მევლუდ მელაძე: ,,ქალაქის მოწყობა უნდა მოხდეს გზების გაფართოება-გაშლით და არა მაღალი შენობების ჩადგმით, რადგან ქალაქის სიმაღლეში ზრდა საგზაო კოლაფსს ქმნის".
რეზონანსი
(22.07.2024)

თბილისის ქუჩების რეკონსტრუქცია-გაფართოების სამუშაოები ჯერჯერობით ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია, რაც საცობების საკითხს მეტნაკლებად მოაგვარებს. იმისთვის, რომ შედეგი უფრო თვალსაჩინო გახდეს, მნიშვნელოვანია ქალაქის განაშენიანების რა გზას ირჩევს თბილისი, როგორც სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტები აცხადებენ, დედაქალაქის სიმაღლეში ზრდა საცობების პრობლემას კიდევ უფრო გააღრმავებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ქალაქი სიგანეში გაიზარდოს და სადაც აუცილებელია, ხიდები და ესტაკადები მოეწყოს.

დედაქალაქის მასშტაბით, არაერთი სატრანსპორტო კვანძია, სადაც გადაადგილება საცობების გამო ჭირს. მაგალითად, ასეთია გმირთა მოედანი, სააკაძის მოედანი, ლაგუნა ვერეს, დიდი დიღმის და ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიები, ჭავჭავაძის გამზირი, წერეთელი, თბილისის შესასვლელი და სხვა, რომელიც ე.წ. ცხელ ადგილებად ითვლება.

როგორც ცნობილია, თბილისის მერია მთაწმინდის რაიონში, ლაგუნა ვერეს მიმდებარე (გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სანაპირომდე) მონაკვეთის რეკონსტრუქცია-გაფართოების სამუშაოების პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა აცხადებს. შესყიდვის ღირებულება 5 120 997 ლარია.

შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რომელსაც ბმ.გე აქვეყნებს, სამუშაოების დაფინანსების წყარო - 2024 - 2025 წლების ქ. თბილისის ბიუჯეტია. 2024 წელს 4 000 000,00 ლარი დაიხარჯება, 2025 წელს 1 120 997,00 ლარი.

ტენდერის პირობების მიხედვით, საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდების ვადა - ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით განისაზღვრა, ხოლო სამშენებლო სამუშაოების მიწოდების ვადა - 60 (სამოცი) კალენდარული დღეა, ეტაპობრივად, წერილობითი დავალებების და სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.

ცხადია, საცობების პრობლემას ვერც ეს მოაგვარებს, თუნდაც ამ კონკრეტულ ლოკაციაზე, ვინაიდან როგორც სპეციალისტები აცხადებენ, აღნიშნულ ადგილზე მრავალსართულიანი შენობის ჩადგმა ამ მხრივ პრობლემას მაინც გამოიწვევს, ამიტომ დამატებითი სამუშაოების უნდა ჩატარდეს, მათ შორის, ხიდი ან ესტაკადა მოეწყოს.

ამასთან, როგორც ­ავტომრბო­ლელ­მა და სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კის ექ­სპერ­ტმა მევ­ლუდ მე­ლა­ძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" განაცხადა, სატრანსპორტო კოლაფსი რომ არ შეიქმნას, საჭიროს ქალაქის სიგანეში გაფართოება და შუქნიშნების სწორი დამონტაჟება, რაც გზის გამტარუნარიანობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია.

,,რა პრინციპითაც ქალაქდაგეგმარება ხდება, ამისთვის თბილისი მზად არ აღმოჩნდა. შესაბამისად, ამან გამოიწვია ის საგზაო კოლაფსი, რაც დღესდღეობითაა. ახლა ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე გზების გაფართოება გადაწყდა, მაგრამ პრობლემას ეს ვერ მოაგვარებს. როგორც ვიცით, გზის გაფართოება ამ მონაკვეთზე მრავალსართულიანი შენობის აშენების გამო იგეგმება. ქალაქის მოწყობა მისასალმებელია, მაგრამ უნდა მოხდეს ისე, რომ გაფართოება-გაშლა მოხდეს ტერიტორიის გაშლით და არა მაღალი შენობების ჩადგმა. ქალაქის სიმაღლეში ზრდა ამ მხრივ დიდ პრობლემას შექმნის.

გამოდის, რომ საცობები ისევ იჩენს თავს და ეს გაფართოება საკმარისი არ იქნება. არ ვიცი, რა არის გაფართოების შემდგომი ნაბიჯი, არც ის, კონკრეტულად რა ეტაპს მოიცავს. შეიძლება, გზის გაშლა მოხდეს, მაგრამ შუქნიშნები ისე იყოს დამონტაჟებული, რომ სუსტი გამტარუნარიანობა ჰქონდეს", - აღნიშნა მევლუდ მელაძემ და დასძინა, რომ შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია, ინფრასტრუქტურა სწორად მოეწყოს.

,,ჩვენს საგზაო მონაკვეთებზე კატასტროფა ხდება, ამიტომ ეს წერტილები, მაკავშირებლები, ასე თუ ისე, ცნობილია ყველაზე ცენტრალური და მასიურია გმირთა მოედანი, გამსახურდიას გამზირი (ის ისეთი მძაფრი მაინც არ არის, ვინაიდან ქუჩას ჰყოფნის სიგანე და აქვს გამტარუნარიანობა), გლდანი (მინდელის ხიდზე რომ გადავდივართ და გლდანში ავდივართ, მთელი გზა სულ საცობია), ვარკეთილი, ავლაბარი, ვერა და ვაკე (ბაგებიდან მომავალი გზაც). ყველა ამ ჩამოთვლილ უბანში, როგორც მინიმუმ, მისვლა გართულებულია.

არის ადგილები, სადაც გვინდა თუ არა, უნდა მოხდეს ხიდების და ესტაკადების მოწყობა. ამისთვის შესაბამისი ადგილი დიდი სიფრთხილით უნდა შეირჩეს. რთულია, ოპტიმალური გამოსავალი მოიძებნოს. ყველაზე სწორი იქნება, ქალაქი არ გაიზარდოს სიმაღლეში, არამედ სიგანეში. აქცენტი გადატანილ იქნას ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მაღალსართულიანი შენობები ვაშენოთ", - განაცხადა ჩვენთან საუბრისას მელაძემ.

მისივე განმარტებით, აუცილებელია ასევე საპარკინგე სივრცეების მოწყობა უბნებში, თუნდაც სართულებიანის, რათა ეს მანქანები ქუჩებში არ იყოს ჩახერგილი, რაც უმეტეს შემთხვევაში ქმნის საცობს.

,,მჭიდროდ დასახლებულ უბნებში, სადაც ამხელა კორპუსების მშენებლობა მიდის, მას თუ არ ექნება შესაბამისი რაოდენობის პარკირების სივრცეები, ეს ამდენი ავტომანქანა სად ჯანდაბაში წავა? როგორ შეიძლება, ქალაქის ცენტრში ვიღაცამ ბინა იყიდოს, ნახევარი მილიონი გადაიხადოს და 3 ათას დოლარიანი მანქანა მაინც არ ჰყავდეს? ოჯახის ყველა წევრსაც შეიძლება ჰყავდეს მანქანა და ის ხომ სადღაც უნდა გაჩერდეს? ამიტომ მოთხოვნაში უნდა ჩადებულიყო თითოეულ ბინაზე 2 საპარკინგე ადგილი და დამთავრდა, მარტივი გადაწყვეტაა. ქალაქის ცენტრში ვინმეს თუ უნდა კორპუსის აშენება და იქ ბინების გაყიდვა, იქ ძვირიც უნდა ღირ­დეს, სხვანაირად არ გამოვა", - აღნიშნა სატრანსპორტო პოლიტიკის ექსპერტმა.

სპეციალისტების ნაწილის საცობების პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ საშუალებას საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას განიხილავს. რა შეეხება კონკრეტულ ლოკაციებს, ე.წ. ცხელ წერტილებს, როგორც სამოქალაქო მოძრაობა ,,ჩემი ქალაქი მკლავს" დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძე აცხადებს, ყველა პრობლემური ტერიტორიის ინდივიდუალური შესწავლა უნდა მოხდეს.

,,ლაგუნა ვერე" ერთ-ერთი პრობლემური ადგილია დედაქალაქში, სადაც ყოველდღიურად საცობია. დიდი ნაკადი მოძრაობს სანაპიროზე და გზის კონკრეტულ მონაკვეთის გაფართოება მნიშვნელოვანია. კარგია, თუკი დაემატება ხიდი, რომელიც საცობის პრობლემას რაღაც დონეზე მოაგვარებს.

გამიჭირდება თქმა, რამდენი ასეთი ცხელი ადგილია თბილისში, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით ათზე მეტია და თითოეულს სჭირდება კომპლექსური მიდგომა, ინდივიდუალურად უნდა იქნას ყველა ლოკაცია შესწავლილი და სარეაბილიტაციო სამუშაოც შესაბამისად დაიგეგმოს. უნდა ვიცოდეთ, საიდან წარმოიშვა პრობლემა და გამოინახოს მისი აღმოფხვრის გზა. თბილისის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის საცობები, რასაც მხოლოდ გზების გაფართოებით ვერ ვუშველით. ამას სჭირდება ქაოსური განაშენიანების შემცირება და სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა. ერთ-ერთი გამოსავალია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. მასიურად რომ მოხდეს მიწისქვეშა ნაწილის (მეტროს) განვითარება, რომ საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა შემცირდეს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი აზრით, იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო მოწესრიგდეს და კერძო ავტომობილებითაც გახდეს უსაფრთხო მოძრაობა შესაძლებელი, ,,ოქროს შუალედი" უნდა გამოინახოს.

,,მოქალაქეებისთვის არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის საკმარისი და არც ავტომობილებით გადაადგილებაა კომფორტული. ,,ოქროს შუალედი" უნდა გამოინახოს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება ნორმალურად გახდეს შესაძლებელი. ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი პრობლემა საცობია. ლაგუნა ვერეს შემთხვევაში, დამატებით რაც უნდა გაკეთდეს, არის მიწისზედა გადასასვლელი ხიდი, რომელიც კონკრეტულ ადგილს დაუკავშირდება. ანალოგიური სამუშაოები ეტაპობრივად განსახორციელებელია სხვადასხვა უბანში, ყველა ცხელი ადგილი ინახოს და ინდივიდუალურად შეისწავლონ. კარგია, რომ ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორია ფართოვდება, მაგრამ ამ შემთხვევაში იმიტომ, რომ მრავალსართულიანი კომპლექსი აშენდეს. საცობების საკითხს მხოლოდ გზის გაფართოება ვერ უშველის, უფრო კომპლექსური მიდგომა სჭირდება", - უთხრა გიორგი ჯაფარიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს".

როგორც ცნობილია, თბილისის მერიამ ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგურების აღების იდეა დღის წესრიგში მიმდინარე წლის თებერვალში დააბრუნა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, "გალფს" და „ლუკოილს" ადგილმონაცვლეობა გლდანში შესთავაზა, ხოლო "ვისოლ ჯგუფს" მიწის ნაკვეთი ლისზე გადაეცა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჯამში 3 კომპანიისთვის ადგილმონაცვლების შეთავაზება დედაქალაქის ბიუჯეტს 7 მილიონი ლარი დაუჯდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე