მიმდინარე წელი აგრარულ მეურნეობაში მოსავლის ხარისხის და რაოდენობის მხრივ ერთ-ერთი საუკეთესოა. სხვადასხვა წამახალისებელი პროექტის, ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერის და ტექნიკის ხელმისაწვდომობის გამარტივებამ დარგზე დადებითად იმოქმედა და შედეგზეც აისახა. გარდა იმისა, რომ სტრატეგიული პროდუქტის წარმოებაში ზრდაა, მეხილეობაში, ირიგაციასა და თითქმის ყველა დარგში, რაც მოსავლიანობას უზრუნველყოფს, სამუშაოები სრულყოფილად არის შესრულებული, რასაც სტატისტიკა ადასტურებს.
აღსანიშნავია, რომ მოსავლის აღების პროცესში სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მიერ მობილიზებულია მოსავლის ამღები ტექნიკა, მათ შორის, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ 30 ერთეული კომბაინი.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, 2024 წლის 12 ივლისის მდგომარეობით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის 16 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 419 შეღავათიანი სესხია გაცემული.
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამით 52 ბენეფიციარს დაუფინანსდა 53 კომბაინის შეძენა, სახელმწიფო თანადაფინანსება 7,4 მლნ ლარია.
მარცვლეულის შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების მიზნობრიობით 29,2 მილიონი ლარის 353 სესხია გაცემული, მათ შორის კახეთის რეგიონში 19 მლნ ლარის ღირებულების 313 სესხი.
რაც შეეხება მოსავლიანობის კუთხით კახეთში არსებულ მდგომარეობას. რამდენიმე დღის წინ ოთარ შამუგია, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნენ და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ.
„წელს გაცილებით უკეთესი მოსავალი გვაქვს, ვიდრე შარშან. საჰექტარო მოსავლიანობის კუთხით 2024-ში გვექნება რეკორდული მაჩვენებელი - 4 ტონაზე მეტი, რაც ბოლო წლების განმავლობაში არ გვქონია და რაც ძალიან კარგია. ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვეხმარებით ხორბლის მწარმოებელ ფერმერებს. ეს ეხება ტექნიკით უზრუნველყოფასაც. 60 ერთეულამდე ახალი კომბაინია სახელმწიფოს მხარდაჭერით ქვეყანაში შემოტანილი. ამ მიმართულებით ფერმერებს პრობლემა არ შეჰქმნიათ; ფერმერებმა მომსახურება დროულად მიიღეს“, - განაცხადა მინისტრმა.
გარდა ამისა, ოთარ შამუგია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ატმის მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო. როგორც მან აღნიშნა, რაოდენობით, ასევე ხარისხით ატმის მოსავალი საუკეთესოა. დაახლოებით 12 000 ტონა პროდუქციის ექსპორტი უკვე განხორციელებულია.
„აქტიურად მიმდინარეობს ატმის მოსავლის დაბინავება-რეალიზაცია. წელს კარგი მოსავალი გვაქვს როგორც რაოდენობით, ასევე ხარისხით. ვფიქრობ, წლევანდელი წელი ჩვენი ფერმერებისთვის წარმატებული იქნება. ატმის რეალიზაცია წლების წინ მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. პროექტი, რომელიც სახელმწიფოს და კერძო სექტორის მხარდაჭერით განხორციელდა, არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ასეთ პრობლემებთან გამკლავება; დარგი გახდა წარმატებული და ფერმერებისთვის შემოსავლიანი. წელს საექსპორტო კუთხით ფასი გაზრდილია, დაახლოებით, 5-6%-ით; ფერმერები და, შესაბამისად, ქვეყანაც მიიღებს მეტ სარგებელს“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
ცხადია, გაზრდილ მოსავალს სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ მისი დაბინავებისა და შენახვის საკითხი ასევე სრულფასოვნად გადაიჭრას და რეალიზაციას პრობლემა არ შეექმნას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს არსებული მეურნეობები იძლევა შესაძლებლობას, რომ პროდუქცია შენახული იყოს თანამედროვე სტანდარტებით და შემდგომ ექსპორტზე გაიგზავნოს.
ატმის წლევანდელი მოსავლით ფერმერები კმაყოფილები არიან, მოსავალი კარგია, რომლის დაბინავების პროცესი, სახელმწიფოს ხელშეწყობით, შეუფერხებლად მიმდინარეობს.
„სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად მხარში დავუდგეთ ჩვენს ფერმერებს. 300-ზე მეტი შემნახველი მეურნეობა დავაფინანსეთ - მოხდა განახლებაც და ახალი ობიექტების მშენებლობაც. ფერმერებს, პირველადი პროდუქციის მოყვანის პროცესშიც ვეხმარებით. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით, საბრუნავი სახსრებისთვის, ბანკებიდან საჭირო თანხის აღებას 9%-ის ფარგლებში საპროცენტო განაკვეთით ვუფინანსებთ. ასევე, დაზღვევის კუთხით გავზარდეთ ფართობები და მარცვლეულის მწარმოებელ ფერმერს 100 ჰა-მდე ფართობის დაზღვევა შეუძლია. ყველა ეს მხარდაჭერა ემსახურება მიზანს, რომ მწარმოებლებს ჰქონდეთ საშუალება, გაზარდონ საჰექტარო მოსავლიანობა, რაც პირდაპირ აისახება თვითღირებულებაზე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უმნიშვნელოვანესია გაიზარდოს ხარისხი. წელს, როგორც მოსავლიანობის, ასევე ხარისხის თვალსაზრისით უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ფაქტს, როგორია თანამედროვე საშრომი მეურნეობა, რა მიღწევები აქვთ ამ კუთხით ფერმერებს და რა შედეგი აჩვენა მთავრობის მხარდაჭერამ, რომელიც სწორედ ამ დარგის განვითარებისთვის განხორციელდა, ამის ერთ-ერთი მაგალითი კახეთში ფერმერ ნუგზარ ალუღიშვილის მარცვლეულის საშრობი მეურნეობაა. ფერმერმა 3300 ტონა წარმადობის მქონე ინფრასტრუქტურის შექმნისათვის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა; სესხის თანხა 900 000 ლარს აჭარბებს. ფერმერს 700 ჰა-ზე აქვს ხორბალი დათესილი.
ნუგზარ ალუღიშვილმა ერთწლოვანი კულტურების მოყვანისათვის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა; ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიზნობრიობით სესხის თანხამ 100 000 ლარი შეადგინა. ამავე პროგრამის საშუალებით შეიძინა 4 ერთეული ტრაქტორი, რომლის ფარგლებშიც 563 000 ლარი აგროკრედიტი აიღო.
როგორც ფერმერმა განაცხადა, 2023 წელს მოსავლიანობა 1 ჰა-ზე 3 ტონას აღწევდა, წელს კი, 1 ჰა-ზე 4.5 ტონას მიიღებს. აღნიშნული ზრდა სწორმა ტექნოლოგიურმა მიდგომამ და კლიმატურმა პირობებმა განაპირობა.
წარმატების ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს ასევე კომპანია „გოლდ კახეთი“ , რომელიც სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარია. კომპანიამ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად 600 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის, სახელმწიფო თანადაფინანსება 160 000 ლარია, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 200 000 ლარს შეადგენს.
სამაცივრე მეურნეობაში, სადაც 300 ტონა ატმისა და ვაშლატამას დასაწყობებაა შესაძლებელი, სეზონურად 100, ხოლო მუდმივად 5 ადგილობრივია დასაქმებული.
ცხადია, სოფლის მეურნეობაში მიღწევებს განსაზღვრავს გამართული ირიგაციული სისტემა, რის გარეშეც მოსავლის რაოდენობის გაზრდა და ხარისხის გაუმჯობესება წარმოუდგენელია. ამ მიზანს ემსახურება ლაკბეს წყალსაცავის რეაბილიტაცია, რომლის სამუშაოები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. საქართველოს მელიორაცია გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 3,6 მლნ ლარის ღირებულების პროექტს ახორციელებს.
„საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია-მოდერნიზება ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ქვეყნის მასშტაბით ვახორციელებთ მასშტაბურ სამუშაოებს. ლაკბეს წყალსაცავზე მიმდინარე პროექტი წყალსაცავის უსაფრთხო მუშაობას უზრუნველყოფს. პროექტის ფარგლებში, წყალსაცავის მოცულობა დაახლოებით 600 ათასი კუბით გაიზარდა, რაც, განსაკუთრებით გვალვიან პერიოდში, ძალიან მნიშვნელოვანია წყალსაცავზე მიბმული მიწის ფართობების წყლით უზრუნველყოფისთვის. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მოვიზიდეთ უპრეცედენტო ოდენობის ინვესტიციები, დაახლოებით 300 მილიონ დოლარზე მეტი, 4 სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტისგან. აღნიშნული ინვესტიცია მოემსახურება ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტების განხორციელებას. მომავალ წელს სამუშაოები იქნება მზარდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ფერმერისთვის, როგორც მათი პროდუქტიულობის, ასევე, მოსავლის ხარისხის ზრდის კუთხით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
წყალსაცავზე ჩატარებული სამუშაოები მის გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, რაც ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალურ არხში წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს; შედეგად, 2755 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი იქნება წყალუზრუნველყოფილი, რაც მოსავლიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
რაც შეეხება ფერმერების მიღწევებს, ჩუმლაყელი ბაჩუკი რუაძე პროფესიონალი აგრონომია და სოფელში ხეხილის ბაღებს ფლობს. როგორც "რეზონანსთან" საუბრისას მეწარმემ აღნიშნა, ძირითად შემოსავალს მაინც ატამი წარმოადგენს. იგი წლევანდელი სეზონით კმაყოფილია და იმასაც ადასტურებს, რომ მეხილეობაში კარგი შედეგი სწორედ სახელმწიფოს მხარდაჭერისა და აგროპროექტების დამსახურებაა.
,,კახეთი ატმის კულტურის მთავარი ცენტრი და ბაზარია. ბოლო წლებში, როცა ხალხმა დაინახა, რომ ხარისხიან მოსავალზე მოთხოვნაა და სახელმწიფოს მხრიდანაც დიდი მხარდაჭერაა, ატმის ბაღების მასობრივი გაშენება დაიწყო. იგივე ითქმის ვაშლატამაზეც, ჩვენი ხილი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. წლევანდელი სეზონი, ფაქტობრივად, დასასრულს უახლოვდება და ერთ-ერთი საუკეთესოა ხარისხისა თუ რაოდენობის მხრივ. ყველაფერი გაკეთდა, რომ გლეხებს პრობლემა არ შეჰქმნოდათ და მართლაც დალაგებულად, მოწესრიგებულად ავიღეთ მოსავალი.
თამამად ვიტყვი, რომ ჩვენი მიღწევები შეიძლება ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაშიც შეშურდეთ, ეს არის საუკეთესო მაგალითი, სწორი მიდგომით და ხედვით, როგორ შეიძლება მოსავლის პროდუქტიულობა გავზარდოთ და გლობალურ ბაზრებზე კონკურენტუნარიანი ნიშა დავიჭიროთ", - განუცხადა ,,რეზონანსს" ბაჩუკი რუაძემ.
წლევანდელი სეზონზე დიდ იმედს ამყარებენ მეხორბლეებიც. როგორც ფერმერმა მიხეილ ყანდოშვილმა აღნიშნა, მოსავალი მეტია და რაოდენობაც უკეთესი, რაც იმედს იძლევა, რომ რეალიზაციის საკითხი წელსაც ასევე დადებითად გადაწყდება.
,,ხორბალი სტრატეგიული პროდუქტია და მისი წარმატება დიდწილად ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობაზეც დიდ გავლენას ახდენს. ეს ყველას კარგად გვაქვს გააზრებული, ამიტომ ხორბლის მოსავალს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. შეიძლება გაზაფხულის ამინდი მოქალაქეებისთვის დისკომფორტის გამომწვევი იყო, მაგრამ ხორბალზე ნამდვილად კარგად იმოქმედა, საუკეთესო მოსავალია და რაოდენობაც გაიზარდა. ახლა რეალიზაციის საკითხიც მეტ-ნაკლებად მოგვარებულია და თუ ეს სიტუაცია შენარჩუნდება, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშიც ვიქნებით როგორც წარმოება, ასევე რიგითი ფერმერები, ვინც დოვლათს ქმნის ქვეყანაში", - აღნიშნა ,,რეზონანსთან" საუბრისას მიხეილ ყანდოშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია საკოორდინაციო ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები. ფერმერებს მაქსიმალური ხელშეწყობა აქვთ, რომ მოსავლის აღება-დაბინავება ორგანიზებულად მოხდეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე