
საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პირველად განაცხადა არჩევნებზე „ხალხის ძალასთან“ ერთად საერთო სიით გასვლის შესახებ. მისივე თქმით, ეს იქნება გარანტია იმის, რომ ქვეყანა მშვიდობიან გზაზე ივლის.
„ჩემგან გაიგებთ ალბათ დღეს პირველად, გავკადნიერდები, რომ „ხალხის ძალა“ არჩევნებში ჩვენთან ერთად საერთო სიით მიიღებს მონაწილეობას. ჩვენ ვივლით ქართულ გზაზე, სადაც თანაბარი შანსი და გარანტია ექნება ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, დეოკუპაციას და ქვეყნის გამთლიანებას, რწმენის, ეროვნული იდენტობის და ტრადიციების შენარჩუნებას და ჩვენი ქვეყნის ღირსეულ წევრობას ევროპულ ოჯახში“ - ამის შესახებ „ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
რა სტრატეგიით გადის ხელისუფლება არჩევნებში და რამდენად მომგებიანი იქნება მისთვის „ხალხის ძალასთან“ გაერთიანება - ამ საკითხზე ანალიტიკოსების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ „ოცნებამ“ პირველი ადგილის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად ეს გადაწყვეტილება მიიღო და გამორიცხული არაა პირიქით, საზიანოც აღმოჩნდეს და პროდასავლურმა ამომრჩევლებმა ხმა აღარ მისცენ. მეორე მხარე კი ამბობს, რომ ეს რეიტინგულად ვერ დააზიანებს, რადგან „ხალხის ძალას“ მხარდამჭერები ჰყავს.
„თავის დროზე, როცა „ხალხის ძალა“ ხელისუფლებამ შექმნა ეს იყო მათი მეორე ცენტრი. ახლა კი იმის ფონზე, რომ შესაძლოა „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ გაერთიანდნენ, ასევე, „პატრიოტთა ალიანსის“ და ალტ-ინფოს დაჯგუფების ფონზე ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან გამორიცხული არაა „ოცნებამ“ პირველი ადგილი დაკარგოს. ამიტომაც, ამის თავიდან აცილებისთვის ეს ნაბიჯი გადაიდგა, რადგან ხმები არ დაიკარგოს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან“.
რა არის გართიანების მიზანი
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, „ხალხის ძალა“ ისედაც აღიქმებოდა „ოცნების“ მოკავშირე პოლიტიკურ პარტიად და ამ ეტაპზე მათ ერთად გასვლა ამჯობინეს.
„წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ რამდენად მომგებიანი იქნება „ხალხის ძალასთან“ ერთად საერთო სიით არჩევნებზე გასვლა, რთულია. მოდით პირდაპირ ვთქვათ, ქართულ საზოგადოებაში „ხალხის ძალა“ ისედაც აღიქმებოდა როგორც „ქართული ოცნების“ მოკავშირე პოლიტიკური პარტიად. არცერთი და არც მეორე ამას მაინც და მაინც არ მალავდა. აქედან გამომდინარე, მე ეს შიდა პარტიულ გადაწყვეტილებად უფრო მიმაჩნია. ამ ეტაპზე ამჯობინეს ასე, „ხალხის ძალა“ გასულიყო არა ცალკე, არამედ „ოცნებასთან“ ერთად“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან“.
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორისა და ანალიტიკოსის, ნიკა ჩიტაძის აზრით კი, ამ გაერთიანების მიზანი პრორუსული ამომრჩევლების მიზიდვა იყო, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ დიდ სარგებელს მოუტანს, გამორიცხული არაა, პირიქით, საზიანოც აღმოჩნდეს.
„მათი მიზანია, რომ პრორუსულად განწყობილი ამომრჩეველი მიიზიდოს ხალხის ძალასთან“ ერთად საერთო სიით წარდგენაც ამიტომ გადაწყვიტეს. ფაქტობრივად, „ხალხის ძალა“ იგივე „ოცნებაა“, პრორუსული ძალა, ეს არც იყო ოპოზიციური პარტია.
„ხალხის ძალა“ 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავდა, ამიტომ მათი გარკვეული ნაწილი ალბათ და არა მთლიანად ხელისუფლებასთან ერთად გავა არჩევნებზე. თუ, დავუშვათ „ხალხის ძალა“ ბარიერს ვერ გადალახავდა, ეს „ოცნების“ პრესტიჟზე იმოქმედებდა.
„ამრიგად, პირველი მიზეზი რატომაც გაერთიანდებიან, არის პრორუსული ამომრჩევლების მიზიდვა, რადგან მათ ხმა სხვა რომელიმე პრორუსულ ძალას არ მისცენ ხმა, მაგალითად „პატრიოტთა ალიანსს“.
„მეორე ის, რომ „ხალხის ძალა“ „ოცნებისგან“ გამოყოფილი არ ყოფილა, ისიც მათ პოლიტიკას ატარებდა და ეს ჩანს, „რუსული კანონი“ „ხალხის ძალის“ ინიცირებით, რომ მიიღეს. მეორე მხრივ, შესაძლოა ეს ხელისუფლებისთვის ზიანის მომტანი აღმოჩნდეს, რადგან ისინი, ვინც პროდასავლურად განწყობილი ამომრჩეველი მათ მხარს უჭერდა, შეიძლება ახლა ხმა აღარ მისცენ, ასეთი ხალხი ბევრი არამგონია იყოს, თუმცა, რაღაც კონტიგენტი იქნება.
„ოცნება“ ცდილობს პირველი ადგილი არ დაკარგოს, მაგრამ აქ მარტო ეს არაა, შეიძლება გავიდნენ კიდევაც და მოაგროვონ 30%, თუმცა, ძალაუფლების შესანარჩუნებლად და მათ მიერ მთავრობის ფორმირებისთვის ეს საკმარისი არაა, გაცილებით მეტი ხმა სჭირდებათ“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან“.
ანალიტიკოსი გია აბაშიძის თქმით, მართალია „ოცნება“ და „ხალხის ძალაც“ კონსტერვატიული პარტიაა, მაგრამ, მათ შორის განსხვავებები ნამდვილად არის. როგორც იგი აღნიშნავს, „ხალხის ძალა“ რეიტინგს ვერ დააკარგვინებს, რადგან მათ ისედაც აქვს საზოგადოების მხადაჭერა.
„ბოლო წლების განმავლობაში „ოცნების“ პოზიციონირება არის კონსერვატიული და ამას პარტიიდან სხვადასხვა ლიდერებიც აცხადებენ. „ხალხის ძალა“ ზუსტად ასეთი პარტიაა, მაგრამ მათ შორის განსხვავებები ნამდვილად არის. იმ თავდასხმებთან დაკავშირებით, რომელიც გლობალური ომის პარტიიდან მოდის „ხალხის ძალა“ უფრო რადიკალი და ხისტია და ამას სამართლიანადაც აკეთებს. ამ ორი პარტიის ერთიანი სიით წარდგენა სავსებით ლოგიკურია, იქიდან გამომდინარე, რომ ბლოკები დაუშვებელია.
„სიის ფორმირება როგორ მოხდება, ცხადია, ამაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. როგორც თავად პარტიის ხელმძღვანელობამ საჯარო გამოსვლებისას განაცხადეს, საპარლამენტო სიაში თითქმის არაფერი შეიცვლება, შესაძლოა რამდენიმე ახალი პირობები დაემატოს, მაგრამ, ის ძირითადი ბირთვი, რომელიც პარლამენტშია და აჩვენა, რომ ეფექტურია, ამაში „ხალხის ძალის“ დეპუტატებიც იგულისხმება, უცლელი დარჩება.
„ხალხის ძალა“ რეიტინგულად ნამდვილად არ დააზიანებს, რადგან საზოგადოების მხარდაჭერა აქვს. „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში შევა, რადგან მიხეილ სააკაშვილი ჰყავთ, დანარჩენმა პატარა პარტიები კი განსაკუთრებულ არაფერს უნდა ელოდონ“, - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან“.
პარტიის ოფისის გახსნაზე საპატიო თავჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდი შეაფასა და ასევე, აღნიშნა, რომ ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ სრულად აგოს პასუხი ქართული საზოგადოების წინაშე.
„ქართველი ხალხის უპრეცეტენტო ერთიანობის წყალობით, 2012 წელს სისხლიანი რეჟიმი დავ ამარცხეთ და ვფიქრობდით, რომ „ნაცმოძრაობა“ ვეღარასდროს განაცხადებდა ხელისუფლებაში დაბრუნებაზე პრეტენზიას. თუმცა, როგორცც მოგვიანებით გაირკვა, მათ ფესვები ღრმად ჰქონდათ გადგმულუ და იმ გლობალური გავლენის მქონე ძალის აგენტურას წარმოადგენდნენ, რომელსაც დღეს გლობალურ ომის პარტიად მოვიხსნებთ.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საქართველო იმ ძალებზე აუცილებლად გაიმარჯვებს, რომლებიც გასული 4 წლის მანძილზე საქართველოში არეულობის შემოტანას და ქვეყნის ომში ჩათრევას გამალებით ცდილობდნენ. „ოცნება“ აგენტურაზე კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს, მშვიდობის პარტია ომის პარტიაზე.
ურთულესი გამოწვევებისა და უმძიმესი ზეწოლის მიუხედავად, გასული 4 წლის მანძილზე, ჩვენ ქვეყანას შევუნარჩუნეთ მშვიდობა, გავაორმაგეთ დოლარში ქვეყნის ნომინალური ეკონომიკა და მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
ეჭვგარეშეა, რომ მოსახლეობა 26 ოქტომბრის არჩევნებსაც უშეცდომოდ ჩაატარებს და „ოცნება“ საქართველოს პარლამენტში მორიგ ჯერზე მანდატების უმრავლესობას მიიღებს. თუმცა, ამ შემთხვევაში ეს საკმარისი არაა. ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებულად მყარი, საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება იმისათის, რომ საბოლოოდ დავასრულოთ ომის პარტია, აგენტურა, რადიკალიზმი, პოლარიზაცია და ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში; იმისათვის, რომ საქართველომ შეუქცევადად განაგრძოს მშვიდობიანი განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და მიაღწიოს ევროპული სტანდარტების კეთილდღეობად, რაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელი პირობაა.
„არჩევნების შემდეგ, მათ მოუწევთ პასუხისმგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს, განსაკუთრებით, 2008 წელს დაკვეთის შესრულებისა და ქვეყნის ომში ჩართვის გამო, რაც ჩვენ ქვეყანას ორი ისტორიული რეგიონის დროებით დაკარგვად დაუჯდა“, - განაცხადა ივანიშვილმა.
პარლამენტის თავჯდომარის და „ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის შალვა პაპუაშვილის თქმით, არჩევნებში კონკურენციის გარეშე არიან .
„დღეს, „ქართული ოცნება“, ჩვენი ახალი ცენტრალური ოფისიდან ვერთვებით აქტიურ საარჩევნო მარათონში. ჩვენი თითოეული ნაბიჯის, ქვეყნის ევროპული გზის, კეთილდღეობისა და მშვიდობისთვის ძალისხმევის მთავარი შემფასებელი არის არა სხვა რომელიმე დედაქალაქი, თუ უცხოელი პოლიტიკოსი, არამედ არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ხედავენ და აფასებენ ჩვენი გუნდის ერთგულებას სამშობლოსა და თითოეული ადამიანისადმი.
ამიტომ ჩვენ ამ არჩევნებში კონკურენტი არ გვყავს, ვინაიდან ომი მშვიდობის კონკურენტი ვერ იქნება, ისევე როგორც უიმეობა - კეთილდღეობის, ნგრევა-აღმაშენებლობის, უსამშობლობა - პატრიოტიზმის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



