მეწარმეებს აღარ აქვთ შესაძლებლობა ანაზღაურების მომატებაზე იფიქრონ
ქეთო გოგოხია
(17.07.2024)

ბიზნესი წელს ხელფასების ზრდას გამორიცხავს. მართალია, ინფლაცია ჯერჯერობით სტაბილურ ნიშნულზეა და ლარის კურსიც მეტ-ნაკლებად რეგულირდება, სექტორში აცხადებენ, რომ ხელფასების ზრდის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ არის. ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამშენებლო დარგი, ტურიზმი და სამეწარმეო  ბიზნესი, ხელფასები ჯერ კიდევ შარშან დააკორექტირეს და მინიმუმ წლის ბოლომდე გადახედვა არ იგეგმება. როგორც აღმოჩნდა, შემოსავლების ზრდის ტემპი არ არის ისეთი, რომ ანაზღაურების მასტიმულირებელი გახდეს. 

მშენებლობის სექტორში ხელფასმა 2023 წელს მოიმატა, რაზეც გავლენა ინფლაციამ და კადრების სიმცირემ მოახდინა. კომპანია ,,არსის" გენერალური დირექტორის ბესო ორთოიძის განცხადებით, წელს ამ მიმართულებით ცვლილება აღარ იგეგმება.

,,შარშან სამშენებლო სფეროში დასაქმებულების ხელფასები გაიზარდა. ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მეტად ანაზღაურებამ სწორედ ჩვენს სფეროში მოიმატა. წელს ცვლილება მოსალოდნელი არ არის. თუ შევხედავთ, უძრავი ქონების გასაყიდი ფასი არ მატულობს და თვითღირებულება ვერ გაიზრდება. აქედან გამომდინარე, ხელფასების ზრდა აღარ არის დაგეგმილი. 

როგორია სამშენებლო სფეროში საშუალო ხელფასის მოცულობა, ზუსტი მონაცემის დასახელება გამიჭირდება, სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე კადრებისთვის  განსხვავებულია, შეიძლება ვიღაც 7 000 ლარამდე გამოიმუშავებდეს და ზოგი 2000 ლარს, თუმცა დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ  ერთ-ერთი მაღალი ანაზღაურება ჩვენს სეგმენტშია. 

რაც შეეხება 2023 წელს არსებულ მდგომარეობას, ხელფასების მატება ორმა ფაქტორმა განაპირობა: 

ერთია ინფლაცია. ფასების მატების ტემპის პარალელურად ხელფასიც გაიზარდა. ამასთან, კადრების დეფიციტი ფიქსირდებოდა და წელსაც ასეა.  ვისაც თუნდაც მცირე კომპეტენცია აქვს, დასაქმება პრობლემა არ არის, პირიქით, უფრო მეტია სამუშაო, ვიდრე ადამიანური რესურსი არსებობს", - განაცხადა ბესო ორთოიძემ ,,რეზონანსთან" საუბრისას. 

ხელფასების ზრდას გამორიცხავს ჰორეკა სექტორიც. როგორც აღმოჩნდა, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, რესტორნებში ანაზღაურების მატების შესაძლებლობა არ არის. რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ დაადასტურა, რომ ბაზარი გაჯერებულია. 

"დღეს არსებული ხელფასები იმდენით არის გაზრდილი, ამაზე მეტის საშუალება, არ არის. ბრუნვა, რომელიც სფეროშია, დამსაქმებელს საშუალებას არ აძლევს, დასაქმებულებს ანაზღაურება გაუზარდოს. დღესდღეობით, ხელფასი მინიმუმ 1200 ლარიდან იწყება, შეფმზარეულზე 5000-6000 ლარზე ადის. თუ სტაბილური მდგომარეობა იქნება, რყევა აღარ იქნება და მუშახელის პრობლემა გადაიჭრება, ანაზღაურების მატებაზე საუბარი შესაძლებელი იქნება", - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

ანალოგიური მდგომარეობაა სამეწარმეო ბიზნესშიც. როგორც ,,კუმისის" დამფუძნებელმა ბიზნესმენმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა ,,რეზონანსთან" აღნიშნა, წლის ბოლოს დაითვლება შედეგი და თუკი ბიზნესი მოგებას აჩვენებს, ხელფასიც ამის მიხედვით დაკორექტირდება.

,,ტრადიციული მიდგომა გვაქვს ანაზღაურების მიმართ, საახალწლოდ ვაკორექტირებთ. ცხადია, არავის დააკლდება, გაზრდა კი იმაზეა დამოკიდებული, კომპანიის რეალიზაცია რამდენად წარმატებული იქნება. წინა წელს შეძლებისდაგვარად გავზარდეთ, წლის ბოლომდე ჩვენთან ამ მიმართულებით ცვლილება არ  არის მოსალოდნელი. ინფლაცია, მოგება-წაგების მაჩვენებელი, ყველაფერი ეს შეჯერდება და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ", - აღნიშნა უჩუმბეგაშვილმა.

ხელფასების ზრდა ვერ ხერხდება რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებშიც. ამის მიზეზად სექტორში წარმოების კუთხით არსებულ პრობლემას მიიჩნევენ.

კომპანია „შირაქის“ დამფუძნებელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ ,,რეზონანსს" განუცხადა, რომ ქვეყანაში ყოველწლიურად ისედაც მცირდება ნედლი რძის მოცულობა, მოსახლეობა მსხვილფეხა საქონელს ყიდის  შესაბამისად, მცირდება ბრუნვა, რაც ხელფასების ზრდის საშუალებას ვერ იძლევა.

,,დღესდღეობით რძის პროდუიქტების წარმოებაში სერიოზული პრობლემაა, რადგან ირანსა და ბელორუსში დამზადებულ იმპორტირებულ რძის ფხვნილს კონკურენციას ვერ გაუწევთ. ფალსიფიკაცია თუ არ აღმოიფხვრა ქვეყანაში დარგი უკან-უკან  წავა და ნედლი რძის დეფიციტი კიდევ უფრო გაიზრდება. ცხადია, ეს ნეგატიური ვითარება აისახება ხელფასებზეც, კლება გამორიცხულია, როცა უფრო მეტად გვიჭირდა, მაშინაც შევუნარჩუნეთ ანაზღაურება დასაქმებულებს, მით უმეტეს, დღეს მსგავსი საკითხის განხილვა წარმოუდგენელია. 

დავაკვირდებით დინამიკას მომავალში და თუკი შესაბამისი რესურსი გამოჩნდება და ინდუსტრიაში არსებული პრობლემაც აღმოიფხვრება, ამას, პირველ რიგში, დასაქმებულები და მომხმარებლები იგრძნობენ , - განაცხადა ბენიაიძემ ჩვენთან საუბრისას.

,,საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1,985.4 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 226.3 ლარით), მათ შორის, ქალების ხელფასმა 1,559.2 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 163.7 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი მსხვილი ბიზნესის შემთხვევაში 2,110.3 ლარს შეადგენს,  საშუალო ბიზნესისა – 2,385.0 ლარს, ხოლო მცირე ბიზნესისთვის ეს მაჩვენებელი  1,540.8 ლარით განისაზღვრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე