
„ოცნების" საარჩევნო შტაბს პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. შესაძლოა პირველი ნომერიც ის იყოს. თუმცა ჯერჯერობით პარტიის წევრებს არ დაუსახელებიათ. ოპოზოციაში კი ამბობენ, რომ ივანიშვილმა „ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს უნდობლობა გამოუცხადა და კობახიძეზე დადო ფსონი. ვინ წარსგება პირველ ნომრად? ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, ისევ ღარიბაშვილი დარჩება, რადგან ივანიშვილს სჭირდება.
„ეს გასაკვირი ნამდვილად არ უნდა იყოს, რადგან ნებისმიერი პარტიის გამარჯვებული ნომერ პირველი პრემიერ-მინისტრი ხდება. პირველი ათეული, ხუთეული ან სხვა შეიძლება იყოს იმ ადამიანებისგან დაკომპლექტებული, რომლებიც შემდეგ აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადადიან", - აცხადებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან".
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორისა და ანალიტიკოსის ნიკა ჩიტაძის აზრით კი ღარიბაშვილი ივანიშვილისთვის წინასაარჩევნოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა.
„არ არის გამორიცხული კობახიძე იყოს პირველ ნომრად, თუმცა აქ მეორე ვარიანტიც შესაძლებელია განიხილებოდეს და ირაკლი ღარიბაშვილი იყოს, რადგან მას, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, ოფიციალურად ევალება ბევრი ბინძური საქმის შესრულება. მაგალითად, წინაასაარჩევნოდ რეგიონში ჩასვლა, დეზინფორმაციის გავრცელება, ამომრჩევლების მოზიდვა და ა.შ.", - აცხადებს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ კობახიძეს სადაც არ უნდა ემუშავა, იქნებოდა ის პრემიერი, პარტიის თავმჯდომარე თუ სხვა, მაინც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იქნებოდა, რადგანაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს.
კობახიძის თქმით, ეს არის პარტიის ყველა წევრის, ლიდერებისა და მათ შორის საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიციაც.
„რაც შეეხება საპარლამენტო სიას, დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა არის გამორჩეული ყველა წინა საპარლამენტო უმრავლესობისგან ბევრი თვალსაზრისით, მათ შორის, ეს არის კომპეტენცია. მიმაჩნია, რომ ვისაც ექნება სურვილი, მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიდან, ყველა უნდა დარჩეს ამ საპარლამენტო სიაში. ეს არის გუნდის საერთო დამოკიდებულება, გუნდის თითოეული ლიდერის. აქ იგულისხმება, რა თქმა უნდა, საპატიო თავმჯდომარე, იგულისხმება პარტიის თავმჯდომარე, აქ იგულისხმება პოლიტსაბჭოს თითოეული წევრი - ეს არის გუნდის საერთო დამოკიდებულება გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა არის გამორჩეული გუნდი, ამ გუნდის თითოეულ წევრს თუ ექნება დარჩენის შესაძლებლობა, უნდა მიეცეს ამის საშუალება", - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მისი თქმით, თავად სიის ფორმირებას და იმას, თუ რომელი წევრი სიის რომელი ნომრით იქნება წარმოდგენილი, პოლიტსაბჭო დაადგენს და არა ბიძინა ივანიშვილი.
„სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე და „ოცნების" ყოფილი დამფუძნებელი ეკა ბესელია ამბობს, რომ ღარიბაშვილსა და კობახიძეს შორის დაპირისპირება არ ჩამცხრალა.
„ღარიბაშვილ-კობახიძის დაპირისპირება ჩამცხრალი არ არის, შეიძლება ფორმალურად განეიტრალდა, თუმცა მაინც მიმდინარეობს. კობახიძის „ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშვნით ივანიშვილი ხაზს უსვამს, თუ ვინ შეასრულებს იმ შიდა პროცესში იმ შავ სამუშაოს, რომელიც საარჩევნო პერიოდს თან ახლავს. კობახიძეს ამ მხრივ უკვე გაკეთებული აქვს ბევრი დარღვევა", - აღნიშნავს ბესელია.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის" წევრი, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი ძალაუფლების შენარჩუნება კობახიძეს ანდო.
„ირაკლი კობახიძისთვის აღნიშნულ ხელმძღვანელად დანიშვნა, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის თავმჯომარე ირაკლი ღარიბაშვილია, ერთი მხრივ ნიშნავს, რომ მათ შორის ნდობა აღარ არსებობს და მეორე მხრივ, კობახიძეს ანდო მისი მთელი ძალაუფლების შენარჩუნება „რუსული კანონის" მიღების შემდგომ. ღარიბაშვილი საქმიდან არა მხოლოდ გაწია, არამედ ჩამოაშორა," - განაცხადა აქუბარდიამ.
ნიკა ჩიტაძის აზრით კი ივანიშვილი ღარიბაშვილს კიდევ იმიტომ არ გაანთავისუფლებს, რომ ეს მის არასწორ არჩევანზე მიუთითებს.
„ბიძინა ივანიშვილმა ღარიბაშვილი პრემიერობის პოსტიდან კი გაანთავისუფლა, მაგრამ შეიძლება წინასაარჩევნო კამპანიისთვის დასჭირდეს და შემდგომში პარლამენტში. ეს ალბათ ასეც იქნება, რადგან ღარიბაშვილი მოსწონს და გვერდით ეყოლება. მეორე მხრივ, რადგან პრემიერად კობახიძე დანიშნა, შესაძლოა მასვე განიხილავდეს პრემიერობის კანდიდატად. თუმცა მე მაინც მგონია, რომ ბიძინას ღარიბაშვილი აწყობს. თან თუ მოიცილა და პარტიიდან გაუშვა, ეს ნიშნავს, რომ ღარიბაშვილზე მან არასწორი არჩევანი გააკეთა", - აღნიშნავს ჩიტაძე.
გია აბაშიძის თქმით კი ოპოზიციის სპეკულაციები აბსოლუტურად გაუმართლებელია.
„ოპოზიციას იმაზე, რომ ივანიშვილმა ამა თუ იმ პოლიტიკოსზე ფსონი დადო, ვერანაირად ვერ დავეთანხმები. საკითხავია, ესწრებიან ასეთ პირადულ შეხვედრებს თუ როგორ არის? არ შეიძლება ირაკლი კობახიძე და ღარიბაშვილი ერთმანეთს შევადაროთ, ორივე ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია და უძღვებიან როგორც პარტიის საქმეს, ასევე მთავრობის," - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



