ნატალია ჯვარიძე
(22.07.2024)

პარლამენტის მიერ მმართველი უმრავლესობის ინიციატივით მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის შემდეგ ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელიც შევა.

არსებული ინფორმაციით, სარჩელის ხელმომწერი პარლამენტის 32 ოპოზიციონერი წევრი იქნება. ისინი სასამართლოსგან კანონის კონსტიტუციის 22-ე და 78-ე მუხლებთან შეუსაბამობის დადასტურებასა და მის გაუქმებას ითხოვენ.

კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში ასევე გაასაჩივრა არასამთავრობო სექტორმა.

კონსტიტუციონალისტის ვახტანგ ხმალაძის თქმით, სარჩელის განხილვის ზოგადი ვადა 9 თვეა და ამ შუალედში სხვადასხვა პროცედურებს გადის. როგორც იგი აღნიშნავს, პრეზიდენტის სარჩელი წაკითხული აქვს და იქ საკმაოდ კარგად არის ჩამოყალიბებული, თუ რატომ არის ის კანონი არაკონსტიტუციური.

„განხილვის ზოგადი ვადა არის 9 თვე, სარჩელის რეგისტრაციის მომენტიდან. მანამდე ჯერ გაიმართება გამწესრიგებელი სხდომა, რომელმაც სარჩელის დასაშვებობა უნდა გადაწყვიტოს, ანუ, შესაძლოა მიიღოს არსებითად განსახილველად, ან უარი უნდა თქვას - ასეთია ზოგადი პროცედურა.

„პარლამენტის წევრების შეტანილი სარჩელი არ მინახავს, მაგრამ პრეზიდენტის წაკითხული მაქვს და ჩემი აზრით, იქ საკმაოდ კარგად არის დასაბუთებული ის, თუ რატომ არის ეს კანონი არაკონსტიტუციური", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ „რეზონანსთან".

კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილის თქმით, ორი რამ უნდა გადაწყდეს - პირველი დასაშვებობაა, ანუ მიიღებენ თუ არა სარჩელს განსახილვევლად, მეორე - მომხსნებელი-მოსამართლის დანიშვნა და ამის შემდეგ გადაწყდება უნდა შეაჩერონ თუ არა კანონის მიღება.

„უნდა გადაწყდეს საკითხი - მიიღებს თუ არა სარჩელს განსახილველად, შემდეგ მდივანი და თავმჯდომარე გადაწყვეტენ ამ საქმეზე ვინ იქნება მომხსენებელი, მერე დაიწყება არსებითი განხილვა. ამრიგად, ორი რამ უნდა გადაწყდეს, პირველი დასაშვებობაა, ანუ მიიღებს თუ არა განსახილვევლად, მეორე მომხსნებელი-მოსამართლის დანიშვნა.

„ამის შემდეგ გადაწყდება, უნდა შეაჩერონ თუ არა იმ კანონის მიღება, რომელზეც მოსარჩელეებმა სარჩელი შეიტანეს, ეს არის და ეს. მე დეტალურად არ ვიცი სარჩელის შინაარსი, ვნახოთ, წინასწარ ვერ გეტყვით სასამართლო დააკმაყოფილებს თუ არა, თან კოლეგებთან ცოტა უხერხული იქნება მე დავასწრო და ვუთხრა, ასე გააკეთეთ ან ისე გააკეთეთ", - აცხადებს ავთანდილ დემეტრაშვილი „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე