რუსეთის მთავრობამ ბენზინის ექსპორტზე გაუქმებული აკრძალვა ივლისშიც გაახანგრძლივა. წინა გადაწყვეტილებით, ექსპორტზე მოსხნილი დროებითი აკრძალვა 1-ელ ივლისამდე უნდა ყოფილიყო, თუმცა დადგენილება კიდევ ერთხელ შეიცვალა, რომელმაც მთელი თვე მოიცვა.
დოკუმენტის მიხედვით, საზღვარგარეთ ბენზინის მიწოდების აკრძალვა ამჯერად 31 ივლისამდე არ იმოქმედებს.
„ექსპორტის დასარეგულირებლად ადრე მიღებულმა ზომებმა დაამტკიცა თავისი ეფექტურობა და საშუალება მოგვცა, შიდა ბაზარი გაგვეჯერებინა. სწორედ ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ექსპორტზე დროებითი აკრძალვის შეჩერება 1-ლი ივლისიდან კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდეს“, - განაცხადა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა სერგეი ცივილევმა და დასძინა, რომ შიდა ბაზარზე საავტომობილო საწვავის რეზერვები საკმარისია და მოთხოვნა მიწოდებით სრულად დაკმაყოფილებულია.
რუსეთის მთავრობამ 1-ლი მარტიდან რუსეთიდან ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა ექვსთვიანი ვადით, ანუ აგვისტოს ბოლომდე დააწესა. თუმცა შიდა ბაზრის გაჯერების ფონზე და გადამამუშავებელ ქარხნებში მარაგის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად, აკრძალვა მაისის ბოლოდან 30 ივნისის ჩათვლით მოიხსნა. აკრძალვა არ ეხება საერთაშორისო სამთავრობათაშორისო შეთანხმებების ფარგლებში, მათ შორის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში ექსპორტს, ასევე მოქალაქეების მიერ პირადი სარგებლობისთვის და საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებისთვის განკუთვნილ საწვავს.
საქართველომ წინა საშეღავათო პერიოდითაც ისარგებლა და როგორც კომპანია "სენტა პეტროლიუმის” დამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემ განაცხადა, რუსეთიდან ბენზინის შესყიდვა ახლაც გაგრძელდება და მომავალშიც ასე იქნება, თუ რაიმე გარემოება არ გამოიკვეთება.
"ყველაფერი გრძელდება ისე, როგორც იყო აქამდე. რუსეთიდან ბენზინის შემოტანის ვადა პირველ ივლისამდე იყო ამოქმედებული, ანუ ივნისშიც ჩვეულებრივ ვახორციელებდით შესყიდვას, რასაც ახლა დაემატა ერთი თვით საზღვრის გახსნის ვადა და იმპორტის შესაძლებლობა ივლისშიც გვექნება.
ამ გადაწყვეტილებას ბოლომდე მივყვებით, იქამდე, სანამ რაიმე ახალი არ შევა ძალაში. ფეხს ავუწყობთ ვითარებას თუ მომავალშიც გაგრძელდება იმპორტი რუსეთიდან.
რაც შეეხება უშუალოდ ფასებს, მიმდინარე პერიოდში საბითუმო ბაზარზე დაახლოებით 2.60 ლარი ღირს 1 ლიტრი დიზელი, ხოლო 2.50 ლარი - ბენზინი”, - განუცხადა "რეზონანსს” ზაალ იაკობიძემ.
რადგანაც რუსეთმა რამდენიმე თვის წინ მიღებული გადაწყვეტილება ორჯერ შეცვალა და ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა გააუქმა, არც ისაა გამორიცხული, რომ ასე გაგრძელდეს და შემოღებული შეზღუდვა, რომელმაც აგვისტოს ბოლომდე უნდა ყოფილიყო ძალაში, მანამდე შეწყდეს.
რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი 21 სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით შარშანაც აიკრძალა და მალევე შეზღუდვა გაუქმდა.
ამის პარალელურად ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ აზერბაიჯანი ევრო 5-ის სტანდარტის ბენზინის წარმოებას იწყებს და საქართველოსთვის ესეც საინტერესოა. საკითხს დადებითად უყურებენ იმპორტიორები.
"აზერბაიჯანის გადაწყვეტილება ჩვენთვის ნამდვილად საინტერესოა. იმ შემთხვევაში, თუ იქნება ბენზინის მისაღები ხარისხი და ასევე ფასის მხრივ გაუწევს კონკურენციას რუსულ ნავთობპროდუქტს, ამ შემთხვევაში შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება. ყველა შემთხვევაში, ჩვენი ბაზრისთვის, აზერბაიჯანში ევრო 5-ის ბენზინის წარმოება მისაღები უნდა იყოს”, - განუცხადა იაკობიძემ "რეზონანსს”.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი გადაწყვეტილება ხშირად ცვლის, საქართველოს სანავთობო ბაზარზე ვითარება სტაბილურია და როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა აღნიშნა, ბაზარზე სტაბილურობა განსაკუთრებით მომდევნო თვეებიდან გამოიკვეთება, როდესაც ბაქოდან ევრო-5-ის შესაბამისი სტანდარტის საწვავის შემოტანა დაიწყება.
,,აზერბაიჯანული მედიასაშუალებები აქტიურად წერენ, რომ ქვეყანა საქართველოში ბენზინის ექსპორტს იწყებს. ცხადია, ეს იქნება ევრო-5-ის სტანდარტის საწვავი, რაც ქართული ბაზრისთვის სტაბილურობის ერთ-ერთ წყაროდ შეიძლება მივიჩნიოთ. გარკვეულწილად, ეს აისახება ფასზეც, ვინაიდან აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტი გაცილებით შეღავათიანად იქნება შესაძლებელი, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან. ტრანსპორტირტებაშიც არ წავა იმდენი ფული, რაც ზღვიდან გადმოზიდვასა და რუსეთიდან ან ბელარუსიდან ჩამოტანას სჭირდება. აშკარაა, რომ ლოგისტიკური დანახარჯი ნაკლები იქნება.
რაც შეეხება რუსულ ნავთობს, რუსეთიდან ,,იაფი" საწვავი გაუტოლდა ევროპულ პროდუქტს, თუმცა მაინც ცოტათი შეღავათიანი გამოდის ტრანსპორტირების გამო. რკინიგზით შემოტანილი გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ზღვიდან იმპორტის შემთხვევაშია.
როგორც ჩანს, სამომავლოდ აზერბაიჯანიდან არ მოგვაკლდება საწვავი. იგი ძალიან სტაბილური მომწოდებელია, არც ერთ პროდუქტზე დეფიციტი არ შეუქმნია საქართველოსთვის, აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანული საწვავის იმპორტიც უფრო სტაბილური და საიმედო იქნება", - აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა ,,რეზონანსთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ბაქოში, ჰეიდარ ალიევის სახელობის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც „სოკარი“ ფლობს, ივნისიდან ევრო-5-ის გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისად ბენზინის წარმოებას გეგმავს.
„2023 წლის მაისში ქარხანამ დაიწყო დიზელის საწვავის წარმოება ევრო-5 სტანდარტების მიხედვით, 2024 წლის ივნისში კი გეგმავს დაიწყოს საავტომობილო ბენზინის წარმოება ევრო-5 სტანდარტების მიხედვით“, - ითქვა რამდენიმე ხნის წინ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე