაზე თუ, რა მდგომარეობა იქნება ქვეყანაში, როგორი წყობა იქნება, ასევე ხელისუფლებაში ვინ მოვა და გააგრძელებს თუ არა საქართველო ნატოსკენ მოტივირებულ სვლას.", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე