ნატალია ჯვარიძე
(22.07.2024)

ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა მოულოდნელად მოხსნა და ადგილი ვიცე-პტეზიდენტ კამალა ჰარისს დაუთმო, რომელსაც დემოკრატიული პარტიის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი უკვე დაუჭირა. პრეზიდენტი ბაიდენი ამბობს, რომ ამერიკელ ხალხს ამ კვირის ბოლოს უფრო დეტალურად გაესაუბრება.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განზრახვა ხელახლა მონაწილეობა იყო, მე მჯერა, რომ ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია გადადგომა და ვადის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებაზე ფოკუსირება", - წერს ბაიდენი „ტვიტერზე".

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა ბაიდენს ამერიკელი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროს სწორად გამოიყენებს იმისათვის, რომ გაიმარჯვოს.

„ამერიკელი ხალხის სახელით მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენს მისი არაჩვეულებრივი ლიდერობისთვის, შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე და ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის. მისი შესანიშნავი მიღწევების მემკვიდრეობა შეუდარებელია ამერიკის თანამედროვე ისტორიაში და აღემატება მრავალი პრეზიდენტის მემკვიდრეობას, რომლებიც ორი ვადით იმსახურეს", - აღნიშნა ჰარისმა.

შტატების დემოკრატიული კომიტეტის ასოციაციის ცნობით, პარტიის ლიდერები ყველა დონეზე არჩევნებში გამარჯვების წინა ხაზზე არიან.

„ვამაყობ იმით, რომ შტატების პარტიის თავმჯომარეები, ვიცე-თავმჯდომარეები და აღმასრულებელი დირექტორები მთელი ქვეყნის მასშტაბით აბსოლუტურად გაერთიანებულნი არიან ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის უკან.

ეს შტატების პარტიის ლიდერები ყველა დონეზე არჩევნებში გამარჯვების წინა ხაზზე არიან და იციან, რომ ამ არჩევნების ფსონები არ შეიძლება იყოს მაღალი", - აცახადებს ორგანიზაციის თავმჯდომარე კენ მარტინი.

კენ მარტინი ხაზს უსვამს, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ჰარისზე უფრო კვალიფიციური არავინ არსებობს.

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა ბაიდენის გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ ის შესაფერისი კანდიდატი არ იყო.

„თაღლითი ბაიდენი არ იყო შესაფერისი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის და რა თქმა უნდა, არც არასდროს ყოფილა", - დაწერა ტრამპმა.

მისი თქმით, პრეზიდენტობის თანამდებობა მან მხოლოდ „ტყუილებით" და „ფეიკით" მიიღო. „ყველამ მის გარშემო, მათ შორის მისმა ექიმმა და მედიამ იცოდა, რომ მას არ შეეძლო პრეზიდენტი ყოფილიყო და არც იყო", - აღნიშნა მან.

კიდევ ერთ პოსტში ტრამპმა დაწერა: „ჩვენ ძალიან ვიტანჯებით მისი პრეზიდენტობის გამო, მაგრამ ძალიან სწრაფად გამოვასწორებთ მის მიერ მიყენებულ ზარალს. გავხადოთ ამერიკა ისევ დიადი", - ამბობს ტრამპი.

ამასთან, მანამდე მან CNN-ს განუცხადა, რომ კამალა ჰარისის დამარცხება უფრო მარტივი იქნება, ვიდრე ბაიდენის იქნებოდა.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ბაიდენის გადადგომას ორი მიზეზი განაპირობებს, პირველი - მისი ასაკია, ხოლო მეორე ტრამპთან წამგებიანი დებატები. როგორც იგი აღნიშნავს, ჰარისის კანდიდატურა მათთვის უფრო მომგებიანია.

„აქ ორი მომენტია, პირველი ბაიდენს უკვე ძალიან დიდი ასაკი აქვს. ხოლო მეორე არის ის, რომ მან ტრამპთან დებატები წააგო და დემოკრატიული პარტია აღმოჩნდა იმ რეალობის წინაშე, რომ არჩევნებამდე ბაიდენის ადმინისტრაციას უკვე წაგებული ჰქონდა. ამაზე დიდი ხანია მიდიოდა მოლაპარაკებები და როგორც ჩანს, ბაიდენი დაარწმუნეს და ამ შემთხვევაში მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ჰარისის კანდიდატურა ბაიდენისაზე ბევრად უკეთესია, დემოკრატებისთვის ეს უფრო მომგებიანია", - აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან".

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობამ აიძულა ამ გადაწყვეტილების მიღება. მისივე თქმით, ჰარისს ტრამპის წინააღმდეგ დიდი შანსები არ აქვს, მაგრამ, ტრამპის სასამართლო პროცესზე ბევრი რამეა დამოკიდებული.

„მე ვფიქრობ, რომ ძირითადად ეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია, ეს მისმა ექიმებმა და ახლო გარემოცვამაც დაადასტურეს. ბოლო დრომდე ამას მალავდნენ, ფიქრობდნენ, რომ რაღაც სპეციალური საშუალებებით ფორმაში ჩააყენებდნენ და არჩევნებამდე მიიყვანდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, ვერ მოხერხდა და შესაბამისად, პარტიისთვის ასეთი მძიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ეს აუცილებელი და გარდაუვალი იყო, რადგან პირველი დებატების დროს ტრამპთან გამანადგურებლად დამარცხდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, ამერიკის მოსახლეობამ იხილა.

„ვნახოთ ჰარისი რამდენად ეფექტურად წარმართავს თავის საარჩევნო კამპანიას. ჩემი სუბიექტური აზრით, მას ტრამპის წინააღმდეგ მაინც და მაინც დიდი შანსები არ აქვს, თუმცა, ტრამპს წინ კიდევ ბევრი ბარიერი ელოდება, მათ შორის სასამართლო პროცესი, რომლის შედეგმა შეიძლება მისი რეიტინგი დაწიოს და ჰარისის შანსები გაზარდოს. ასე რომ, ამერიკაში ინტრიგებით სავსე არჩევნები გველოდება", - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე