თამთა ჩაჩანიძე
(23.07.2024)

ვაშინგტონი ეჭვობს, რომ რუსეთი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩაერევა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მეთიუ მილერის თქმით, მოსკოვის მხრიდან არჩევნებში პირდაპირი ჩარევის არაერთი მცდელობა ყოფილა, როგორც რეგიონში, ისე მსოფლიო მასშტაბით, ამიტომ მისი თქმით, ამერიკის ხელისუფლება საქართველოში მიმდინარე პროცესებს „ყურადღებით აკვირდება".

ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ფიქრობენ, რომ რუსეთი არ მოაკლებს მცდელობას საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩაერიოს და სხვადასხვა სცენარებზე საუბრობენ - ერთი ვერსიით, ჯერ გამოიყენებს რბილ ძალას და შემდეგ თუ პროცესები მოსკოვისთვის სასურველი სცენარით არ წავიდა, პროვოკაციებიც მოსალოდნელია.

„მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა და მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს მათი ქვეყნის მომავალი", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აშშ რუსეთის მიერ არჩევნებში ჩარევის მცდელობებს მსოფლიოში ყურადღებით აკვირდება.

„ჩვენ გვინახავს რუსეთის არა მხოლოდ არაერთი მცდელობა, არამედ არჩევნებში პირდაპირი ჩარევა როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში და ყოველთვის ყურადღებით ვართ და ვაკვირდებით ამას. როგორც ჩვენგან არაერთხელ გსმენიათ, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა და მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს მათი ქვეყნის მომავალი", - განაცხადა მეთიუ მილერმა.

როგორ შეიძლება ჩაერიოს რუსეთი საქართველოს საპარლამენტი არჩევნებში - სცენარები

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან ჩარევა გამორიცხული არაა, შესაძლო ვერსიებზე საუბრობს კიდეც, თუმცა მიიჩნევს, რომ მილერის ეს განცხადება უფრო „საფუძვლის მზადებას ჰგავს" დასავლეთიდან, გამოაცხადონ, რომ „გაყალბდა არჩევნები არა საქართველოს, არამედ რუსეთის მხრიდან და ამიტომ მივიღეთ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება".

„ამერიკელები იძახიან, რუსეთი ამერიკულ არჩევნებში ჩაერიაო, მაგრამ მეორეს მხრივ, ძნელი საპოვნელია ეს პოლიტიკური ბრალდებაა, თუ რეალური ჩარევა, რადგან ამერიკელებს პოლიტიკური მოტივი ჰქონდათ, რომ რუსეთზე ეგ შეფასება გაეკეთებინათ. მე მაგალითად ფაქტიური არგუმენტები არსად არ მინახავს და ახლაც მიჭირს იმის თქმა, თუ როგორ (რა სახით) შეიძლება ჩაერიოს ჩვენთან.

„რამოდენიმე ვარიანტია - ერთია ის, რომ იმ ადამიანებს გაუკეთოს მობილიზაცია, ვისზედაც საქართველოში რუსეთს გავლენა აქვს, მაგრამ ასეთი მობილიზაცია ყოველთვის იყო, ნებისმიერ შემთხვევასა და ნებისმიერ დროს და ამას ჩარევად არც ვგულისხმობდით, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ბრძოლა იყო. ბრძოლა ერთმანეთთანაც და ბრძოლა უცხო გავლენის წინააღმდეგაც.

„ასეთი უცხო გავლენის ბრძოლის ვარიანტად შესაძლოა „მეხუთე კოლონის" თემა იყოს, ეს ტერმინიც მაგიტომ გაჩნდა, რომელიც მიღებული ტერმინია და ყველა ქვეყანაში ამ ტერმინის ქვეშ ის ჯგუფები განიხილება, რომლებიც შეიძლება სხვა ქვეყნის ინტერესით მოქმედებდნენ. ასევე არის ლაპარაკი ელექტრონულ ჩარევებზე, ამას შესაძლოა ამერიკის სინამდვილეში დიდი მნიშვნელობა ჰქონოდა, რადგან იქ კენჭისყრა ელექტრონული იყო.

„ასევე შესაძლოა იყოს ეკონომიკური და სამხედრო ჩარევები, თუმცაღა სამხედრო ჩარევა საეჭვოა. მილერის პირით არაერთი დებულება ითქვა, რომელიც საქართველოს მიმართ მშვიდობიან დამოკიდებულებას არ გულისხმობს და შესაძლოა ასეთი განცხადებით საფუძველი მზადდება იმისთვის, რომ უცხოეთმა გამოაცხადოს, რომ გაყალბდა არჩევნები არა საქართველოს, არამედ რუსეთის მხრიდან და ამიტომ მივიღეთ ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაო".

„დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს განცხადებები უფრო ასეთი ნაბიჯისთვის შემზადებაა და არა გაყალბების რეალური ვერსია",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ყველა ვარიანტში ჩაერევა. მისი თქმით, ჯერ რბილ ძალას გამოიყენებს, რისი ნიშნანიც უკვე ჩანს და მერე თუ პროცესები მისთვის სასურველი სცენარით ვერ წავიდა, პროვოკაციებსაც არ მოერიდება.

„რუსეთი რა თქმა უნდა ყველა ვარიანტში ჩაერევა, რბილ ძალას გამოიყენებს, ამას გარკვეულწილად უკვე იყენებს კიდეც, თუნდაც, პრიმაკოვის ფონდის მიერ ტრენინგების ჩატარება რუსულ ენასთან დაკავშირებით, ასევე რუსეთში სასწავლებლად ქართველი ახალგაზრდების წაყვანა, ამასთან გარკვეული შეხვედრებიც იმართება.

„რაც შეეხება მსხვილ ჩარევებს, რუსეთი ფსონს ისეთ პოლიტიკურ ძალებზე დადებს, რომელიც პროევრაზიული და ანტიდასავლური ორიენტაციისა, მემგონი 28 ულტრანაციონალისტირი გაერთიანების კოალიციაც შეიქმნა, ასეთი გაერთიანებები რუსეთისთვის ყველაზე მისაღებია. ისინი ნაწილობრივ საინფორმაციო უზრუნველყოფას უკეთებენ „ქართულ ოცნებას" და „ხალხის ძალას", პირდაპირ ჩანს, რომ ისინი ყველანაირად უჭერენ მხარს.

„არ გამოვრიცხავ, რომ რუსი პოლიტტექნოლოგები გამოაგზავნონ, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ. ასევე ფინანსური დახმარებებიც წამოვიდეს, ისევე, როგორც აშშ-ში ჩაერივნენ. ამასთან არაა გამორიცხული, რომ რუსი ჟურნალისტებიც ინტენსიურად ჩამოვიდნენ, გააკეთონ სიუჟეტები და გარკვეულწილად შეეცადონ, რომ ამომჩეეველზე გავლენა მოახდონონ.

„სხვათა შორის, ფარცხალაძეს, რომ რომანოვის გვარი მიანიჭეს, ეს ძალიან მაგონებს იმ შემთხვევას, როცა ყირიმელი სეპარატისტების ლიდერ აქსიონოვს გრაფის წოდება მიანიჭეს. მგონია, რომ ესეც შემთხვევით არაა და დღეს აქსიონოვი ყირიმელი სეპარატისტების ადმინისტრაციის ხელმძღვანელია. არ ვიცი აქ ლოგიკა როგორაა, მაგრამ ცდილობენ, რომ თავიანთ გავლენის აგენტებს სტატუსი აუმაღლონ, რასაც, მერე ალბათ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებენ.

„თუ ქართველმა ხალხი არჩევნებზე მასიურად მივიდა და ხმა ევროპულ არჩევანს მისცა, ამის მერე პროვოკაციებსაც შეეცდებიან",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე