
პარლამენტმა „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს" საბოლოოდ მხარი დაუჭირა - 84 ხმით საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ახლა როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქართულ საზოგადოებაში განხილვის მთავარი თემაა - რა ახალი პოლიტიკური რეალობა დგება საქართველოსთვის 28 მაისის შემდეგ და ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ და კანონის მიღებით ჯერჯერობით საქართველოს საგარეო კურსს არაფერი ემუქრება და გადამწყვეტი ამ მხრივ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება.
მმართველმა პარტიამ, შარშანდელი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, წელს 3 აპრილს ხელახლა დააინიცირა ეს სადავო კანონპროექტი პარლამენტში და თითქმის ორთვიანი საყოველთაო დაძაბულობის, მასშტაბური აქციებისა და დასავლეთის ზეწოლის ფონზე, ამჯერად თავისი გაიტანა.
კანონპროექტის განხილვის პროცესში დასავლეთიდან ინტენსიურად კეთდებოდა განცხადებები, რომ მისი მიღება მნიშვნელოვნად დააზიანებდა საქართველოს ინტეგრაციას დასავლეთთან და განსაკუთრებით გააძნელებდა მასთან, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანასთან, უკვე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კანონის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში ოფიციალურად სანქციებიც კი დააანონსა. ევროკავშირი კი ივნისში გამართავს სამიტს, სადაც, სავარაუდოდ, საქართველოს ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების საპსაუხო ნაბიჯებზე იმსჯელებს.
რაც შეეხება საპროტესტო გამოსვლებს, მორიგი საპროტესტო აქცია პარლამენტთან სამშაბათსაც გაიმართა და გვიანობამდე გაგრძელდა. გაისმა მოწოდება, რომ არჩევნებამდე აქციები უწყვეტად გაიმართოს. თუმცა ანალიტიკოსებს ამის რეალურობაში ეჭვი ეპარებათ.
ამასთან, უკვე ისმის მკაცრი გზავნილები ევროკავშირის მხრიდან. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი განცხადებაში წერს, რომ: „ევროკავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაეძლია და უგულებელეყო ვენეციის კომისიის დეტალური იურიდიული არგუმენტები". ბორელი მოუწოდებს, საქართველოს ოფიციალურ პირებს, შეაბრუნონ ტრენდი და მყარად დაბრუნდნენ ევროკავშირისკენ გზაზე.
დაძაბული გაზაფხულის ქრონიკა
აღნიშნული კანონის პროექტი 2024 წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ ხელახლა დააინიცირა, რასაც მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. აქტივისტებმა მასობრივი მსვლელობა თბილისში პირველად 9 აპრილს მოაწყვეს. შემდეგ 15 აპრილის დილიდან პარლამენტის შენობასთან შეიკრობნენ, რათა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კანონპროექტის განხილვის დაწყება გაეპროტესტებინათ.
16 აპრილს პარლამენტის შენობის მიღმა ვითარება სპეცრაზმსა და მოქალაქეებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა, შედეგად რამდენიმე პირი დააკავეს.
კანონის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა 17 აპრილსაც. ამ დღეს პარლამენტმა კანონპროექტი 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო.
ამის შმედეგ იყო ორი მასშტაბური აქცია. 28 აპრილს დედაქალაქის ცენტრი კანონის მოწინააღმდეგეებმა გაავსეს, 29 აპრილს კი - მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა, რომელთა შორისაც რეგიონებიდან ჩამოყვანილი მოქალაქეები სჭარბობდნენ.
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით კანონი 1-ლ მაისს 83 ხმით, 23-ის წინააღმდეგ მიიღო. მუხლობრივი განხილვა მწვავე კამათით და გარე პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.
6 მაისს იყო ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო აღდგომა თბილისისათვის, როდესაც კანონის მოწინააღმდეგეებმა ღამე პარლამენტთან გაათენეს.
ამას მოყვა 11 მაისს კანონის მოწინააღმდეგეთა ასევე მასშტაბური შეკრება რიყეზე, რომელიც, ზოგიერთი წყაროს შეფასებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ხალხმრავალი იყო.
საკანონმდებლო ორგანომ „გამჭვვირვალობის კანონის" საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების სავარაუდო თარიღად 17 მაისი განსაზღვრა, თუმცა „ოცნებამ" პროცესი დააჩქარა. მიზეზი ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული დაანონსებული მსვლელობა გახდა. კანონი პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. მას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, 30 - წინააღმდეგი იყო. კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა რამდენიმე წამს გაგრძელდა, რის შემდეგაც ის კენჭისყრაზე დააყენეს. შენობის გარეთ კი მწვავე პროტესტი მიმდინარეობდა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბოლომდე არ გამოიყენა კანონით განსაზღვრული 2-კვირიანი ვადა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო უკვე 18 მაისს დაადო. ამასთან, პრეზიდენტმა კანონში მხოლოდ ერთი მუხლის ჩამატება მოითხოვა - რომ კანონს ძალაში შესვლიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში ემოქმედა და შემდეგ გაუქმებულიყო.
მმართველი პარტია პრეზიდენტს აკრიტიკებდა იმის გამო, რომ მან პრაქტიკულად არ დაურთო თავის ვეტოს მოტივირებული შენიშვნები, რომელიც დატოვებდა სივრცეს შემდგომი მსჯელობისა და კანონის კორექტირებისათვის. ამასთან, „ოცნებაში" აცხადებდნენ, რომ დაელოდებოდნენ ვენეციის კომისიის სამართლებრივ შეფასებას კანონთან დაკავშირებით და მზად იყვნენ მათი შენიშვნები „ვეტოს პროცედურის ფარგლებში" გაეთვალისწინებინათ კიდეც. თუმცა, „ოცნებისათვის" არც კომისიის დასკვნა აღმოჩნდა მისაღები, რადგან იგი კანონის ამ ფორმით მიღეაბს დაუშვებლად მიიჩნევდა.
საბოლოოდ, მმართველმა პარტიან, ცხარე დებატებისა და დეპუტატებს შორის პერიოდული შეხლა-შემოხლოს ფონზე, ჯერ 27 მაისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაძლია ვეტო და შემდეგ, 28 მაისს, უკვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ახლა თუ პრეზიდენტი კანონს ისევ არ მოაწერს ხელს, მას 5 დღის ვადაში ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს ხელს და კანონიც საბოლოდ შევა ძალაში.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
რა შეიცვლება 28 მაისის მერე
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ „ოცნებას" ეს კანონი არჩევნების მოგებისთვის უნდოდა და უკუშედეგი მიიღო. მისივე შეფასებით, ამ კანონის მიღება მმართველ პარტიას „ძვირად დაუჯდება, როგორც შიდა, ისე საგარეო თვალსაზრისით."
„ქართულ ოცნებას" ამ კანონის მიღება იმისთვის უნდოდა, რომ არჩევნებში გაემარჯვა. მაგრამ სინამდვილაში ხვდებიან, რომ ეს ინიციატივა ძალიან ძვირად უჯდებათ. შესაძლოა კანონის ხელახალ ინიციატივას ნანობენ კიდეც, რადგან ამით ქართული საზოგადოების მობილიზაცია მოახდინეს.
„ახალგაზრდობამ მობილიზაცია გაუკეთა მშობლებს, ახლობლებს, მეგობრებს, ბებია-ბაბუებს. ამან გამოაფხიზლა ბიუროკრატიაც. შესაძლოა ისინი „ოცნების" გარკვეულ ინიციატივებს იწონებენ „ფეისბუქზე", მაგრამ მათ არ უნდათ რუსულ სახელმწიფოს ბიუროკრატებად იქცნენ. ამასთან, 17 მაისის მსვლელობაშიც სულ არ ჩანდა იმ ხალხში, რომ რუსეთი უნდათ. მეც იქ ვიყავი და 2-3 მღვდელი მოვიდა ჩემთან. ვისაუბრეთ და აშკარად ჩანდა, რომ ეს არ იყო 29 აპრილის ხალხი, ვინც ივანიშვილის მოსასმენად ძალით მოიყვანეს.
„მგონია, რომ „ოცნებამ" ბოთლიდან დიდი ჯინი გამოუშვა და უკან ვეღარ შეიყვანეს. დღეს არსებითად არაფერი მომხდარა, არსებითად მოხდება არჩევნების დღეს. ყველა უნდა მივხვდეთ რომ მორჩა, დასრულდა კანონის გარშემო იმედები. „ოცნება" იმაზე უარესი და უღირსი აღმოჩნდა, ყველაფერზე წავიდა და ყველამ არჩევნებისთვის უნდა დავიწყოთ მზადება. პოლიტიკური პარტიები მზადებაზე უნდა გადავიდნენ და ქუჩა ახალგაზრდებს დაუთმონ.
„ახლა პრეზიდენტის ქარტიაზე უნდა დაიწყონ მუშაობა - თუ როგორ დააჯერებენ ქართველ ამომრჩეველს, რომ „ოცნებას" ხმა არ უნდა მისცენ. ორი ამოცანა გვქონდა - კანონი და არჩევნები. კანონი დასრულდა და ბოლო გაჩერება ჯერ არ დამდგარა, არჩევნები დარჩა. ახლა მთავარია მოქალაქეებმა დაიჯერონ, რომ მათი ძალა არჩევნებშია. მოლდოვისა და სომხეთის მაგალითმა გვაჩევენა, რომ ოლიგარქებს ფული, მედია და ძალაუფლება მეტი ჰქონდათ, მაგრამ სანდუმ და ფაშინიანმა მაინც გაიმარჯვეს.
„საგარეო კურსს ჯერჯერობით არაფერი ემუქრება. თუ არჩევნების შემდეგ „ოცნებამ" გაიმარჯვა, მაშინ დაემუქრება. შეიძლება მერე შეცვალონ კონსტიტუცია და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება ამოიღონ, გაყალბებაზე წავლენ, რისი ყველაზე მაღალი გარანტორიც (არჩევნებზე) არმისული ხალხია, ამიტომ ბევრი უნდა მივიდეს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ როგორც კენჭისყრით შედეგით ჩანს, „ოცნება" „გაქცევაზე" არ ფიქრობს. ამასთან, მისივე აზრით, არადამაჯერებელია ის ბრალდება, რომ ამ კანონის მიღებით საგარეო კურსს რამე დაემუქრება.
„ვრცელდებოდა ასეთი ვერსია, რომ „ოცნებაში" დაფანტულობაა, ერთმანეთს არ ეკარებიან და ისე შეშინებული არიან, რომ უკვე გაქცევაზე ფიქრობენო. მაგრამ შედეგი ისევ 84 დეპუტატის მხარდაჭერაა და ამის ფონზე ეს ვერსია არადამაჯერებლად გამოიყურება. ესე იგი „ოცნება" შიშისგან დაშლის პირას დამდგარი არაა. არ ეტყობა ამ შედეგს გაქცევაზე ფიქრი.
„ვნახოთ დასავლეთი რა რეაქციას მისცემს. ბორელმაც თქვა, რომ ვეტოს დაძლევის მერე მოვიფიქრებთ უფრო კონკრეტულად რა ვქნათო. არ ვიცი შემდეგ შეკრებებშიც ჩვენზე კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღება თუ არა, მაგრა, როგორც ამბობენ, ამ თავყრილობაშიდაც ერთიანი პოზიცია არ იყო.
„ჩემი აზრით, ბლეფია ის ბრალდება, რომ ამ კანონის მიღებით საგარეო კურსს რამე ემუქრება. ეს ემყარება იმ გარკვეულ პოლიტიკურ მოსაზრებებს, რომელიც ამ კანონის იქით მიდის. არიან ძალები, რომლებსაც ხელისუფლების შეცვლა სურთ. როცა შევარდნაძის ხელისუფლება სააკაშვილის ხელისუფლებით შეიცვალა, მაშინაც ერთ-ერთი მთავარი მოქმედი აშშ და რუსეთი იყო. ახლაც ანალოგიური მოვლენაა და ჩემი აზრით, იგივე ძალები მოქმედებენ.
„რაც შეეხება პროტესტს, არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ძნელია ამდენი ხანი ახალგაზრდები ერთ ადგილას დაიკავო, თან ქუჩაში. პარტიებს კი სხვა რესურსი ამ პროცესთან მიმართებაში არ აქვთ, გარდა ამ ახალგაზრდებისა. ვნახოთ პარტიებს რა ექნებათ საჩვენებელი, მაგრამ რაღაც არადამაჯერებელია პარტიებმა საპროტესტო აქცია მოახერხონ დიდი მასშტაბით, აქამდე ვერ ახერხებდნენ", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



