ელზა პაპოშვილი
(17.07.2024)

„დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა დაუჭერს მხარს მშვიდობას, ღირსებასა და კეთილდღეობას, რაც ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის და მისი ევროპული მომავლის საწინდარია“,-ეს არის იმ გზავნილების ნაწილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველს 16 ივლისს საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებისას მიმართა. 

ივანიშვილი გამარჯვებაში დარწმუნებულია და თვლის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის. 

ივანიშვილის და დანარჩენი ლიდერების განცხადებით, "ქართულ ოცნებას" არჩევნებში კონკურენტი არ ჰყავს, რადგან ომი მშვიდობის კონკურენტი ვერ იქნება. პრემიერი ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ სულ მცირე 12 წელი არცერთი არჩევნების წაგებას არ აპირებენ. ცნობილი გახდა ისიც, რომ "ქართული ოცნება" და "ხალხის ძალა" საპარლამენტო არჩევნებში საერთო სიით მიიღებენ მონაწილეობას.  

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს იმ ძალებზე, რომლებიც გასული 4 წლის მანძილზე საქართველოში არეულობის შემოტანას და ქვეყნის ომში ჩათრევას გამალებით ცდილობდნენ. კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს "ქართული ოცნება" აგენტურაზე, გაიმარჯვებს მშვიდობის პარტია ომის პარტიაზე, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

"ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ 2012 წლიდან დღემდე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ეს ბრძოლა 2016, 2020 და 2021 წლებშიც საქართველოს და მისი სუვერენიტეტის გამარჯვებით დასრულდა. წინასწარ დაგეგმილი მცდელობის მიუხედავად, "ნაციონალურ მოძრაობას" და მის მფარველებს, საბოლოოდ, სამივე შემთხვევაში არჩევნების შედეგების აღიარება მოუწიათ. საქართველო ანალოგიური მოცემულობით ხვდება 26 ოქტომბრის არჩევნებსაც.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის რეფერენდუმი. ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, მონობასა და ღირსებას შორის, ბნელ წარსულში დაბრუნებასა და წინსვლას შორის, სრულ უპერსპექტივობასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა დაუჭერს მხარს მშვიდობას, ღირსებასა და კეთილდღეობას, რაც ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის და მისი ევროპული მომავლის საწინდარია.

მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ - ეს არის ერთადერთი უალტერნატივო არჩევანი, რომელსაც ქართველ ამომრჩეველს "ქართული ოცნება" სთავაზობს."- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების პარალელურად, განცხადებებს აკეთებენ ოპოზიციურ პარტიებშიც.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ ექნება, რადგან მათი მხარდამჭერების რაოდენობა განახევრებულია. 

"რა საკონსტიტუციო უმრავლესობა? მაგათ 60% კი არა, 30% აღარ აქვთ დღეს. ეგ არის ჩვეულებრივად მოქალაქეების მოტყუების მცდელობა, თითქოს მათ მხარდაჭერა აქვთ. რაც ქონდათ მხარდაჭერა იმის ნახევარიც აღარ აქვთ, რომელ საკონსტიტუციო უმრავლესობაზეა საუბარი,"- აცხადებს მიხეილ დაუშვილი. 

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივანი, პოლიტიკური პლატფორმის "ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის" წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ თუ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში დარჩება, ევროკავშირის გზა ჩაიკეტება. 

"შემოდგომაზე წიწილებს ითვლიან და ვნახავთ რაც იქნება, თუ რეჟიმი დარჩება ხელისუფლებაში ჩაიკეტება ევროკავშირის გზა. ქვეყანაში იქნება სიღარიბე და კიდევ უფრო მეტ ქართველს მოუწევს ქვეყნის დატოვება,"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.  

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში სიახლე მხოლოდ ჩინეთის თემა იყო, დანარჩენი ყველა ის განცხადება, რაც მან გამოსვლის დროს გააკეთა, კარგად ნაცნობი და ძველია. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილმა თავის განცხადებებში სამი ძირითადი მიმართულება გამოკვეთა, რაც აქამდე ჩვენს საზოგადოებაში მუშაობს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ის ამ აქცენტებს ისევ გამოიყენებდა. 

„რასაც ივანიშვილს ვუსმენდი, მის რიტორიკაში სიახლე მხოლოდ ჩინეთი იყო. „გლობალური ომის პარტიასა“ და აგენტურაზე წინაზეც ისაუბრა აქციაზე. მისი განცახდებები იყო წინასაარჩენოდ გაგზავნილი საკუთარი ამომრჩევლისთვის. პირველი მან დაიწყო „ნაციოანლურ მოძრაობაზე“ განცხადებები და ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ ბრძოლა ისევ ამ ძალასთან მიდის. ასევე, მთელი ოპოზიციის მათთან აფილირება მოახდინა. ის ცდილობს პოლიტკური ველის ისევ პოლარიზებას, რათა დაპირისპირება კვლევ ორ პარტიას შორის წავიდეს. 

„ეს „ოცნების“ არაერთხელ ნაცადი ხერხია, რომელმაც ბევრჯერ გაამართლა. ივანიშვილი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ დასავლეთი სწორედ ამ ძალის ისევ ხელისუფებაში დაბრუნებას ცდილობს. 

„მეორე მთავარი ხაზი იყო ის, რომ მიუხედავად ამისა, ევროპა და ნატო „ოცნებისთვის“ მაინც მნიშვნელოვნი მოკავშირეები არიან. ამით საკუთარი ამომრჩეველი დაამშვიდა, რომელიც პროდასავლური ორიენტაციის მატარებელია. 

„ივანიშვილმა შემდეგი მესამე მნიშვნელოვანი აქცენტი ომსა და მშვიდობაზე გააკეთა. მან თქვა, რომ თუკი ისინი ხელისუფლებაში არ დარჩებიან, ახალი პოლიტიკური ძალა ნაციონალების და მისი აგენტურის სახით, ესევე მეორე ფრონტს გახსნის. 

„ეს არის უკვე კარგად დატესტილი პროპაგანდა, რომელიც წინასაარჩევნოდ მუდმივად მუშაობს. საკმაოდ ჭკვიანური და გათვლილი განცახდებები იყო, რომლისაც მის ამომრჩეველს სჯერა. ვნახოთ, თუკი ოპოზიცია ამ მოცემულობით დარჩება, „ოცნებისთვის“ უმრავლესობის აღების შანსები დიდია“,-ამბობს ძაბირაძე. 

მისივე თქმით, ივანიშვილის განცახდება საკონსტიტუციო უმრავლესობის აღებაზე ლოგიკურია, რადგან ამით საკუთარ ამომრჩევლის არწმუნებს, რომ მათ იმაზე მეტი ხმის აღება შეუძლიათ, ვიდრე ეს ოპოზიციას ჰგონია ან კვლევებით არის დადგენილი. ეს არის მისი მხრიდან პიარსვლა და ელექტორატისთვის მოტივაციის მიცემა.    

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე