ელზა პაპოშვილი
(20.07.2024)

„ზოგადად, საერთო შთაბეჭდილება, რაც მაქვს, არის ის, რომ როგორც კი რეგიონში გლობალურად შეიცვლება და დამშვიდდება ვითარება, მყისიერად შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მანამდეც დაიწყება ეს პროცესი, თუმცა საბოლოო ჯამში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რეგიონში პოლიტიკური ვითარების დამშვიდებაზე“, - განაცხადა კობახიძემ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ვიზიტის კომენტირებისას. 

ჟურნალისტებს უთხრა, რომსაქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე კომუნიკაცია ჰქონდა ევროპელ კოლეგებთან.

„საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, იმისთვის, რომ ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანოს თავად ევროპას,“-თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, რომელიც ასევე ესწრებოდა ბრიტანეთის სამიტს.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საქართველოს ევროპული მომავალი, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ მიიღო სტატუსი, არ არის მხოლოდ საქართველოს მომავალი, ეს არის მომავალი ევროპისა და ევროპული ოჯახის.შესაბამისად, დღეს ყველა ხვდება, რომ საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი ამ პროცესში. საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, დააკავშიროს აღმოსავლეთი და დასავლეთი, ევროპა და აზია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა, ერთი მხრივ, შეუქცევადად გავაგრძელოთ ევროპული ინტეგრაცია და მეორე მხრივ, ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რომ ქვეყანა იყოს ეფექტური მაკავშირებელი ფუნქციით და ჩვენ ამას აუცილებლად გავაგრძელებთ.

„საქართველოს ჰქონდა კონკრეტული ინიციატივები ენერგეტიკის დაკავშირებადობის თვალსაზრისით და მნიშვნელოვანია, რომ ეს ინიციატივები მოხვდა ამ დოკუმენტში. საქართველოს აქვს და მომავალშიც ექნება კონკრეტული როლი ამ მიმართულებით. ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველო ყოველთვის შეასრულებს ძალიან ღირებულ როლს და ეს მომავალშიც აუცილებლად იქნება ხილვადი", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.   

პრემიერის ვიზიტზე ოპოზიციაში ამბობენ, რომ კობახიძეს სამიტზე მაღალი რანგის შეხვედრები არ ჰქონია. პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერის, გია ჯაფარიძის განცხადებით, ის, რომ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტით იმყოფება, არ ნიშნავს, რომ ის მაღალი დონის შეხვედრებს მართავს და რეალურად საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფება.

„პრემიერ მინისტრის მხრიდან ეს არის მცდელობა, კიდევ ერთხელ მოატყუოს და დაარწმუნოს თავისი ამომრჩეველი და საქართველოს მოქალაქეები, რომ საქართველოს ჯერ კიდევ იწვევენ საერთაშორისო ფორუმებში და ისინი არ იმყოფებიან საერთაშორისო იზოლაციაში. სინამდვილეში, საქართველოს ხელისუფლება არის ღრმა საერთაშორისო იზოლაციაში, ამას ადასტურებს თუნდაც ის კადრები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა იხილეს,“ - განაცხადა გია ჯაფარიძემ  

ანალტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი  „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მთელი მსოფლიო ახალი გადანაწილებების წინაშე დგას, საქართველოსკი ამ გადანაწილებაში ძალიან დიდი დატვირთვა და მნიშვნელობა ენიჭება.ამიტომ ეს შესაძლებლობა ქვეყანამ უნდა გამოიყენოს და სწორედ ამის სასაუბროდ იმყოფებოდა პრემიერი დიდ ბრიტანეთში. 

„ოპოზიციის მცდელობა, რომ პრემიერის ვიზიტი ამ სამიტზე დააკნინოს, ძალიან არასწორია. აქ საუბარი ვიღაცის პოლიტიკურ ინტერესებზე კი არა, ქვეყნის ინტერესებზეა. პრემიერი იმყოფებოდა, როგორც საქართველოს წარმომადგენელი და ის ჩვენი ქვეყნის პოზიციებს იცავს. ამ დიდი მსოფლიო გადალაგების ფონზე, თუკი კობახიძე რაიმეზე სავაჭროდ ჩავიდან, თუნდაც როგორც ამას ოპოზიცია ამბობს, რა არის ამაში გასაკვირი და ცუდი? ანუ პოლიტიკა არის ვაჭრობა, აბა, რა არის? 

„ეს სამიტი იმაზე მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ოპოზიციის პირადი პოლიტიკური ინტერესები და შიდა მოხმარებისთვის გაკეთებული განცხადებებია. ახლა მსოფლიო განვითარების იმ ზონაში შევდივართ, როცა ამბობენ, რომ ყველაფერი თავიდან იქნება დასაწყობი, ე.ი. გამოდის, რომ კომუნიკაციებიც თავიდან უნდა აეწყოს და საქართველომაც ამ მიმართულებით უნდა გაამახვილოს ყურადღება.. 

„რატომ არის საქილიკო და ვითომ სახუმარო ის თემა, რომ როგორც ევროპა გვჭირდება ჩვენ, ისე ევროპას სჭირდება ჩვენი თავი. ან იმაში რა არის ცუდი, როცა ჩვენს მნიშვნელობას მათ ვაჩვენებთ? ფაქტობრივად 90 წლებიდან ბაქო-ჯეიჰანის ეტაპმა საქართველოს რა ფუნქციაც მიანიჭა, ახლა ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, სადაც ასევე ახალი მსოფლიო ყალიბდება. ამ კონტექსტში თუკი ცდილობს ხელისუფელბა ევროპას ჩვენი ქვეყანა და მისი მნიშვნელობა  დაანახოს, ეს რატომ უნდა იყოს ოპოზიციისთვის პრობლემა? საქართველოს ახალი ფუნცქციაა გამოსაკვეთი და შესაქმნელი“,-ამბობს საყვარელიძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე