ელზა პაპოშვილი
(16.07.2024)

არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე კვლავ აქტუალურია კითხვა, რა კომბინაციით შეუძლია ოპოზიციას „ქართული ოცნების“ დამარცხება? თუკი ბოლო არჩევნების შედეგებს გადავხედავთ, ოპოზიციამ დაახლოებით მილიონი ხმის მობილიზება უნდა შეძლოს, რათა "ოცნებამ" დაგეგმილი უმრავლესობა ვერ აიღოს. 

რამდენად არის ეს ოპოზიციისთვის შესაძლებელი და ოპოზიციის როგორი კონფიგურაციები იქნებოდა ამისთვის ყველაზე ოპტიმალური? ან რა სახის საარჩევნო პროპაგანდა და რიტორიკაა იმისთვის საჭირო, რომ  ოპოზიციამ ამომრჩევლის ნდობა მოიპოვოს.    

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ ივნისის კვლევის თანახმად:

პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლების 80%-ზე მეტი ოპოზიციური ძალების რაღაც ტიპის გაერთიანებას ემხრობა; ამავე პოზიციაზეა გადაუწყვეტელი/ნიჰილისტი ამომრჩევლის თითქმის 50% და „გაერთიანებებს არ მოაქვთ იმაზე ნაკლები ხმა, ვიდრე ცალკე აღებული ამ პარტიების ჯამია“.

ასევე, გაერთიანების მოსურნე არცერთი პროდასავლური ოპოზიციური პარტია არ რჩება ბარიერს მიღმა. პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ჯამში აგროვებენ „ქართულ ოცნებაზე“ მეტ ხმას.  

რეალური მოცემულობა დაახლოებით ერთი თვის წინ იყო ასეთი, რომ, „ნაცმოძრაობის“ გარდა, ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ ლახავდა საარჩევნო ბარიერს. ასეთ პირობებში ისინი რომ ცდილობენ შერწყმას, ეს არის ლოგიკური, – ამის შესახებ კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თუშეთში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ოპოზიციის გაერთიანებას შეეხებოდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამ პროცესში ისინი არ ერიდებიან ისეთ პარტიებთან გაერთიანებასაც კი, ვისაც უშვერი სიტყვებით მოიხსენებდნენ წარსულში, რაც უპრინციპობის გამოვლინებაა.

„მათი ერთადერთი ამოცანაა, რომ რამენაირად გადალახონ ბარიერი. ამ პროცესში ისინი არ ერიდებიან ისეთ პარტიებთან გაერთიანებასაც კი, ვისაც უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ წარსულში. ეს მათი უპრინციპობის გამოვლინებაა და მათი საქმეა, ეს არ არის ჩვენი საქმე. ჩვენთვის მთავარია, რომ, დღევანდელი მოცემულობით, დაახლოებით 60%-ია ჩვენი რეიტინგი. ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა დაჯგუფდეს თუ გადაჯგუფდეს ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ჩვენს გამარჯვებას ვერავითარი საფრთხე ვერ შეექმნება“, – აღნიშნა პრემიერმა.  

ოპოზიციის ფლანგზე რაც ხდება, საზოგადოება საბოლოო განაჩენს 26 ოქტომბერს გამოუტანს და ორ სიტყვას ეტყვის: კარგად ბრძანდებოდეთ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ როლებს როგორ გადაანაწილებს, მათი ფანტაზიის შედეგი იქნება.

„ოპოზიციის ფლანგზე რაც ხდება, საზოგადოება საბოლოო განაჩენს 26 ოქტომბერს გამოუტანს და ორ სიტყვას ეტყვის – კარგად ბრძანდებოდეთ. ოპოზიციაში ორი ადამიანიც კი ვერ ნახეს, ვინც ერთდროულად ერთსა და იმავე შინაარსის განცხადებას გააკეთებს. „ნაცმოძრაობა“ ცალ-ცალკე გამოჰყავთ და ცდილობენ, იქნებ მესამე ძალა შექმნან, ვისაც ხუთპროცენტიან ბარიერს გადაალახინებენ. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არსებობს, რომელიც როლებს როგორ გადაანაწილებს, ეს მათი ფანტაზიის შედეგი იქნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.  

12-წლიანი მმართველობის შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას სიღატაკე, შეცვლილი საგარეო კურსი, რუსული გავლენების გაძლიერება და სხვა მრავალი უბედურება მოუტანა. „ქართულ ოცნებას” ამიერიდან, არც ოფისის გახსნა უშველის და არც არანაირი წინასაარჩევნო კამპანია. მომავალი არჩევნები წაგებული აქვთ! - ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ „ ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე შეფასებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, მმართველი პარტიის დამარცხება, მხოლოდ ერთიანობითაა შესაძლებელი.

„12 წელი სახელმწიფოს მგონი არცერთი პარტია, არსად მსოფლიოში არ მართავს. 12 წლის თავზე რით ასრულებს „ქართული ოცნება“ თავის მოღვაწეობას? ქვეყანა ხომ ჩამოაქციეს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ხომ გააფუჭეს ურთიერთობები? საქართველო ხომ რჩება უმუშევრობის, სიღარიბის სივრცეში? ამ ქვეყანაში ხომ რუსეთი ყოველდღე ახორციელებს მცოცავ ოკუპაციას, იტაცებს მიწევს, იტაცებს ადამიანებს?

სიღარიბე და უმუშევრობა ყოველდღიურად იზრდება, ადამიანები მასობრივად ტოვებენ ქვეყანას, 12 წლის თავზე „ქართულ ოცნებას“ ის დარჩენია, რომ დაურეკოს საკუთარ მოქალაქეებს, აგინოს, შეაშინოს, დააშანტაჟოს, გაიტაცოს, სცემოს, მასობრივად არღვიოს ადამიანის უფლებები.

რა კამპანია უნდა დაიწყოს და რა ოფისის გახსნა უშველის დღეს „ქართულ ოცნებას“?, მათ წაგებული აქვთ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები. ის რაც ჩვენ ახლა გვჭირდება არის ერთიანობა, რითაც დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ,  

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ახლა ოპოზიციისთვის ძირითადი სასაუბრო თემა, რომელსაც წინასაარჩევნოდ იყენებენ, დასავლური ვექტორია. მითუმეტეს, როცა დასავლეთიდან „ოცნების“ კრიტიკა ყოველდღიურ სახეს იღებს, ეს ოპოზიციის მთავარ დამრტყმელ იარაღად იქცა. 

„დასავლური ვექტორი დღეს მოსახლეობის 80%-ისთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ ოპოზიციამ ჩაავლო ხელი საგარეო ვექტორის სააკითხს და მას წინასაარჩევნო პროპაგანდისთვის იყენებს. მითუმეტეს, ეს კრიტიკა დასავლეთიდანაც არ წყდება. ამ ეტაპზე ეს თემა მომგებიანია ოპოზიციისთვის, ამიტომაც ცდილობენ, აქტუალობა არ დაკარგონ. ამასთანავე აქ საუბარი მხოლოდ საგარეო ვექტორზე არ არის, ოპოზიცია ამბობს, რომ „ოცნება“ ქვეყნის ისევ რუსულ წიაღში დაბრუნებას ცდილობს. ოპოზიციის ეს თემა მომგებიანია და ის სრულად აითვისეს. 

„თუმცა, სექტემბერში უკვე ოფიციალური საარჩევნო ბატალიები დაიწყება და იქ ვფიქრობ ოპოზიცია ეკონომიკურ და სოციალურ თემებსაც შემოიტანს. თუმცა, აქ არის ერთი პრობლემა, რომ „ნაციონალებსაც“ და „ოცნებასაც“ მყარი ამომრჩეველი ჰყავს. ამიტომ მათ დანარჩენი პოლიტიკური სპექტრისგან განსხვავებით ბარიერის გადალახვა გარანტირებული აქვთ. ამიტომ საარჩევნო პროპაგანდა მათთვის პრობლემა არ არის. მითუმეტეს ხელისუფლებისთვის. თუმცა გადამწყვეტი ხმები ექნება ამ არჩვენებში ე.წ. შუაშისტურ ამომრჩეველს. ასეთი ამომრჩეველი, რა თქმა უნდა, არის და ბუნებრივია ისინი მხარს ენმ-ს არ დაუჭერენ“, - ამბობს ძაბირაძე. 

მისი თქმით, ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია დანარჩენი ოპოზიცია როგორ გადაჯგუფბდება. ეს იქნება ბოლო აკორდი, რაც „ლელო“-გახარიას ტანდემს ნიშნავს. 

„თუ  ამ ოპოზიციურ სპექტრზე არანაციონალური ჯგუფების ერთ ფლანგზე გაერთიანება მოხდება, ეს ოპოზიციურ ფლანგზე გამწევი ძალა გახდება. ამის შემდეგ კი ვერცერთი  პროპაგანდა და თემა ვერ გადაფარავს ამ ძალის მხარდაჭერას. ჩვენი მოსახლეობა სწორედ მსგავს მესამე ვექტორს ეძებს“,-ამბობს ძაბირაძე. 

მისივე თქმით, შესაბამისად ეს პოლიტიკური ჯგუფი თუ შეიქმნა, მაშინ საგარეო ვექტორის საკითხს ქვეყანაში არსებულ სოციალურ პრობლემებსაც დაუმატებენ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ე.წ. შუაშისტურ ამომრჩეველს მხოლოდ საგარეო ვექტორი არ აინტერესებს, ამიტომ ოპოზიციამ ქვეყანაში არსებულ მძიმე პრობლემებზეც უნდა ისაუბროს.   

„სექტეьბრინდან უკვე საარჩვენო პროცესი ძალიან აქტიურ ფაზაში შევა. ამიტომ ოპოზიციას რაღაცა კონკრეტული თემები უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული, რომელზეც ამომჩეველთან ისაუბრებს. მხოლოდ იმაზე ლაპარაკი, რომ ქვეყნის საგარეო ვექტორი იცვლება, არ არის საკმარისი. გავიგეთ, რომ ეს საკითხი აქტუალურია, მაგრამ შიდა პრობლემებზე ოპოზიციამ კონცენტრირება უნდა მაოხდინოს. მოსახლეობას უნდა აუხსნას ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელ სფეროში თუ სისტემაში რას გააკეთებს“,-ამბობს ძაბირაძე.    

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე