ლარის კურსი პრაქტიკულად იმ ნიშნულზეა, რა ნიშნულიდანაც მკვეთრი გაუფასურება დაიწყო. 1 დოლარის ღირებულება უკვე 2.70 ლარს ჩმოსცდა. პოლიტიკური ვნებათაღელვის ჩაცხრობისა და ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, ეროვნული ვალუტა დღითი დღე მყარდება. გაცვლითი კურსი ახლა რეალობის შესაბამის ჩარჩოშია მოქცეული და არაა გამორიცხული, რომ ცხელი სეზონის გააქტიურებასთან ერთად, ლარმა პოზიციები უფრო მეტადაც გაიუმჯობესოს. შემდეგ კი დაიწყება ყველაზე რთული შემოდგომის თვეები, როდესაც რაიმე პროგნოზის გაკეთება ძალიან რთული იქნება.
უკვე ბოლო რამდენიმე კვირაა მოსახლეობა ლარის რევალვაციას ადევნებს თვალს. ეროვნული ვალუტა, როგორ სწრაფადაც გაუფასურდა, ისევე სწრაფად შეძლო პოზიციების აღდგენა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დევალვაცია ბაზარზე ხელოვნურად შექმნილმა აჟიოტაჟმა გამოიწვია.
სანამ საქართველოს პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მიიღებდა, ლარის კურსი 2.67-ის ფარგლებში იყო. შემდეგ ეროვნული ვალუტა 19-20 პუნქტით გაუფასურდა და „ბლუმბერგის“ სავაჭრო პლატფორმაზე დოლარი ფასმა 2.87-მდეც კი მივიდა.
ვარდნის შესაჩერებლად და კურსის დასაჭერად ეროვნულმა ბანკმა, საერთო ჯამში, სამი ინტერვენცია განახორციელა. 3-კვირიან პერიოდში სებ-მა 168.7 მლნ დოლარი გაყიდა, თუმცა მაშინ სტაბილიზაციის მიღწევა ვერ მოხერხდა.
ახლა კურსი თითქმის იმ ნიშნულამდე გამყარდა, რა წერტილიდანაც დაიწყო გაუფასურება. "ბლუმბერგის” სავაჭრო პლატფორმაზე ერთი აშშ დოლარი 2.69 ლარი ღირს, მაგრამ როგორც ფინანსისტმა, საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ განაცხადა, ეროვნული ვალუტის ელვისებური ტემპი მალე შენელდება და იგი 2.67-ის ქვევით აღარ ჩამოვა.
"ლარი გამყარებას ხელს უწყობს სავალუტო შემოდინება, რომელიც წინა თვეში დაახლეობით 290 მილიონამდე იყო. ჩემი პროგნოზით, თუ ტრანზაქციები, სავალუტო შემოდინება, ჩამოსცდება 200 მილიონს, მაშინ, ლარის კურსი გაუფასურდება, მაგრამ ასეთი სცენარი ჯერ არ იკვეთება.
სავალუტო შემოდინებასთან ერთად, კურსი დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე. თუ სანქციები დაწესდება მთავრობის წევრთა მიმართ (ასე ითქვა და რამდენად მართალია არ ვიცი), ეს ეროვნულ ვალუტაზე უარყოფითად იმოქმედებს და გაუფასურება ახალი ნახტომებით დაიწყება”, - განუცხადა ნიკა შენგელიამ "რეზონანსს” და კითხვაზე ახლა პრაქტიკულად კურსი იმ ნიშნულზეა, საიდანაც მკვეთრი გაუფასურება დაიწყო და უფრო მეტად ხომ არ გამყარდება? - ფინანსისტმა ასე უპასუხა:
"სავარაუდოდ, კურსი დასახელებულ ნიშნულზე (2.67) დაბლა არ ჩამოვა, მაგრამ თუ პოლიტიკური სიტუაცია დაიძაბება, ლარი როგორც გამყარდა, ისე გაუფასურდება სწრაფი სვლით”, - დასძინა საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა.
შეიძლება ითქვას, რომ ლარმა აჟიოტაჟური პერიოდი გადალახა. 2.69-იან ნიშნულზეა ოფიციალური კურსიც. ეკონომისტთა ნაწილის შეფასებით, სტაბილიზაცია მთელი ზაფხული გასტანს და რაიმე საფრთხე შემოდგომამდე არ იკვეთება.
ამ საქმეში ცენტრალური ბანკის როლზე ისაუბრა საფინანსო სფეროს წამყვანმა სპეციალისტმა ვახტანგ ხომიზურაშვილმა და აღნიშნა, რომ ვალუტით ვაჭრობის სისტემა სებ-ს ბოლომდე ეფექტურად მოქმედების საშუალებას არ აძლევს.
"აქ განსაკუთრებული არაფერი არ არის, რადგან ჩვენთან პატარა სავალუტო ბაზარია. აქედან გამომდინარე, ერთმა ტრანზაქციამაც შესაძლოა, ზეგავლეა იქონიოს გაცვლით კურსზე და ეროვნული ბანკი შეიძლება არც ჩაერიოს. თუკი ზეგავლენა მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდება, მაშინ, სებ-ი ინტერვენციას აუცილებლად მოახდენს და შემოატრიალებს ან შეარბილებს მოცემულობას.
მოკლე პერიოდში შეუძლებელია რაიმე დასკვნის გაკეთება. ვნახოთ, ახლო მომავალშიც როგორი ტენდენტია გვექნება და იქიდან გამომდინარე შეიძლება მსჯელობა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პატარა სავალუტო ბაზრის პირობებში ერთმა გარიგებამაც კი შეიძლება საგრძნობლად იმოქმედოს კურსზე.
"ეროვნულ ბანკს ორმხრივი ინტერვენცის გაღება შეუძლია, როგორც დოლარი გაყიდვა, ისე ლარის გაყიდვაც, ამიტომ მთავარია, კურსი რაღაც ჩარჩოში მოექცეს.
საერთოდ, სებ-ს რაც შეუძლია, იმას აკეთებს. უშუალოდ ვალუტით ვაჭრობის სისტემა, როგორიც არის დღეს, ეროვნულ ბანკს არ აძლევს საშუალებას, რომ სწრაფად და ეფექტიანად იმოქმედოს ღია ოპერაციების მეშვეობით სავალუტო ბაზარზე.
ადრე იყო ბანკთაშორის სავალუტო ბირჟა და სებ-ი მშვენივრად ხედავდა კურსის ცვლილების მიმართულებას და შესაბამის დოზირებულად ახორციეელებდა ინტერვენციებს. ეს იყო მინიმალური ინტერვენციები, რასაც მაქსიმალური ეფექტი ჰქონდა. მე ვგულისხმობ კურსის ცვალებადობის საკითხს. თუ კურსი მისაღებ დიაპაზონში მერყეობდა, მაშინ სებ-ი არ ერეოდა.
როგორც აღვნიშნე, დღევანდელი ვაჭრობის პრინციპები სებ-ს მოქმედების არეალს უზღუდავს, რაც ბანკებისთვის კარგი გასაქანია”, - განუცხადა "რეზონანსს” ვახტანგ ხომიზურაშვილმა.
რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ეროვნულ ბანკში პირდაპირ ითქვა, რომ ლარის გაუფასურება მთლიანად ხელოვნური პროცესია. მოკლე მონაკვეთში შექმნილ პანიკას სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ შეგნებული დესტაბილიზაცია უწოდა. მასვე დაეთანხმა პრემიერი ირაკლი კობახიძეც. ეკონომისტების ნაწილმა კი ხელი პირდაპირ კომერციული ბანკებისკენ გაიშვირა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე