ელზა პაპოშვილი
(28.05.2024)

ქვეყანაში „გამჭვირავლობის კანონის“ გარშემო დაპირისპირების ფონზე, პოლიტიკური რეიტინგები დიდი ალბათობით იცვლება და ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს,  ამ ფონზე წინასაარჩევნოდ საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება მოახერხოს. თუმცა რას იზამს „ოცნების“ პროდასავლელი ამომრჩეველი, როცა კანონი უკვე მიღებულია და მის წინააღმდეგ დასავლეთიდან კრიტიკა არ წყდება?

ამაზე ჯერ კვლევები არ ჩატარებულა და არავინ იცის ამ თვენახევრიანი დაპირისპირების ფონზე ვინ მოიგო და ვინ წააგო. თუმცა ფაქტი, რომ ორივე მხარე ქუჩაში გამოსული მხარდამჭერების რაოდენობით ზომავს რეიტინგს და ერთმანეთის აქციებს ატოლებენ. 

ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ მმართველ გუნდს პროდასავლურად განწყობილი ეელექტორატი ამ კანონის მიღების გამო ნამდვილად შემოეცლება და ისინი არჩევნებზე, როგორც მინიმუმ, სახლში დარჩებიან. თუმცა, ოპოზიციურ ფლანგზე თუ არ მოხდა მნიშვნელოვანი გადალაგება და 3 პოლიტიკური ცენტრი მაინც არ შეიქმნა, მაშინ ოპოზიციასაც ცუდი სიტუაცია აქვს.

სად წავლენ „ოცნების“ პროდასავლელი მხარდამჭერები

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ამ კანონის მეორედ შემოტანით სერიოზულ რისკზე წავიდა როგორც ქვყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. ამის შედეგი კი არჩევნებზე გამოჩნდება. მისი აზრით, „ოცნებამ“ დაკარგა პროდასავლურად განწყობილი ამომრჩეველი. ამიტომ ზუსტად რთულია იმის განსაზღვრა, აიღებს თუ არა ოქტომბრის არჩევნებზე უმრავლესობას. 

„ეს თავის დამშვიდება („ოცნების“ მხრიდან), რომ 60%-ს ვიღებთ, აბსურდია. თუ მითუმეტეს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ახალი გადაჯგუფება წავიდა და სამი პოლიტიკური ცენტრი მაინც თუ ჩამოყალიბდა, სიტუაცია „ოცნებას“ იმაზე ცუდად ექნება, ვიდრე წარმოუდგენია. 

„არავინ იცის ამ ხალხის ეს გაბრაზება რა სახით გამოვლინდება. ფაქტია, რომ „ოცნებამ“ პროდასავლურად განწყობილი ელექტორატის დიდი  ნაწილი დაკარგა. თუ რომელიმე მათგანს არ სჯეროდა, რომ ისინი კურსს ცვლიდნენ, ახლა ამ კანონის მიღების შემდეგ მათაც დაიჯერეს. ამიტომ სიტუაცია არჩევნებისთვის ძალიან მძიმე იქნება. 

„ამიტომ მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ სამ ძლიერ პოლიტკურ ცენტრად მაინც ჩამოყალიბდნენ, რადგან პროდასავლური გემოვნების მქონე ეს ამომრჩეველი „ნაციონალების“ გარდა სხვა ოპოზიციური ფლანგისკენ გაიხედავს. მე ველი, რომ სიტუაცია „ოცნებისთვის“ არჩევნებისთვის ცუდად წარიმართება“, - ამბობს ძაბირაძე. 

იმ ფაქტს, რომ აქციის მონაწილეების მხოლოდ კანონის მიღებას აპროტესტებდნენ და არ ითხოვდნენ ხელისუფლების გადადგომას, იგი დადებითად აფასებს. მიიჩნევს, რომ სჯობს აქციები იყოს მშვიდობიანი, რათა „ოცნებამ“ მათი დისკრედიტაცია არ მოახდინოს და თუ ევროპისკენ სვლა გვინდა, მაშინ მხოლოდ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. 

„სიტუაცია არის ასეთი - მოსახლეობას, გვინდა თუ არა, „ნაციონალების“ დაბრუნების ეშინია. უმეტესობა ამის გამო არ დგება აქციებზე. ეს შიში არსებობს და არც ოპოზიცია არ ელაპარაკება ხალხს. დასავლეთში მხარდაჭერის ძებნის ნაცვლად სჯობს ხალხში ეძებონ მხარდაჭერა. თქვან  რას და როგორ აპირებენ, თუ ხელისუფლებაში მოვლენ. 

„კარგია  პრეზიდენტის ინიციატივა, მაგრამ ბევრი ხარვეზებია იქ - საუბარი ე.წ. ტექნიკურ მთავრობაზე, ვინ იქნება ამ მთავრობაში და ა.შ., არის ბუნდვანი. ამიტომ ამ ოპოზიციურად განწყობილ ხალხსაც არ აქვს ოპოზიციის ნდობა. ამტომაც არის ეს დამოკიდებულება, რომ აქციებზე პოლიტიკოსების გამოსვლა არ სიამოვნებთ. კარგია, თავი შორს უნდა დაიჭირონ, მაგრამ არჩევნებისთვის უნდა მოემზადონ“, - ამბობს ძაბირაძე. 

რა მოიგო ოპოზიციამ

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძეც მიიჩნევს, რომ „ოცნებამ“ ამ კანონის შემობრუნებით პროდასავლური ელექტორატი ნამდვილად დაკარგა. თუმცა მოსახლეობის დიდ ნაწილში ოპოზიციის მიმართაც არ არის ნდობა და ისინი არც ქუჩაში გამოსულ ახალგაზრდებში სარგებლობენ ავტორიტეტით. 

„ძალიან ბევრი გარემოება არსებობს, თუ რატომ არ ითხოვს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი ხელისუფლების გადადგომას. პირველ რიგში იმიტომ, რომ ვერ ხედავენ ოპოზიციაში ახალ სახეებს, ლიდერებს, რომლებსაც ხალხი გაჰყვება. მართალია, ახალგაზრდებმა მათი წარსული არ იციან, მაგრამ ხედავენ რის გამკეთებლებიც არიან. ამიტომ ეს შიში და გაუცხოვება პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას შორის აშკარად ჩანს. 

„მეორეს მხრივ კი, მიუხედავად იმისა, რომ „ოცნება“ ასეთ წნეხშია ქვეყნის შიგნიდან და გარედან, მან თავისი მაინც გაიტანა. ამან კი მისი ამომრჩევლის კონსოლიდაციაც მოახდინა. დასავლეთიდან ეს მითითებები იმდენად შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, რომ ხელისუფლების მიმართ თანაგრძნობა გააჩინა. თუმცა, ნამდვილად დაკარგავდა პროდასავლური ამომრჩევლის ნაწილს. ვფიქრობ ზოგი მათგანი არჩევნებზე საერთოდ არ წავა. საიდან აინაზღაურებს ამ რესურს, არ ვიცი. თუმცა ოპოზიციაც არ არის კარგ სიტუაციაში, რადგან მათი ელექტორატიც ჭრელია. ვერც ერთიანდებიან და  ცალცალკე ვინ რას წარმოადგენს, კი ვიცით“, - ამბობს მამრაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე