ნავთობპროდუქტების იმპორტიორებს ახალი ვალდებულება ემატებათ. ხელისუფლება ცდილობს ისეთი კანონმდებლობის შემოღებას, რომელიც კომპანიებს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საგანგებო მარაგის შექმნას დაავალდებულებს.
რა შეიძლება იყოს ცვლილების საფუძველი, ბიზნესის წარმომადგენლები და ეკონომისტები ვერ აკონკრეტებენ, რადგან გარკვეული მარაგი ქვეყანაში ისედაც არის. გრძელვადიან პერიოდში ნავთობპროდუქტების მომარაგებამ კი გარკვეული პრობლემა შეიძლება შექმნას როგორც ხარისხის მხრივ, ასევე ფასის არასტაბილურობაც გამოიწვიოს. გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება ზრდის ინფლაციაზე წნეხს, რაც მრავალმხრივ ზიანის მომტანი იქნება.
ცხადია, ბიზნესი უკმაყოფილოა. პირველ რიგში, საქმიანობაში ფულის გაჩერების რისკია, რაც კომპანიებზე ნეგატიურად აისახება. განსაკუთრებით მცირე კ ომპანიებს შეუქმნის პრობლემას, რადგან ისედაც მწირი საბრუნავი საშუალებები უნდა მიმართონ პროდუქტის დამარაგებაში.
როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა აღნიშნა, თუკი ხანგრძლივ ვადიანობაზე გაკეთდება აქცენტი, სექტორი ძალიან დაზარალდება, რადგან უკვე ტექნიკური პრობლემა იჩენს თავს.
„კანონპროექტთან დაკავშირებით გაურკვევლობაა. თვითონ სექტორი სვამს საკმაოდ სერიოზულ კითხვებს, რასაც პასუხი უნდა გაეცეს. ძალიან კომპეტენტური ეკონომისტები და ფინანსისტები მოვიწვიეთ, მოვისმინეთ სხვადასხვა აზრი და ყველა თანხმდება, რომ ამ კანონის მიღების საჭიროება რეალურად არ დგას ქვეყანაში.
საბჭოთა კავშირების დროს არსებობდა მარაგების სამსახური, მაგრამ ეს იყო სახელმწიფოს დაქვემდებარებაში, ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. დღეს ნავთობპროდუქტების ბაზარი მთლიანად კერძო სექტორს წარმოადგენს. გაუგებარია, რამდენად მართებულია კერძო სექტორში მაკონტროლებელის დანიშვნა ან კანონის მიღება, რომელიც ბიზნესთან არ იქნება შეთანხმებული.
ყველამ ვიცით, რომ ნავთობკომპანიები არიან ბიუჯეტის ძირითადი შემავსებელი და დამატებითი ვალდებულებების დატვირთვით ეს სექტორი მნიშვნელოვნად დაზარალდება, რაც არავის ინტერესში არ შედის. პირველ რიგში, დაზარალდება მომხმარებელი, რადგან საწვავი გაძვირდება. იმისთვის, რომ შეასრულონ ვალდებულება, კომპანიებმა უნდა ააშენონ დამატებითი რეზერვუარები, ამდენის ფუფუნება ყველას არ აქვს", - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" და დასძინა, რომ ბიზნესი ითხოვს, რომ უხეშად არ ჩაერიონ მათ საქმიანობაში, რაც უკვე მომხმარებლებს შეუქმნის პრობლემას და ბაზარზეც არასტაბილურობას გამოიწვევს.
,,ბიზნესის ხელის შეშლა არ შეიძლება. ამ გადაწყვეტილების მიღებით სექტორს ძალიან დავაზარალებთ. მულტინაციონალურ კომპანიებს ახლაც აქვთ მარაგი, მაგრამ როცა უნდა გამოიყენებენ, მათ არავინ ზღუდავს. პარლამენტში კი ჯერ კიდევ არ იციან, ამ კანონს რა ბედი ეწევა. ჩემთვის, რომელიც ამ ბიზნესთან და დარგთან ახლოს მდგომი კავშირის ხელმძღვანელისთვის, ასეთი მიდგომა მიუღებელია. იმედია, საზიანო გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. როდესაც ტექნიკურ მხარეებზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია, რომ საწვავს (ბენზინი თუ სხვა) აორთქლების პროცენტული მაჩვენებელი გააჩნია. ამას ყველაფერს დასაბუთებული ახსნა უნდა, უთხრან კომპანიებს სიმართლე, რა ინტერესს ემსახურება ამ კანონის მიღება, დამაჯერებელი არგუმენტი უნდა მოვისმინოთ.
ჩემი აზრით, ზედმეტი დანახარჯი ყოველთვის წარმოშობს ფასნამატს, რომელიც უსაფუძვლო იქნება. თუ სარგებლობენ იმით, რომ აშშ-სა და ევროპის დიდ ქვეყნებში არის მარაგებიო, ამ ქვეყნებში სახელმწიფო აფინანსებს. იქ კერძო სექტორი მარაგებთან კავშირში არ არის. მით უმეტეს ჩვენთან, ვინაიდან, არასდროს არ შექმნილა საქართველოში დეფიციტი, აფხაზეთის ომის დროსაც კი, და მერე აგვისტოს ომის პერიოდში. შესაბამისად, ნავთობპროდუქტების მომარაგების საჭიროება არ გვაქვს. არც ეკონომიკურად ვართ ისეთი ქვეყანა, რომ ასეთი ხარჯი არ გავითვალისწინოთ, ყველაფერი მოქმედებს ფასებზე, ძალიან მალე აზერბაიჯანიდან დაიწყება ბენზინის იმპორტი. ასეთი მეგობარი გვერდით გყავდეს, რა მარაგებზეა საუბარი", - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.
ნავთობკომპანიების ახალი ვალდებულებით დატვირთვას ხელისუფლების მხრიდან არასწორ ნაბიჯად აფასებენ ეკონომისტებიც, რომელთა განცხადებითაც, მარაგების შექმნა გამოიწვევს ნავთობპროდუქტების გაძვირებას, რასაც დომინოსებრი პრინციპით ყველა სეგმენტზე ექნება გავლენა და ინფლაციაზეც უარყოფითად იმოქმედებს.
აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტის პაატა ბაირახტარის შეფასებით, მარაგთან დაკავშირებული კანონის შემოღება უსაფუძვლოა, ვინაიდან საწვავი სპეციფიკური პროდუქტია და მისი ხანგრძლივად გაჩერება ხარისხობრივ მაჩვენებელს აქვეითებს.
,,კომპანიებს დამატებითი რესურსის მოძიება მოუწევთ. რასაკვირველია, ამას შემდეგში კომპანია ასახავს ხარჯში, რასაც ვერ გავექცევით. მართლა გაუგებარია და არ მესმის, რაში სჭირდება და სად დავინახეთ ამ რეგულაციის საჭიროება. ასეთ კანონს არაფერი ეფექტი არ ექნება, გარდა იმისა, რომ საწვავს გააძვირებს. ცხადია, გაძვირებული საწვავი შემდეგში მომსახურების და ფასების მომატებას იწვევს.
გარდა ამისა, ფულის გაჩერების რისკია, რაც კომპანიის საქმიანობაზე ნეგატიურად იმოქმედებს. 2-3 კვირიანი მარაგები ყოველთვის ისედაც არის კომპანიებში, მაგრამ მეტი მარაგის შექმნა გამოიწვევს თანხის "გაყინვას". აქედან გამომდინარე, რაში გვჭირდება კანონი, რომელსაც ბევრი უარყოფითი შედეგი აქვს, მე პირადად ამის საჭიროება არ დამინახავს, ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებითაც, სრულიად უსაფუძვლო მეჩვენება.
ვფიქრობ, კანონის შემოღება დიდ წნეხს გამოიწვევს ინფლაციაზე. ეს არის, პირველ რიგში, კომპანიების დანახარჯი, რაც საქონლისა და მომსახურების ფასებზე ჰპოვებს ასახვას. ვისაც მაღალი კაპიტალიზაცია აქვს, შეასრულებს ამ ვალდებულებას, მაგრამ პატარებს გაუჭირდებათ", - აღნიშნა პაატა ბაირახტარმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.
საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სახელით სპეციალური წერილი სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უკვე გაეგზავნა.
წერილში განმარტებულია, რომ ,,ნავთობისა და/ან ნავთობპროდუქტების მინიმალური ოდენობის შენახვის ვალდებულების შესახებ" კანონის მიზანია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბაზარზე მიწოდების უსაფრთხოების მაღალი დონის შენარჩუნება ასეთი პროდუქტების ბაზრისათვის უწყვეტი მიწოდების გზით.
აღნიშნული კანონის მოქმედება ვრცელდება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომელიც მოგების მიღების მიზნით ახორციელებს ნავთობისა და/ან ნავთობპროდუქტების წარმოებას/იმპორტს.
საგანგებო მარაგების შენახვის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელების წესის მიღება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ უნდა უზრუნველყოს. შესაბამისი ნორმატიული აქტის ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვალდებულებაა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე