უპასუხისმგებლო სამშენებლო კომპანიებს, თბილისში, არა ერთი ოჯახი ჰყავს დაზარალებული. დაუმთავრებელი შენობები დედაქალაქში მრავლადაა, რომელთა უკანაც უამრავი დაზარალებული ადამიანი დგას.
თბილისის მერია ამ ადამიანების დახმარებას მუდმივად ცდილობს და გარკვეული შერავათების სანაცვლოდ, სამშენებლო კომპანიებთან თანაშრომლობს, რომ მათ მიერ დაწყებული კორპუსები აშენდეს და მოსახლეობამ კუთვნილი ბინები მიიღოს. სწორედ ამ შეღავათებზე და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე ისაუბრა მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ.
„სამწუხაროდ, დაუმთავრებელ მშენებლობები არის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ჩვენი ქალაქისთვის. აქ საუბარია ათასობით ოჯახსა და ადამიანზე. სამწუხაროდ, თბილისში არსებობს ბევრი ისეთი ობიექტი, რომლის დასრულებაც ვერ მოხერხდა. დედაქალაქის მერიამ გარკვეული სახის გეგმა შეიმუშავა. ამ გეგმის ფარგლებში, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვხედავთ, რომ თუ არ იქნება ფინანსური შესაძლებლობა, ეს კორპუსები ვერ დასრულდება და ვერ აშენდება, რადგან აღარ არსებობს მათთვის საჭირო ინვესტიციები. აქედან გამომდინარე, ჩვენ სათითაოდ, თითოეულ ობიექტთან დაკავშირებით, როგორც დაზარალებულთან, ასევე სავარაუდო ახალ ინვესტორებთან ერთად ვსხდებით და კომისიურად განვიხილავთ საკითხს", - განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ.
მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ახსნა რაში მდგომარეობს კომისიურად საქმის განხილვა.
„ჩვენ ვთავაზობთ ინვესტორს გარკვეულ შეღავათებს იმისათვის, რომ მათ შეძლონ დაწყებული და დაუსრულებელი პროექტის დამთავრება. ეს შეღავათი შესაძლოა, იყოს იგივე კოეფიციენტის მომატება, ანუ ვთქვათ, დეველოპერი უფრო მეტს ააშენებს, ვიდრე აშენებდა. ასევე შესაძლებელია ეს კოეფიციენტი მიეცეს არა იმ მიწაზე, არამედ სხვა ტერიტორიაზე, თუ ინვესტორს აქვს სხვა მშენებარე ობიექტი.
გარდა ამისა, გამონაკლისები დაიშვება სხვადასხვა ტექნიკურ პარამეტრებში. ჩვენი, მუნიციპალური რესურრებით ვცდილობთ, რომ ასეთ ობიექტები გადავცეთ ინვესტორს, რომელიც, რა თქმა უნდა, ამის სანაცვლოდ აიღებს პასუხისმგებლობას, რომ დაუსრულებს ოჯახებს იმ ფართებს, რომლებსაც ისინი შეიძლება ათეული წლებიც კი ელოდებიან", - განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ და დასძინა, რომ ზოგიერთ კომპანიასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია. მაგალითად, ასეთია „ცენტრ პოინტი", ოღონდ კომპანიასთან დაკავშირებით, საუბარი არის მხოლოდ თბილისზე.
„ცენტრ პოინტს", სამწუხაროდ, დედაქალაქის გარდა, სხვაგანაც ჰყავს დაზარალებულები. თბილისის შემთხვევაში, შეთანხმება ყველგან არის მიღწეული. შესაბამისი ხელშეკრულებები არის გაფორმებული და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს ამ ოჯახებისთვის მიმდინარე ბინების დასრულება ან ახალი კორპუსების აშენება. ამ კომპანიასთან ხელშეკრულებები და ჩვენი შეღავათის დონეზე ყველა გეგმა გაწერილია, მოლაპარაკეკები დასრულებულია, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა ოჯახი დაკმაყოფილდება. იგივე შეგვიძლია ვთქვათ `სვეტის" და `ოლიმპიური ვარსკვლავის" შემთხვევაშიც", - აღნიშნა ირაკლი თავართქილაძემ.
საყურადღებოა, რომ „ცენტრ პოინტის" შემთხვევაში დაახლოებით 3500 ოჯახი იყო დაზარალებული, ხოლო დედაქალაქის მასშტაბით 180 დაუმთავრებელი ობიექტი არსებობს.
„სამწუხაროდ, მთელი ქალაქის მასშტაბით ჩვენ გვქონდა ზოგი მცირე ზომის, ზოგიც შედარებით დიდი ზომის 180 ობიექტი, რომელიც არის დაუმთავრებელი. ყოველ შემთხვევში, რომელსაც სტატუსი მიენიჭა. აქედან გამომდინარე, საკმაოდ დიდი სამუშაოა, მაგრამ სისტემური მიდგომა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ თუკი ამან იმუშავა დიდ პროექტებში, სადაც რამდენიმე ათასი ადამიანია დაზარალებული, ეს იმუშავებს პატარა პროექტებშიც. შესაბამისად, მიმდინარეობს ყველასთან მოლაპარაკება.
არ არსებობს ორი ერთნაირი მშენებლობა და დაზარალებული. თითოეული ოჯახი თითოეულ პროექტში განსხვავებულია. საკმაოდ შრომატევადი საკითხია, თუმცა ამასაც მივყევბით და გეგმა გვაქვს, რომ თბილისში არ დარჩეს დაუმთავრებელი მშენებლობა და ყველა ოჯახმა მიიღოს ის, რაშიც, თავის დროზე, გადაიხადა საკუთარი თანხა", - აღნიშნა მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა.
მშენებლობის ვადებთან დაკავშირებით, ირაკლი თავართქილაძემ ხაზი გაუსვა, რომ ეს დამოკიდებულია ინვესტორებსა და მშენებლებზე.
„ეს შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად. არსებობს ისეთი ობიექტები, რომლებიც დასრულებული იყო, ოჯახები შესახლებულები იყვნენ, ფაქტობრივად, სარგებლობდნენ ფართით, მაგრამ არ იყო ექსპლუატაციაში მიღებული და ასე ვთქვათ, სამართლებრივ დონეზე არ იყო სტატუსი, დასრულებულად არ ითვლებოდა, რაც შედარებით უფრო მარტივი პროცედურაა, ვიდრე არ აშენებული შენობა. აქედან გამომდინარე, ასეთი სტატუსის არ მქონე შენობებისთვის გვქონდა ვადა განსაზღვრული, როდესაც უნდა მოემართათ. ეს მომართვები უკვე დასრულებულია, წინა წლის აგვისტოში დასრულდა. რეალურად, 80%-ზე უკვე გასულია ჩვენგან თანხმობები და ექსპლუატაციაში მიღებულია. დანარჩენზეც მიმდინარეობს შიდა სამუშაეობი.
რაც შეეხება მშენებლობის ვადებს, ეს უკვე დამოკიდებულია იმ ინვესტორებზე და მშენებლებზე, რომლებამც მიიღეს ჩვენგან შეღავათები, თუმცა ალბათ, 2-3 წლის პერსპექტივაში უკვე შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ თბილისის ტერიტორიაზე ყველა დაზარალებული, თუკი ახალი არ გამოჩნდება, დაკმაყოფლებული იქნება მერიის და კერძო ბიზნესის ინვესტიციების ჩართულობით", - დასძინა ირაკლი თავართქილაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე