ნატალია ჯვარიძე
(17.07.2024)

როგორ აისახება საქართველოზე ის გეოპოლიტიკური გლობალური ცვლილებები, რომლებიც აშშ-სა და ევროპაში არჩევნების შედეგად შეიძლება წარმოიქმნას და რა სირთულეები ახლავს თან ახალ რეალიებს - საკითხზე ანალიტიკოსთა მოსაზრებები არაერთგვაროვანია. ნაწილი ფიქრობს, რომ აშშ-ში ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში გარკვეული ცვლილებები იქნება და ჩვენ მოგვიწევს ხმის ამოღება. ნაწილს კი, ამის მოლოდინი არ აქვს.

„ჩემი ღრმა რწმენით, თუ საქართველო ხმას ამოიღებს და ტრამპს სთხოვს, რომ საქართველოს ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანის შესახებ საკითხი დღის წესრიგში დააყენოს, გამორიცხული არაა საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკა შეიცვალოს", - განაცხადა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს კი მიაჩნია, რომ ამერიკაში ასე რადიკალურად ცვლილებები არ ხდება.

„ამერიკის პოლიტიკა, მითუმეტეს თუ საკითხი ეხება, ისეთ თემებს, რომელიც ორ პარტიული მხარდაჭერით სარგებლობს იშვიათად, რომ ასეთ ვითარებაში რამე შეიცვალოს. თუ ვინმეს მართლა აქვს იმის ილუზია, რომ რაიმე ცვლილება იქნება და ამაზე გარკვეულ აჟიოტაჟს ატეხენ, მაგრამ იგივე „მეგობრობის აქტს" ორ პარტიული მხარდაჭერა აქვს.

„ახლა ვის შეუძლია მითხრას, რომ თუ ტრამპი ბაიდენს შეცვლის, ეს მხარდაჭერა არ შეიზღუდება? თუმცაღა ამერიკის პოლიტიკაში ასე რადიკალურად, ყოველწუთიერად არაფერი იცვლება და ვერც შეიცვლება, ამაშია საქმე და ამ შემთხვევაში ეს არის მნიშვნელოვანი. ასე რომ, ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებაში დამოკიდებულება იგივე დარჩება", - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან"

აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა, არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას არ აპირებს. მისივე თქმით, კომენტარები მისი ასაკის შესახებ ლეგიტიმურია, მაგრამ ისიც თქვა, რომ ის კონკურენტ ტრამპზე მხოლოდ სამი წლით უფროსია.

„მოხუცი ვარ, მაგრამ ტრამპზე მხოლოდ სამი წლით უფროსი ვარ - ეს ერთი და მეორე, ჩემი გონებრივი სიმახვილე საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. სამნახევარი წლის განმავლობაში იმაზე მეტი გავაკეთე, ვიდრე ნებისმიერმა პრეზიდენტმა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მესმის, მესმის, რატომ ამბობს ხალხი: „ ღმერთო, ის 81 წლისაა. უფ! როგორი იქნება ის, როცა 83 წლის გახდება, ან 84 წლის?" - აღნიშნა ბაიდენმა.

კითხვაზე, ვისთან გადის კონსულტაციებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა არჩევნებში დარჩენა ან არჩევნებისგან გამოთიშვა, მან უპასუხა: „საკუთარ თავთან. მე ამას დიდი ხანია ვაკეთებ".

ამასთან, ბაიდენის თქმით, დონალდ ტრამპთან არ წააგებს.

„ვიცოდით, რომ ეს იქნებოდა მჭიდრო რბოლა იმ მომენტიდან, როდესაც მან კენჭის ყრაზე განაცხადა. გამოკითხვის მონაცემები ბევრ განსხვავებულ რამეს აჩვენებს, მაგრამ ჩვენ შორის დიდი განსხვავება არ არის. ეს არსებითად მჭიდრო რბოლაა", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ გამორიცხული არაა არჩევნებში ტრამპმა გაიმარჯვოს. მისივე თქმით, საქართველოსთან არა, თუმცა რუსეთთან პოლიტიკა დიდი ალბათობით, შეიცვლება.

„დღევანდელი მონაცემებით გამორიცხული არაა, ტრამპმა გაიმარჯვოს. იგრძნობა, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების ალბათობა მაღალია, მითუმეტეს მასზე თავდასხმის შემდეგ მის მიმართ სიმპათიები ერთიორად გაიზარდა. თუ რჩებიან „დემოკრატები", ეს ბაიდენი იქნება თუ სხვა, პოლიტიკა არ შეიცვლება, მაგრამ, ტრამპის შემთხვევაში ცოტა სხვანაირად იქნება.

„ჯერ ერთი ამერიკაში ერთ ადამიანზე დამოკიდებული არაფერია, იქ არის კონგრესი, სენატი, სახელმწიფო დეპარტამენტი და ა.შ. ასე რომ, მარტივი არაა რამის შეცვლა, თუმცა შესაძლოა, საქართველოსთან მიმართებაში არა, მაგრამ რუსეთთან მიმართ ცლილება მოხდეს, რადგან ტრამპი უფრო პრაგმატული პოლიტიკოსია და არა ღირებულებებზე დაფუძვნებული.

„ამის თქმის უფლებას მაძლევს ის, რომ ჩვენ ამის ნახვის საშუალება მოგვეცა, როდესაც ის პრეზიდენტი იყო. ამიტომ, მე მგონია, რომ ის პოლიტიკას საქართველოსთან კი არ შეცვლის, არამედ რუსეთთან. ის მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოს სცნობს და აღიარებს, ეს არის რუსეთი, ჩინეთი, ბრიტანეთი და ევროკავშირი, როგორც ერთობა და ა.შ. თუ გრძნობს, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოზე სხვა დიდ ქვეყანას გავლენა აქვს, მაგალითად რუსეთს, ის ანგარიშს უწევს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც კარგი ანგარიშია, შეიძლება პირიქითაც იყოს",-აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

ზაალ ანჯაფარიძის თქმით კი, მართალია ტრამპის ავტორიტეტი გაიზარდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად გაიმარჯვებს. როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ამერიკის პოლიტიკა უცვლელი დარჩება, რადგან ამერიკელები საკუთარი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ. მისივე თქმით, ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ გაარკვიონ მტრები არიან, თუ მეგობრები.

"ყველაფერი დამოკიდებულია ვინ მოვა ამერიკის ხელისუფლებაში, თუმცა მე არ მგონია, რომ მაინც დ ამაინც დიდი ცვლილებები განიცადოს ამ პოლიტიკურმა კურსმა, იმიტომ რომ დღეს ევროპის პოლიტიკას დიდწილად განსაზღვრავს ის უსაფრთხოების არქიტექტურა, რაც დღეს ევროპაში ან მის საზღვრების პერიმეტრზე არსებობს და რა პრესპექტივაში შეიძლება ჩამოყალიბდეს უკრაინაში ომის შედეგებიდან გამომდინარე.

„ევროპის პოლიტიკური ელიტა ამ ყოფნით კიდევ კონსოლიდირებულია, თუ ერთ ვიქტორ ორბანს არ მივიღებთ მხედველობაში, სხვა მხრივ მე ვერ ვხედავ რამე ისეთ წინაპირებობს, რომ პოლიტიკაში რაღაც დრამატული მოხდეს.

„გასაგებია, რომ ტრამპზე თავდასხმის შედეგად მისი ავტორიტეტი და პოლიტიკური ქულების რაოდენობა გაიზარდა, შესაბამისად, მთელი ეს პროპაგანდისტული საინფორმაციო ველი მის სასარგებლოდ არის, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება გარანტირებული აქვს. მის წინააღმდეგ ძალიან ბევრი პროცესებია დაწყებული და ჩვენ არ ვიცით როგორ დამთავრდება. კი, რა თქმა უნდა, ამ ინციდენტმა მისი პოპულალურობის ზრდას ხელი შეუწყო, თუმცა კიდევ ბევრი საკითხია.

„გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ კანდიდატებს შორის ძირითადი დებატები ჯერ კიდევ წინ არის და სადღაც შემოდგომაზე დაიწყება, იმედია „დემოკრატიული" პარტია თავის კანდიდატურას არ შეცვლის და სავარაუდოდ, აქეთკენ მიდის საქმე, რომ ის დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატად დარჩება, თუ მართლაც რაღაც სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები არ აღმოაჩნდა, მოამზადებენ, რომ ის ტრამპთან დებატებში კიდევ ერთხელ არ დამარცხდეს.

„თუმცაღა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ მოხდა ისე, რომ დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, ჩვენ უპირველეს ყოვლისა ის გვაინტერესებს, რა პოზიცია ექნება შეერთებულ შტატებს საქართველოსთან მიმართებაში. არა მგონია, რომ დიდად შეიცვალოს იმიტომ, რომ ამერიკელები საკუთარი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ და შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას, თუ დავუშვათ ისევ „ქართული ოცნება" იქნება, დაუყენებენ პირობას, რომ გაგვარკვიე ჩვენ მტრები ვართ, თუ მეგობრები.

„პრინციპში, ბოლო პერიოდში ამერიკელი მაღალჩინოსნები დაახლოებით ასე აყენებენ საკითხს, მათი გზავნილები ამას ნიშნავდა, ვართ თუ არა სტრატეგიული პარტნიორები. ქართულ-ამერიკული ურთიერთობის ის ყოვლისმომცველი გადახედვა, რომელზეც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკელმა გამოაცხადა, ამ კონტექსტში არის სწორედ, რომ გაირკვეს სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე. მე დარწმუნებული ვარ „ოცნებაში" ფიქრობენ, თუ როგორ უპასუხონ ამ გამოწვევას", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

როგორც ზაქარეიშვილი აღნიშნავს, შესაძლოა ამერიკამ რუსეთზე ეკონომიკური სანქციები გააგრძელოს, ეს კი საქართველოზე დადებითად აისახება. მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ „ოცნება" ხელისუფლებაში დარჩება საჭიროა პოლიტიკა შეცვალოს.

„რა დამოკიდებულება ექნება ტრამპის ადმინისტრაციას რუსეთთან, ეს იქნება განმაპირობებელი საქართველოსთან პოლიტიკის შეცვლაზეც. ბუნებრივია, აქ მთავარი პრობლემა უკრაინა იქნება. თუ ტრამპი მოახერხებს, რომ რუსეთი და უკრაინა დასვას მოლაპარაკების მაგიდასთან, მაშინ მან რუსეთს რაღაც უნდა მისცეს, პუტინი აუცილებლად რაღაცით უნდა დააკმაყოფილოს. ეს რაღაც კი არის ის, რომ არ აღიარებს ყირიმსა და დონბასს, თუმცა უკრაინას დააჯერებს , რომ დონბასზე და ყირიმზე რუსეთის „დროებითი"კონტროლი გაგრძელდება.

„ამის ფონზე გაგრძელდება თუ არა ამერიკის მხრიდან რუსეთზე ეკონომიკური სანქციები ეს არის ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი. თუ გაგრძელდება, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსული პოლიტიკის მიმართ ბრძოლა ისევ მიმდინარეობს.

„ტრამპისთვის ცეცხლის შეწყვეტა უკვე საკმარისი წარმატება იქნება და შესაძლოა დიდი ქულებიც დაიწეროს. მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გააგრძელოს, ასეთ შემთხვევაში კი, საქართველოს მიმართ პოლიტიკა დადებითი იქნება, რადგან ამერიკას მოუწევს უკარნახოს, როგორ უნდა მოიქცეს, რომ სანქციები შეუმსუბუქდეს. მათ შორის, შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანის მოთხოვნაც იყოს, ან გამორიცხული არაა ტრამპის პრაგმატული პოლიტიკიდან გამომდინარე, პირიქითაც თქვას - ქართველები ხმას არ იღებენ, არ მოითხოვენ, რომ რუსებმა ჯარები გაიყვანოს და რატომ უნდა მოვთხოვო მე? ანუ ჩვენზეა დამოკიდებული.

„ამას დაემთხვევა ჩვენი არჩევნებიც, თუ ღმერთმა ინება და ხელისუფლება შეიცვლება, ან „ოცნების" პოლიტიკა და ტრამპს ამას სთხოვს, მაშინ საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკა დადებითი იქნება. თუ არა და ტრამპი იტყვის და მას არ ეშლება მკვახე ლაპარაკი, საქართველო არაფერს არ ითხოვდა და მე ხომ არ ჩავყვები საფლავში? არ უნდათ და ნუ უნდათ, კარგად იყვნენ. დაახლოებით ასეთი პოლიტიკა ექნება ტრამპს. ყველაფერი კი, ჩვენს აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე