ნატალია ჯვარიძე
(21.07.2024)

„ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, პოლიტიკოსებთან და პარტიებთან, მათ შორის დამოუკიდებელ დეპუტატებთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ვისთან შეიძლება გაერთიანდეს „ლელო" და რამდენად მომგებიანი იქნება მათთვის? ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, შესაძლოა ისინი „ახალთან" ან „ევროპულ საქართველოსთან" გაერთიანდნენ. სხვები კი ფიქრობენ, რომ ეს მომგებიანი ვერ იქნება, რადგან მათ განსხავავებული ამომრჩეველი ჰყავთ.

„შესაძლოა „ლელოს" ახალთან ჰქონდეს მოლაპარაკებები, რადგან თავის დროზე „ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია და „ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე თანამშრომლობდნენ, ამიტომ ეს ვერსია გამორიცხული არაა. რაც შეეხება სხვებს, პროდასავლური პარტიებიდან ჯერჯერობით თამაშგარე მდგომარეობაში „ევროპული საქართველოა", ესეც ძალიან საინტერესოა", - აცხადებს შავი ზღვის პროფესორი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან".

გია აბაშიძის თქმით კი „ახალს" და „ლელოს" განსხვავებული ამომრჩეველი ჰყავთ და ასეთი ალიანსი საეჭვოა მომგებიანი იყოს.

„ახალთან" გაერთიანება რამდენად მომგებიანი იქნება ერთმანეთისთვის, როდესაც განსხავევბული ამომრჩევლები ჰყავთ. „ევროპულმა საქართველომ" კი მგონი ოპოზიციურ ველზე არც ერთი პოლიტიკური სუბიექტი არ დატოვა, ძალიან მწარედ რომ არ გაეკრიტიკებინა და როგორც მისი ერთ-ერთი აქტიური ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ლაპარაკობს, მათთვის არჩევნებზე გასვლა ცალკე, დამოუკიდებლად უკეთესია".

გეგელია არ აკონკრეტებს დეპუტატების ვინაობას, თუმცა აღნიშნავს, რომ პარტიას კონსულტაციები პროდასავლური ოპოზიციის ფართო სპექტრთან აქვს. ამბობს, რომ მალე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, თუ ვინ შეუერთდება პოლიტიკურ პლატფორმას.

ნიკა ჩიტაძის აზრით, „ლელოს" მოლაპარაკება არ ექნება ნაცმოძრაობასთან და „მოქალაქეებთან", ასევე გამოირიცხა გახარიას პარტიაც.

„ისე, რაც უფრო ბევრი პარტია გაერთიანდება რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, რადგან ყველა პროდასავლურ პარტიას 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი ექნება", - აღნიშნავს ჩიტაძე.

გია აბაშიძე თვლის, რომ „ლელოსთვის" ნიკა გვარაიმიას ძველი განცხადებები წესით მისაღები არ უნდა იყოს. მისი პროგნოზით, ოპოზიციიდან მხოლოდ „ნაცმოძრაობას" და გახარია-ხაზარაძის გაერთიანებას ექნება შანსი.

„მე ადრეც ვთქვი, რომ ხაზარაძეს და გახარიას ერთად შანსი აქვთ. რაც შეეხება სხვა ისეთ ოდიოზურ პოლიტიკოსებს, რომლებმაც სხვადასხვა პარტიები გამოიცვალეს, და შესაძლოა მანამდე „ოცნებაშიც" იყვნენ, ახლა 0%-იან სიბრტყეში არიან და მათი პარტიების დასახელება შეუძლებელია ინტერნეტში ძიების გარეშე. [მათთან გაერთიანება] პოლიტექნოლოგიურად წამგებიანი იქნება ხაზარაძისთვის. მე მესმის, რომ მას სურს ოპოზიციურ ველზე გარკვეული ერთიანობა წარმოაჩინოს, თუმცა ეს საარჩევნო პროცენტებს რამდენად მოიტანს საკითხავია.

„ასევე, ნიკა მელია რასაც ბოლო დროს იძახის, მისავე წინა გამონათქვამებს ეწინააღმდეგება, ვგულისხმობ რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს, ეს წესით „ლელოსთვის" დამაბნეველი უნდა იყოს. დაველოდოთ მომდევნო დღეებს, ქართულ პოლიტიკაში, მითუმეტეს ოპოზიციურ სიბრტყეში სიუპრიზები ყოველთვის მოსალოდნელია და ისეთი გაერთიანებებიც ხდება, რომელიც მანამდე წარმოუდგენელი იყო. მაგალითად ანა დოლიძე, რომელიც ადრე მევახშეობას ებრძოდა, ახლა ხაზარაძესთან გაერთიანდა. ასევე ადამიანები, რომლებიც „ოცნების" რიგებში იყვნენ პოლიტიკურ თანამდებობაზე, ახლა „ნაცმოძრაობასთან" არიან და ა.შ. არაფერი გამიკვირდება, თუმცა საბოლოო სურათი, რომ შევკრათ თავად ოპოზიციის ზოგი პოლიტიკოსიც ამბობს, რომ ოპოზიციურ ველზე ასე გაშლილად ყოფნა და არა ერთიანი სიით გამოსვლა წამგებიანი იქნება, რადგან ამომრჩეველი დაიბნევა. გასაგებია, რომ ოპოზიციურად იქნებიან განწყობილი და „ოცნება" არ უნდათ, მაგრამ ეს ხმები პოლიტიკური ბრინჯივით დაიბნევა და სასურველ შედეგებს ვერ მიაღწევენ, გარდა „ნაცმოძრაობისა", რომელსაც პოლიტიკური ზურგის კარი აქვს, მიხეილ სააკაშვილის სახით", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე