ნატალია ჯვარიძე
(18.07.2024)

ოკუპირებული აფხაზეთის "პარლამენტის"ე.წ. ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა მხარი დაუჭირა აფხაზეთის აღმოსავლეთში აპარტამენტების თაობაზე კანონპროექტს, რომლის განხილვაც დოკუმენტის მოწინააღმდეგეთა მასობრივი აქციების ფონზე მიმდინარეობდა.

კანონი ითვალისწინებს ოჩამჩირის, ტყვარჩელის და გალის რაიონებში უცხოელი ინვესტორების მიერ სასტუმროების მშენებლობას, რასაც ბევრი აფხაზი ეწინააღმდეგება და სუვერენიტეტის შელახვად განიხილავს.

რა სიტუაციაა დე ფაქტო აფხაზეთში და იქნება თუ არა მასობრივი გამოსვლები?

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ მასშტაბური აქციები ვერ მოჰყვება, რადგან ყველაფერი კრემლის ხელშია. თუმცა იგი აღნიშნავს, რომ გაცილებით სერიოზული საკითხი დგას, რომელიც აფხაზეთის სამხედრო დანიშნულებისთვის გამოყენებას გულისხმობს.

„ეს საკითხი კრემლის კაბინეტებში განიხილება, სხვათაშორის ამან რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში გაჟონა. ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და წესით ჩვენმა ხელისუფლებამ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს, ასევე ოპოზიციურმა პარტიებმაც უნდა ამოიღონ ხმა, რადგან ამის პრევენცია მოხდეს. ეს თუ მოხდა, ჩათვალეთ ამერიკა ჯერ უკრაინის ომში ჩაერთვება, შემდეგ კი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიოტირიაზე", - აღნიშნავს მაისაია.

რადიო თავისუფლების" ცნობით, აქციის მონაწილეები „დეპუტატების" ხალხთან გამოსვლას ითხოვდნენ, თუმცა მათ მოთხოვნა არ შეასრულეს.

ასევე, აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ პოლიციასთან რამდენიმე შეტაკება მოხდა.

„ხალხი, რომელიც ალტერნატიული აზრის გამოსახატავად პარლამენტში გამოსვლას ითხოვდა, არ დაუშვეს. აფხაზური ერის ზურგს უკან ისეთი კანონებს მიღებას ცდილობენ, რომლებიც აფხაზური სახელმწიფო განადგურებას ისახავენ მიზნად", - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა „დეპუტატმა" ლეონიდ ჩამაგუამ.

ვახტანგ მაისაიას აზრით, აღნიშნულ საკითხზე ადრეც იყო პროტესტი, თუმცა სერიოზული შედეგები არ მოჰყოლია. როგორც იგი აღნიშნავს, რუსეთის სავარაუდო ქმედებაზე საქართველომ რეაგირება უნდა მოახდინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული სკანდალი იქნება.

"რასაკვირველია, აღნიშნული კანონის მიღება ოკუპირებულ აფხაზეთში გარკვეულ მღელვარებას გამოიწვევს, თუმცა არამგონია ეს ტალღა დიდხანს გაგრძელდეს. რუს ოკუპანტებს იქ აქვთ პირდაპირი მართვის სადავეები შემუშავებული და როგორც უნდათ, ისე მართავენ. ამიტომ დიდი მასშტაბის გამოსვლებს არ ველოდები, თან ამაზე პროტესტი ადრეც იყო და სერიოზული არაფერი მომხდარა.

აქ უფრო მნიშვნელოვანია სხვა მოსალოდნელი საფრთხე. არ არის გამორიცხული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია რუსულმა მხარემ სამხედრო დანიშნულებისთვის გამოიყენოს იმისათვის, რომ იქ ჩამოაგდონ ამერიკული სტრატეგიული სადაზვერვო დრონები. ეს ძალიან სერიოზული საკითხია და ეს ვარიანტი განიხილება, რადგან დე ფაქტო აფხაზეთი პრინციპში რუხი ზონაა, ანუ კონტროლი არ ხერხდება. რუსეთის ტერიტორიიდან ამერიკული დრონების ჩამოგდებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული სკანდალი. აფხაზეთიდან დავუშვათ თურქული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რაკეტის ჩამოგდებაზე კრემლი პასუხისმგებლობას იხსნის. ფაქტობრივად, გაუკეთებს ინდიკაციას, რომ ამერიკელებმა შეაჩერონ ყოველგვარი ფრენები შავი ზღვის აკვადორიის მიდამოებში", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე