მამუკა კელაურაძე: ,,ხელმისაწვდომი ტარიფებისა და ხარისხიანი მომსახურების გამო თურქეთი უპირობო ლიდერია"
ქეთო გოგოხია
(22.07.2024)

დღეისათვის ქართველი ტურისტებისთვის ზაფხულის სეზონზე ნომერ პირველ მიმართულებად თურქეთი რჩება. მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების საფასური გაზრდილია, ტურისტული ნაკადები არ შემცირებულა. მეტიც, როგორც ტურისტულ კომპანიებში აცხადებენ, წინა წელთან შედარებით, მოთხოვნა გაზრდილია და ეს დინამიკა სეზონის ბოლომდე შენარჩუნდება.

გამონაკლისი შემთხვევა დაფიქსირდა ივნისში, როდესაც ევროპის ჩემპიონატის გამო გერმანიაზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა უკვე ივლისიდან ტენდენცია ნელ-ნელა ჩვეულ ტემპს უბრუნდება.

როგორც გამყვანი ტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელი, კომპანია `კლარკ&რობინსონის" ხელმძღვანელი მამუკა კელაურაძე აცხადებს, თურქეთის წილი სხვა ქვეყნებთან შედარებით, დაახლოებით 75%-მდეა. მთავარ ფაქტორად, რის გამოც დამსვენებლები უპირატესობას თურქეთს ანიჭებენ, მისივე თქმით, ხელმისაწვდომი ფასი (ავიაბილეთი, სასტუმრო) და მომსახურების ხარისხია.

,,ზაფხულში ქართველების საყვარელი მიმართულება ტრადიციულად არის თურქეთი. ამას ხელს უწყობს ხელმისაწვდომი ტარიფები და ხარისხიანი მომსახურების შესაძლებლობა. თურქეთის კურორტებს მიმართულებით პირდაპირი რეისები არის როგორც ანტალიაზე, იზმირზე, ისე ბოდრუმზე. თუმცა წელს თურქეთში დასვენება ძალიან გაძვირებულია. გაზრდილია როგორც სასტუმროების, ასევე ავიაბილეთების ფასები. სხვაობა შარშანდელთან შედარებით დიდ განსხვავებას გვაძლევს, მაგრამ მოთხოვნა მაინც აქტიურია. შესაბამისად, რეისები ყველა მიმართულებით დატვირთულია. ხოლო თავად თურქეთში სასტუმროები საკმაოდ დატვირთულია. პირდაპირი რეისები გაქვს ასევე ლარნაკში, სალონიკიში, - ვგულისხმობ საკურორტო მიმართულებებს, სადაც ფრენებზე საკმაოდ მაღალი ფასებია. რაც შეეხება ევროპას, ამ მხრივ ივნისი აშკარად ლიდერ პოზიციაზე იყო, ვინაიდან ევროპის ჩემპიონატის პერიოდში ძალიან დიდი ტრაფიკი ფიქსირდებოდა. მთელი საქართველოდან ფაქტობრივად ყველანაირი მიმართულებით ხდებოდა ადგილზე ჩასვლა. ხალხი ავტობუსებითაც წავიდა და მით უმეტეს ევროპის მიმართულებით ფრენები დატვირთული იყო. ახლა ამ ტალღამ გადაიარა, მაგრამ მთლიანობაში ივლისი, აგვისტო და სექტემბრის პირველი ნახევარი ყველაზე მოთხოვნადი პერიოდია ყველა მიმართულებით, მაგრამ თურქეთი უპირობო ლიდერია. ამიტომ რეისები დატვირთულია და ფასებიც მაღალია", - აღნიშნა კელაურაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

მისივე ინფორმაციით, საბერძნეთი რიგით მეორე ქვეყანაა, სადაც ქართველი ტურისტები ზაფხულში ყველაზე მეტად ისვენებენ. ასევე მაღალია მოთხოვნა ხორვატიასა და მონტენეგროზე, სადაც კარგი ზღვაა.

რაც შეეხება ევროპის სხვა ქვეყნებს, მამუკა კელაურაძის თქმით, წელს გერმანია მოწინავე პოზიციაზე დარჩება. ასევე დიდია ინტერესი იტალიის და ესპანეთის მიმართ, რაც შეეხება ბულგარეთს, იმის გამო, რომ პირდაპირი ფრენები არ არის, აქცენტი ამ მიმართულებაზე ნაკლებად კეთდება.

როგორც აღმოჩნდა, აზიის ქვეყნები მაღალი მოთხოვნით ზაფხულში ისედაც არ არის გამორჩეული, ვინაიდან ტენიანი პერიოდია და მომხმარებლები თავს იკავებენ.

„ზოგადი ტენდენცია მსოფლიოს მასშტაბით არის ის, რომ წლიდან წლამდე ფასები განუხრელად მატულობს. ეს არამარტო კურორტებს ეხება, არამედ დიდ ქალაქებსაც. მაგალითად პარიზი, რომი, ლონდონი და ასე შემდეგ, ყველგან ფასები მატულობს და რადგანაც საფრანგეთი, იტალია, ბრიტანეთი ტურიზმის მოდის კანონმდებლები არიან, ეს ავტომატურად იწვევს იმას, რომ სხვა ქვეყნებშიც ფასები იზრდება. მათ არც თურქეთი ჩამორჩა. მაგალითად, სტამბოლში სანახაობები საოცრად გაძვირდა. ისეთი ადგილები როგორიცაა ბაზილიკა ცისტერნა, აია სოფია და დოლმაბაჰჩეს სასახლეში შესასვლელი ბილეთები თითქმის 30 ევრო გახდა, რაც ლუვრზე ძვირია. ტენდენცია ისეთია, რომ მოგზაურობა ნელ-ნელა თანდათან უფრო ძვირი სიამოვნება ხდება. გარდა ამისა, კვიპროსში დასვენების ფასები საკმაოდაა გაზრდილი. საბერძნეთში მეტნაკლებად სტაბილური ვითარებაა და ფასების არჩევანი არის", - განაცხადა მამუკა კელაურაძემ.

კიდევ ერთი ტენდენცია, რაზეც ტუროპერატორები ყურადღებას ამახვილებენ, დაბალბიუჯეტური ტურების ნაკლებობაა, ვინაიდან დამსვენებლების უმეტესობა მოგზაურობას დამოუკიდებლად გეგმავს.

გამყვანი ტურიზმის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ანასტასია სანოძე აღნიშნავს, რომ გამყვანი ტურიზმი, როგორც მიმართულება, ნელ-ნელა იმკვიდრებს ფეხს, ამიტომ არის გარკვეული პრობლემა, განსაკუთრებით დაბალბიუჯეტურ ტურებთან დაკავშირებით, რაც სავარაუდოდ ეტაპობრივად დაიხვეწება.

,,საქართველოში ძირითადი აქცენტი შემომყვან ტურიზმზეა მიმართული, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ბოლო პერიოდში თანდათან ადგილს იმკვიდრებს გამყვანი ტურიზმი, რომლის მიზანიცაა, დაინტერესებულ პირებს შესთავაზოს მრავალფეროვანი ტურები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ბოლო წლების განმავლობაში შეიცვალა მომხმარებლის ქცევა და დაბალბიუჯეტური ტურები უმეტესად დამოუკიდებლად იგეგმება, რის გამოც ეს სეგმენტი ტურისტულ კომპანიებს მოაკლდა. მგზავრების უმეტესობა ცდილობს, თვითონ შეძლოს და დაკომპლექტოს საკუთარი მოგზაურობა. ბილეთები იყიდოს საიტზე და ადგილებიც დაჯავშნოს. ამან შეიძლება გაუთვალისწინებელი პრობლემა გამოიწვიოს, არასწორად იქნას ადგილი დაჯავშნილი, განთავსების პრობლემა შეიქმნას და სხვა, რაც დისკომფორტს იწვევს, განსხვავებით საშუალო და მაღალბიუჯეტური ტურებისგან, ეს სეგმენტი ძირითადად ტურისტული კომპანიების მომხმარებლები არიან მათ შემთხვევაში პრობლემატური საკითხები ფაქტობრივად არ არის", - უთხრა სანოძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს".

როგორც ქართველი მოგზაურები აღნიშნავენ, ტურისტული კომპანიების მაღალი ტარიფების გამო სასტუმროების შერჩევას და დამოუკიდებლად დასვენებას თვითონ ცდილობენ, რაშიც უკვე კარგი გამოცდილება დააგროვეს და პრობლემას ნაკლებად აწყდებიან.

თბილისელი ნათია გულიაშვილი დასვენებას კვიპროსში გეგმავს. ამბობს, რომ ტური სამ მეგობართან ერთად დაგეგმა და ადგილი უკვე დაჯავშნილი აქვს.

,,ადრე ტურისტული კომპანიების მომსახურებით ვსარგებლობდი, ძალიან კომფორტული პროცესი იყო, ვიხდიდი თანხას და კომპანია მიგეგმავდა ყველა პროცედურას, მაგრამ ბოლო ორი წელია მეგობრებთან ერთად ვგეგმავ მოგზაურობას და ყველა პროცედურას, რაც საჭიროა, ერთად გავდივართ. ამით ხარჯს მნიშვნელოვნად ვზოგავთ. რა თქმა უნდა, კარგია, რომ ხარისხიან მომსახურებას იღებ, მაგრამ წლიდან წლამდე გვიძვირდებოდა გადასახადი, ამიტომ დასვენების ორგანიზება ჩვენს თავზე ავიღეთ. შარშან თურქეთში დავისვენეთ, წელს კვიპროსში დავჯავშნეთ ადგილები, არანაირი პრობლემა არ არის, ვისაც როგორც სურს და რა შესაძლებლობაც აქვს, გადაწყვეტილებასაც ისე იღებს. ერთადერთი დაბრკოლება შეიძლება ენის ბარიერი იყოს. ამიტომ მთავარია, ჯგუფში ერთი წევრი მაინც გყავდეს, ვინც უცხ ენა საშუალო დონეზე მაინც იცის", - აღნიშნა ნათია გულიაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე